Accessibility links

logo-print

საერთაშორისო ორგანიზაციები: უკრაინელი სეპარატისტების მიერ ჩვენი გაძევება „მიუღებელია“


პრორუსი სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში

პრორუსი სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები გამოდიან მწვავე კრიტიკით აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიმართ მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა მათი რეგიონიდან გაძევება გადაწყვიტეს. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო მეტად გაზრდის სამოქალაქო პირთა დაუცველობის ხარისხს, განსაკუთრებით, მოახლოებული ზამთრის ფონზე.

ჟენევაში განთავსებული ორგანიზაცია „ექიმები უსაზღვრებოდ“ ერთ-ერთია იმ 10 ჯგუფიდან, რომლებსაც ლუგანსკის პროვინციის ტერიტორიის ნაწილზე კონტროლის მქონე სეპარატისტები გაძევებას უპირებენ. ეს ორგანიზაცია ამ გადაწყვეტილებას მიუღებლად მიიჩნევს იმ მნიშვნელოვანი სამედიცინო და ჰუმანიტარული საჭიროებების ფონზე, რომელიც აქვს ლუგანსკში მიმდინარე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას.

გაეროს ჰუმანიტარული პროგრამების ხელმძღვანელმა და გადაუდებელი დახმარების მიწოდების კოორდინატორმა სტივენ ო’ბრაიანმა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ ლუგანსკში „დე ფაქტო“ ხელმძღვანელობამ გაეროს სააგენტოებს და რამდენიმე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას უბრძანა რეგიონის 26 სექტემბრამდე დატოვება.

ო’ბრაიენის თქმით, გაეროს ყველა სააგენტომ მუშაობა შეწყვიტა მეზობელი დონეცკის რეგიონის იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, სანამ დონეცკში დე ფაქტო ხელმძღვანელობა მიიღებდეს გადაწყვეტილებას გაეროს სამომავლო ოპერაციების შესახებ.

ო’ბრაიენის თქმით, საკვებით ყოველთვიური დახმარების გარეშე დარჩა 150,000-მდე ადამიანი. მისი ინფორმაციით, დახმარების მიწოდების შეწყვეტა ადამიანების სიცოცხლეს აგდებს საფრთხეში და, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, 3 მილიონამდე ადამიანის ყოფაზე აისახება მკვეთრად უარყოფითად.

ო’ბრაიენი ლუგანსკსა და დონეცკში სეპარატისტებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ აღადგინონ გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა.

ლუგანსკში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა 24 სექტემბერს განაცხადეს, რომ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე 10 დასავლურ ორგანიზაციას აუკრძალეს მუშაობა, რადგან მათ „უხეშად დაარღვიეს“ კანონები, რომლებსაც სეპარატისტები თავისად მიიჩნევენ.

„აკრედიტაციის თაობაზე 11 განაცხადი მივიღეთ. მათგან ათი სხვადასხვა მიზეზით უარყოფილ იქნაო“, წერს სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი, ვასილი ნიკიტინი, ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებაში.

ლუგანსკელმა სეპარატისტებმა მიმდინარე კვირაში ორგანიზაცია „ექიმები უსაზღვრებოდ“ დაადანაშაულეს „ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ შენახვაში“, რუსეთსა ან უკრაინაში აუცილებელი რეგისტრაციის გარეშე.

ორგანიზაციამ „ექიმები უსაზღვრებოდ“ ბრალდება უარყო და „ღრმად შემაშფოთებელი“ უწოდა იმ ფაქტს, რომ სეპარატისტთა ლიდერები მედიით მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ და ორგანიზაციაზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ ოფისში შეიარაღებული პირების მიგზავნით, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა.

კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელსაც ასევე არ მისცეს აკრედიტაცია, ჩეხეთში დაფუძნებული საერთაშორისო ჰუმანიტარული ჯგუფი, „ადამიანი გასაჭირშია“.ნიკიტინი ამ ჯგუფსაც სდებს ბრალს „წესების უხეშად დარღვევაში“.

ორგანიზაციის „ადამიანი გასაჭირში“ წარმომადგენელმა, ტომას კოჩიანმა რადიო თავისუფლებას 25 სექტემბერს უთხრა, რომ ორგანიზაციას არანაირი ოფიციალური შეტყობინება არ მიუღია და არ იცის, კონკრეტულად რას ედავებიან. მან დასძინა, რომ, სამწუხაროდ, ჯგუფს მოუწევს დატოვოს ლუგანსკი და დონეცკი, თუკი ამას აიძულებენ.

„ადამიანი გასაჭირში“ წამლების და სასმელი წყლის დარიგების პროცესში მონაწილეობს ორი პროვინციის მთელ ტერიტორიაზე - როგორც სეპარატისტების, ისე მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებზე. კოჩიანის თქმით, ორგანიზაციას სამშენებლო მასალებიც ჩააქვს ადგილზე კონფლიქტით დაზიანებული შენობების აღსადგენად. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს 2014 წლის აპრილის შემდეგ 7 900-ზე მეტი ადამიანიემსხვერპლა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG