Accessibility links

​პარლამენტის სხდომების გაცდენის გაზრდილი მაჩვენებელი, არც ერთი სამთავრობო საათი საკანომდებლო ორგანოში, კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლილი შვიდი პლენარული სხდომა, ხუთჯერ მოთხოვნის მიუხედავად შეუმდგარი საგამოძიებო კომისიები და დეპუტატების ბიზნესაქტივები - ეს მხოლოდ ნაწილია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შენიშვნებისა, რომლებიც მათ მიერ მომზადებულ ანგარიშში მოხვდა.

ანგარიში 2015 წელს საქართველოს პარლამენტის მუშაობის მონიტორინგის შედეგებს მოიცავს და ის პარლამენტის დეპუტატებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლებმა 11 ივლისს გააცნეს.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა 2015 წლის განმავლობაში საპატიო მიზეზით პარლამენტის სხდომა 2 199-ჯერ გააცდინეს, აქედან ოჯახური მდგომარეობის მიზეზით - 1 442-ჯერ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, პარლამენტის მუშაობის მონიტორინგის შედეგად, დაადგინა, რომ ეს მაჩვენებელი, 2014 წელთან შედარებით, 65-ით არის გაზრდილი. საქართველოს პარლამენტის მუშაობაში არსებული ხარვეზების შესახებ დეტალური ინფორმაცია ანგარიშის ერთ-ერთმა ავტორმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლიკა საჯაიამ, დეპუტატებს 11 ივლისს გააცნო:

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაინც გაცდენათა ის საგანგაშო მაჩვენებელია, რომელიც 2015 წელს დაფიქსირდა - 2000-ზე მეტი გაცდენა. მნიშვნელოვანი პრობლემებია პარლამენტის მიერ საკონტროლო უფლებამოსილების განხორციელების მხრივ: 2015 წელს, უმცირესობის და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ დაყენებული 5 მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტში არც ერთხელ არ შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია და არ ჩატარებულა არც ერთი ე. წ. სამთავრობო საათი“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ სუსტი საპარლამენტო კონტროლის მაჩვენებელია ისიც, რომ პარლამენტი სათანადოდ არ განიხილავს მის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაინც გაცდენათა ის საგანგაშო მაჩვენებელია, რომელიც 2015 წელს დაფიქსირდა - 2000-ზე მეტი გაცდენა.

ანგარიშის ერთი ნაწილი დეპუტატების ბიზნესაქტივებს ეთმობა. როგორც ირკვევა, 29 პარლამენტარს აქვს თავისი ბიზნესი, ხოლო 24 დეპუტატის ოჯახის წევრი ან მართავს, ან ფლობს სხვადასხვა კომპანიას, თუმცა სამეწარმეო საქმიანობიდან არსებულ შემოსავალზე მხოლოდ პარლამენტის შვიდმა წევრმა მიუთითა. მათგან ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვთ კახა ოქრიაშვილს (დაახლოებით, 4,7 მილიონი ლარი), გოჩა ენუქიძეს (დაახლოებით, 4,5 მილიონი ლარი), სერგო ხაბულიანს (633 205 ლარი), გოგი თოფაძეს (611 052 ლარი), გიორგი კახიანს (44 500 ლარი), გიორგი ჟვანიას (25 000 ლარი) და ზაზა კედელაშვილს (16 586 ლარი). „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება აქვს ფლობდეს კომპანიის წილებს ან აქციებს, თუმცა მას სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალება.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 2015 წლის საგაზაფხულო, საშემოდგომო და რიგგარეშე სესიების პერიოდში პარლამენტმა მიიღო 490 კანონი, მათ შორის - 326 მთავრობის მიერ ინიცირებული, 1601 დადგენილება, რატიფიცირებულია 49 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება და კონვენცია. გასულ წელს პრეზიდენტმა ერთხელ გამოიყენა ვეტოს უფლება (ვეტო დაადო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებს). 2015 წელს პარლამენტში ჩატარდა 65 პლენარული სხდომა, მათ შორის -19 რიგგარეშე. კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა 7 სხდომა. 2015 წელს მივლინებებზე დაიხარჯა 1 513 385. 63 ლარი. მივლინებით სულ პარლამენტის 98 წევრმა ისარგებლა.

როგორ იმართლებენ თავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კრიტიკული შენიშვნებისგან თავად დეპუტატები? მაგალითად, გაცდენების ფაქტი ზოგიერთმა მათგანმა იმით ახსნა, რომ დეპუტატებს მუშაობა უწევთ როგორც ქუთაისის პარლამენტში, ისე თბილისის პარლამენტის ძველ შენობაში.

ეკა ბესელია

ეკა ბესელია

„განსაკუთრებით პრობლემებს გვიქმნის ორ ადგილას მომუშავე პარლამენტი. არ არის ადვილი, როდესაც ყოველ მეორე კვირას პარლამენტი გადაადგილდება ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში. თუმცა ისიც ფაქტია, რომ უმცირესობის წევრი დეპუტატები ძალიან ხშირად არასაპატიო მიზეზით აცდენენ სხდომებს და ჩვენი კომიტეტის სხდომებზეც მხოლოდ მაშინ მოდიოდნენ, როცა მათთვის საინტერესო თემას განვიხილავდით. ეს კი პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობის სისუსტეს უფრო უჩვენებს და ამ მხრივ გარკვეული ზომები პარლამენტმა მართლაც უნდა მიიღოს“, - განაცხადა 11 ივლისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. მანვე თქვა, რომ სამთავრობო საათის გამოუყენებლობის მიზეზი უმცირესობას უნდა მოვკითხოთ, რადგან ეს სწორედ მათი პრეროგატივაა, მოიწვიონ პარლამენტში მთავრობის წევრები.

ანგარიშს, დაახლოებით, ამავე პათოსით გამოეხმაურა ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ წევრი ანი მიროტაძეც. მისთვისაც დეპუტატთა დასწრების მაჩვენებელი პარლამენტის ქუთაისში არსებობის ფაქტს უკავშირდება:

„პარლამენტარების ჩართულობა და სხდომებზე დასწრება - ასევე, საკომიტეტო მოსმენებზე - მაღალი არ არის ხოლმე, თუმცა ამის მიზეზი ის გართულებული მოცემულობა მგონია, რაც დღეს არსებობს და ეს არის პარლამენტის არსებობა ქუთაისში“.

ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ პარლამენტში არიან დეპუტატები, რომელთათვისაც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ოთხი წლის განმავლობაში ორჯერ თუ მოუკრავს თვალი. ზურაბ ჯაფარიძის აზრით, ეს პარლამენტი ბოლომდე მთავრობის მორჩილი დარჩა და ყველა მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დაუჭირა მხარი, მაშინ როდესაც უმცირესობის თითქმის ყველა კანონპროექტი ჩააგდო:

„მე ძალიან მეეჭვება, რომ ისინი მაჟორიტარულ საქმიანობას ეწევიან და ამომრჩევლებთან შეხვედრებს ატარებენ. მგონი, მათი ნაწილი საერთოდ არ არის საქართველოში, თუმცა ამის გაკონტროლება არის საკმაოდ რთული, რადგან პარლამენტარის საქმიანობა მხოლოდ სესიაზე დასწრებით არ შემოიფარგლება. პრობლემაა ისიც, რომ პარლამენტარების დიდი ნაწილი არათუ არ დადის სხდომებზე, არამედ დადის, მაგრამ ისინი გინდა ყოფილან და გინდა არა, მიკროფონი არ ჩაურთავს არც ერთ მათგანს ამ ოთხი წლის განმავლობაში“.

გაცდენების ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტით ხსნის თავადაც „ნაციონალების“ წევრი ლევან თარხნიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ისინი მხოლოდ მოსახლეობისათვის საჭირბოროტო საკითხების განხილვისას ესწრებოდნენ სხდომებს. რაც შეეხება სამთავრობო საათის მოთხოვნას პარლამენტში:

„ჩვენ მუდამ ვცდილობდით მთავრობის კონტროლს, ვცდილობდით გვეიძულებინა მთავრობა, მოსულიყო პარლამენტში და ეპასუხა ჩვენი კითხვებისათვის, მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში მათი მხრიდან მხოლოდ იგნორირებას ვხედავდით“.

ვახტანგ ძაბირაძე

ვახტანგ ძაბირაძე

მერვე მოწვევის პარლამენტი სხვა, მანამდე არსებული, პარლამენტებისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. როგორც გაცდენების, ისე მთავრობის კონტროლის თვალსაზრისით, ჰგავს თავის წინამორბედებს, - მიიჩნევს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. მისი სიტყვებით, ეს ყველა მოწვევის პარლამენტის ერთგვარი სპეციფიკური სენია. მერვე მოწვევის პარლამენტმა, პოლიტოლოგის აზრით, ინერციით გააგრძელა წინა მოწვევის პარლამენტის გაცდენების ტრადიცია. რაც შეეხება მთავრობის კონტროლს, ამ მხრივ, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ვითარება ოდნავ სასიკეთოდ არის შეცვლილი:

„წინა მოწვევის პარლამენტში, ალბათ, გახსოვთ, რომ თუ მთავრობის წევრს დაიბარებდნენ, ის ან საერთოდ არ მიდიოდა პარლამენტში, ან, თუ მივიდოდა, იქით უტარებდა პარლამენტს ლექციას, თუ რა უნდა გაეკეთებინა მას. დღეს, მართალია, არასრულად, მაგრამ მაინც ეს ვითარება ოდნავ პოზიტივისკენ არის შეცვლილი - მთავრობის წევრები მოვალედ თვლიან თავს, რომ თუ ვერ მიდიან პარლამენტში, მეტ-ნაკლებად სერიოზული არგუმენტები მაინც გააჩნიათ, თუ რატომ ვერ მიდიან პარლამენტში“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ მოვალეობას და დაესწრონ პარლამენტის სხდომებს, ჩაატარონ სამთავრობო საათები, საკანონმდებლო პროცესში მეტად ჩართონ საზოგადოების წევრები და გაიზარდოს პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობა. ორგანიზაცია ასევე რეკომენდაციას აძლევს საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდეს ინფორმაცია როგორც დეპუტატების მივლინებების, ისე სხდომების გაცდენის მიზეზების შესახებ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG