Accessibility links

თბილისის იუსტიციის სახლში კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის წევრების კონსულტაციები ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებების საკითხზე. მოლაპარაკებების ძირითადი თემა იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, კერძოდ კი, ამ ორგანოში პარლამენტის მიერ ასარჩევი ექვსი წევრის შეყვანის პროცედურა. უმცირესობა პარლამენტის მიერ ექვსი წევრის შერჩევის პროცესში აქტიურ ჩართულობას ითხოვს.

თბილისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრაში, რომელიც თითქმის ორ საათს გაგრძელდა, საპარლამენტო უმცირესობიდან მხოლოდ დეპუტატი პავლე კუბლაშვილი მონაწილეობდა. კონსულტაციების დასრულების შემდეგ სწორედ მან განუმარტა მედიას, რომ საპარლამენტო უმცირესობა პოზიციებს არ ცვლის და კანონში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად ასახვას ითხოვს:

”ის ვარიანტი, რომელიც ორი მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ, აბსოლუტურად დაცილებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ვენეციის კომისია პირდაპირ მიუთითებს თავის დასკვნაში, რომ პარლამენტის მიერ ასარჩევი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შემთხვევაში ან უნდა იყოს მაღალი კვორუმი, რაც შეადგენს 2/3-ს , ან უნდა იყოს კვოტირება იმისათვის, რომ საპარლამენტო უმცირესობის მონაწილეობა იყოს ამ არჩევნებში არსებითი”.

უმრავლესობა, თავის მხრივ, დიალოგისთვის გახსნილია - აღნიშნავს, რომ ცვლილებები კანონში სწორედ ვენეციის კომისიის სულისკვეთების გათვალისწინებით გატარდება და მზადაა საპარლამენტო უმცირესობის ცალკეული პოზიციები გაიზიაროს. დეპუტატი ზვიად ძიძიგური აღნიშნავს, რომ წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობის პოზიციას მხოლოდ იმის გამო არ ითვალისწინებდა, რომ ის უმცირესობა იყო:

”ვნახავთ, რა არის შესაძლებელი, როგორი ტიპის კონსენსუსის მიღწევაა შესაძლებელი. ეს მოლაპარაკებების შედეგად გაირკვევა და ყველანი ვნახავთ ამ შედეგს. ერთს ცალსახად ვადასტურებთ, რომ ის ექვსი წევრი, რომლის დანიშვნის პრეროგატივა არის პარლამენტის კისერზე, იქნება დანიშნული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად”.
ბატონი კოტე კუბლაშვილი ბრიუსელში იმყოფება და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული სასამართლოს თავმჯდომარესა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არის ძალაში...


”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებების კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით უყარა კენჭი. მესამე მოსმენა 3 აპრილისთვის დაინიშნა. მანამდე, სავარაუდოდ, კონსულტაციები გაგრძელდება. კონსულტაციები წარმოებს არამარტო პარლამენტის წევრებს შორის.

”გუშინ შედგა სატელეფონო საუბარი კიდევ პრემიერ-მინისტრსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის. ბატონი კოტე კუბლაშვილი ბრიუსელში იმყოფება და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული სასამართლოს თავმჯდომარესა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, არის ძალაში და, შესაბამისად, იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების თუ იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებული ყველა ის საკითხი, რაც ეხება მოსამართლეთა კონფერენციას, დღეს არსებული წევრების უფლებამოსილების საკითხებს და ყველა სხვა თემას, ეს შეთანხმება ძალაშია”, - ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

სადავო დებულებებზე, მათ შორის, პარლამენტის წევრთა მიერ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრთა არჩევის საკითხზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კი პარლამენტი, პროცედურულად, სავარაუდოდ, კვლავ მეორე მოსმენას დაუბრუნდება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, ”საერთო სასამართლოების კანონში” შესატან ცვლილებათა პროექტის სადავო დებულებებზე უმრავლესობის მიერ უმცირესობასთან წარმოებული კონსულტაციები პოზიტიური ნაბიჯია და მას შედეგად სასამართლო რეფორმის სწრაფად დაწყება მოჰყვება, მაგრამ, მისი შეფასებით, გასათვალისწინებელია სხვა გარემოებაც:

ეკა გიგაური

ეკა გიგაური

”თუკი გარკვეულ შეთანხმებაზე არ წავა უმრავლესობა უმცირესობასთან, მაშინ ეს პროცესი გაიწელება. შესაძლებელია, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადოს ამ კანონს, შემდეგ ეს ვეტო უნდა გადაილახოს, რაც გადაილახება კიდეც, იმიტომ რომ რაოდენობა ჰყავს „ოცნებას“ საკმარისი პარლამენტში, და ამის შემდეგ შესაძლებელია კიდევ პრეზიდენტმა კანონით გათვალისწინებული სხვა ქმედებებიც განახორციელოს, რამაც შეიძლება შეაჩეროს თვითონ პროცესი და ეს ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც ყველა თანხმდება, რომ სასამართლოს რეფორმა არის აუცილებელი”.

სხვათა შორის, 27 მარტს, ანუ „საერთო სასამართლოების კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დაწყებული კონსულტაციების დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც, თავის მხრივ, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის თანამშრომლობის პრაქტიკულად პირველ პრეცედენტს წარმოადგენს.

„საერთო სასამართლოების კანონის“ ცვლილებების შესახებ თავიანთი პოზიციების დაახლოებას კი მხარეები მორიგ კონსულტაციაზე, სავარაუდოდ, 28 მარტს შეეცდებიან.
XS
SM
MD
LG