Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგადასახადო ცვლილებები, რომლებიც საქართველოს სჭირდება


გადასახადების ადმინისტრირების პროცესი, თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა.
გადასახადების ადმინისტრირების პროცესი, თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულია საგადასახადო კოდექსის ცვლილებები, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში დაბეგვრის ახალ წესებს ამკვიდრებს და ფინანსური ამნისტიის ელემენტებსაც შეიცავს. ექსპერტების აზრით კი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმირება ესაჭიროება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, საქმიანობის გარკვეული სფერო გათავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან. ეს ცვლილება შეეხება საექსპორტო პროდუქციისთვის განკუთვნილი ნედლეულის გადამუშავებას. ასევე, ჩამოიწერება ხანდაზმული დავალიანებები და ზოგიერთი შემთხვევა გადავადდება. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დეტალურად განმარტავს, თუ რა შემთხვევებზე გავრცელდება ეს ცვლილება:

”ბევრი სანქცია-საურავი, უბრალოდ, ავდექით და ჩამოვაწერეთ. მაგალითად: 2005 წლის პირველი იანვრის შემდეგ თუ კომპანიას არ უმუშავია, ჩვენ ბაზებში გვაქვს, რომ მას აქვს დავალიანება და ის ფიზიკურად არ არსებობს. მაგალითად, კოლმეურნეობები, რომლებსაც საგადასახადო დავალიანება აქვთ. ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ამიტომ ბაზებს გავასუფთავებთ და ომის შემდეგ, ანუ 2009 წლის 1 იანვრამდე, სანქცია-საურავებსაც. თუ საწარმოებმა ომის შემდეგ ვეღარ შეძლეს მუშაობა, მხოლოდ სანქცია-საურავებს ჩამოვაწერთ, რაც შესაძლებლობას მისცემთ მათ, რომ განაახლონ საქმიანობა”.

ნოდარ ხადურის ასეთ პოზიციას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. ”საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის რომან გოცირიძის აზრით, საკანონმდებლო ცვლილებით შერჩევითი ამნისტია განხორციელდება. იგი ფინანსთა სამინისტროს იმ ინიციატივასაც აკრიტიკებს, რომელიც შემოსავლების სამსახურს მოქალაქეთა საბანკო ინფორმაციაზე წვდომის უფლებას აძლევს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მთავრობამ საბანკო ინფორმაციაზე წვდომა შეიძლება არასასურველი პიროვნების წინააღმდეგ გამოიყენოს:

ეკონომიკური ისტორია და გამოცდილება ცხადყოფს, რომ მხოლოდ დაბალი გადასახადები არის სტიმული ეკონომიკური განვითარებისა, რაც თავისთავად ნიშნავს ეკონომიკურ წინსვლას, სტაბილურობას, კეთილდღეობას გრძელვადიან პერსპექტივაში...
ლევან კალანდაძე

„თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი. მთავრობა იგივე პოლიტიკური ორგანოა, რომელსაც ყოველთვის აქვს ცდუნება იმისა, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოიყენოს თავის სასარგებლოდ“.

რომან გოცირიძე და სხვა ეკონომისტებიც დაუშვებლად მიიჩნევენ საგადასახადო კოდექსის ძალით საქართველოს საბანკო სისტემის ნდობის შერყევას. ექსპერტების დიდი ნაწილი მთავრობას საგადასახადო რეფორმის სხვა კუთხით წარმართვას ურჩევს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სადისკუსიო მაგიდასთან ისაუბრა ლევან კალანდაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ ხელმძღვანელმა:

„ეკონომიკური ისტორია და გამოცდილება ცხადყოფს, რომ მხოლოდ დაბალი გადასახადები არის სტიმული ეკონომიკური განვითარებისა, რაც თავისთავად ნიშნავს ეკონომიკურ წინსვლას, სტაბილურობას, კეთილდღეობას გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ საბიუჯეტო ხარჯზე ბიზნესისა და ეკონომიკის კეთება უნდა იყოს მთავარი, რაც თავისთავად არასწორია. რაც უფრო დაბალი და ლიბერალურია გადასახადები, მით უფრო ძლიერია ბიზნესი. ჩვენ ესეც ვერ გავითავისეთ, რომ კეთილდღეობის შემქმნელი არის ბიზნესი და არა ხელისუფლება“.

პირველი, რომ ჩვენ ისევ გავაგრძელოთ გადასახადების დათქმული შემცირება. ცხადია, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი, როდესაც ინვესტორებმა საქართველოსკენ გამოიხედეს. მეორე, აუცილებლად გადავხედავდი საგადასახადო კანონმდებლობას...
გია ჯანდიერი

გადასახადების შემცირების პროცესი ბოლო ორი წელია შეჩერებულია და ეკონომისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ პროცესის გაგრძელება საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდიდა. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის აზრით, საჭიროა რამდენიმე საკითხი დაუყოვნებლივ მოწესრიგდეს:

„პირველი, რომ ჩვენ ისევ გავაგრძელოთ გადასახადების დათქმული შემცირება. ცხადია, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი, როდესაც ინვესტორებმა საქართველოსკენ გამოიხედეს. მეორე, აუცილებლად გადავხედავდი საგადასახადო კანონმდებლობას და ნებისმიერ კანონმდებლობას, ხომ არ აღვევს ის კონსტიტუციას. მე ვფიქრობ, რომ საგადასახადო კოდექსი არღვევს კონსტიტუციას, რომელიც სუსტია, მაგრამ მას მაინც შეუძლია გარკვეული პოზიციების დაცვა“.

გია ჯანდიერი კიდევ ერთ აუცილებლად გადასაწყვეტ საკითხად მიიჩნევს იმ საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერებას, რომელიც მოთხოვნილი არ არის ევროკავშირის მიერ. მას მიაჩნია, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ბიზნესს მაღალი აქტივობის გამოჩენა და, შესაბამისად, ეკონომიკის სწრაფი ზრდა გაუჭირდება.

თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა.
თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა.

ეკონომიკის გამოცოცხლებისა და ბიზნესისთვის საქმიანობის გაიოლების მიზნით, საგადასახადო კოდექსის ცვლილებების ინიციატივით გამოდის „პი-ემ-სი-ჯი“ ჯგუფი. ამ ორგანიზაციამ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის პროგრამის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მხარდაჭერით, განსაზღვრა საქართველოს საგადასახადო სისტემის ყველაზე პრობლემატური საკითხები. მათი უმრავლესობა საგადასახადო რეგულაციებს უკავშირდება, რომლებიც დამატებით ბარიერებს ქმნის ბიზნესის ცალკეული დარგებისთვის. პროექტის მიზნების შესახებ მისი ერთ-ერთი კონსულტანტი მაია დაიაური ამბობს:

„გარკვეული დებულებები დღემდე რჩება ბუნდოვანი, რაც იძლევა დებულებების ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას. არის კონცეფციები, რომლებიც საერთაშორისო პრაქტიკაში გათვალისწინებულია, ხოლო ჩვენთან არა. ასევე იყო მოთხოვნა, რომ საგადასახადო კოდექსი იყოს უფრო სამართლიანი. როდესაც ადამიანს მართლა სურს საგადასახადო კოდექის დაცვა, მას რაც შეიძლება უნდა გავუადვილოთ ეს“.

ამ და სხვა პრობლემათა ანალიზის შემდეგ „პი-ემ-სი-ჯი“ ჯგუფმა მოამზადა საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პროექტი, რომლის უმეტესი ნაწილი დამატებითი ღირებულების, საშემოსავლო და მოგების გადასახადების რეფორმირებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG