Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგადასახადო ცვლილებები ამოქმედდა


საგადასახადო სამსახური
საგადასახადო სამსახური

ავტორი: ირინა გურული

პირველი ივნისიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონი, რომელიც მოგების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

ამ ცვლილებების შესახებ ჩვენ ადრეც გვისაუბრია. ცვლილებების თანახმად, საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით; დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან.

საგადასახადო ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ერთგვარი საგადასახადო ამნისტია, რომლის თანახმადაც მოხდება 100 000-მდე გადამხდელს ჩამოეწერება უიმედო საგადასახადო დავალიანებები - 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებები და 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციები, ძირითადი თანხის გადახდის პირობით.

ერთი სიახლე კიდევ ისაა, რომ საგადასახადო კონტროლს განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო.

რაც შეეხება მოგების გადასახადის ამოქმედების საკითხს, ბიზნესთან შეთანხმებით, კანონის საფუძველზე, მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში შევა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან.

რამდენად და როგორ აისახება ეს ცვლილებები საგადასახადო შემოსავლებზე და საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის საკითხი იმოქმედებს თუ არა უარყოფითად კეთილსინდისიერი გადამხდელების განწყობაზე, ამას უახლოესი პერიოდი აჩვენებს. მანამდე კი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების ზრდის შესახებ. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის 5 თვეში საგადასახადო შემოსავლებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.3 %-ით გადააჭარბა. უწყების ინფორმაციით, 2016 წლის 5 თვეში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 3 408,9 მლნ ლარი, რაც წლიური გეგმის 39,3 %-ს შეადგენს და 261,6 მლნ ლარით (8,3 %-ით) აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვამ 3 834,4 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 37,8 %-ია და 247,4 მლნ ლარით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ეს ნიშნავს, რომ ყოველთვიურად ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტის 8 პროცენტზე ნაკლები აითვისა. ეს, რა თქმა უნდა, მეტია გასული წლის მაჩვენებელზე, თუმცა წელს, წინასაარჩევნო წელს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბიუჯეტო თანხების თანაბარი ხარჯვა, რათა წლის ბოლოს ბიუჯეტს კვლავ ტვირთად არ დააწვეს გასაწევი ხარჯი და ეს ლარზე კვლავ უარყოფითად არ აისახოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG