Accessibility links

logo-print

საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტმა, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში 2014 წლის სექტემბერში დაიწყო, საზოგადოების ინტერესი და გარკვეული კითხვებიც გამოიწვია. განსაკუთრებით ბევრი კითხვა გაჩნდა პაკეტში არსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც საგადასახადო სამსახურისთვის კონფიდენციალურ საბანკო ინფორმაციაზე წვდომის უფლების მინიჭებას გულისხმობს.

ცვლილებების თანახმად, საგადასახადო ორგანოს ბანკიდან პირის კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვა, სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, შეეძლება გადასახადების ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად და ასევე უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე. კომერციული ბანკების შესახებ კანონის თანახმად, დღეს მსგავსი ინფორმაცია შეიძლება მიეცეს გარიგების მონაწილე მხარეებს, ანგარიშების მფლობელებს ან მათ წარმომადგენლებს, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ასევე სააღსრულებო წარმოების პროცესში აღმასრულებელ პირებს. ოპონენტები ახალ ცვლილებაში საფინანსო ზეწოლის გაძლიერების სურვილს ხედავენ, ინიციატორის განმარტებით კი, საგადასახადო სამსახურისთვის ახალი უფლების მინიჭება არსებული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრას მოემსახურება.

გარდა ამისა, პარლამენტში განსახილველი საკანონმდებლო პაკეტი ასევე გულისხმობს ერთგვარ ამნისტიასაც, რომელსაც ასე არ ჰქვია, თუმცა გადასახადების ჩამოწერას კი გულისხმობს. კერძოდ, ჩამოწერას ექვემდებარება 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანება; 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2009 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით; ორივე შემთხვევაში აუცილებელი პირობაა, რომ პირს შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდებოდეს. ასევე ჩამოიწერება საკონტროლო სალარო-აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული - დარიცხული და გადაუხდელი - ჯარიმა, რაც მცირე მეწარმეებისთვის, მართლაც, მნიშვნელოვანი შეღავათი შეიძლება იყოს.

გარდა ამისა, საგადასახადო ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი არსი, ალბათ, ისაა, რომ შიდა გადამუშავებაში მოქცეული საქონლის გადამუშავებისთვის გაწეული მომსახურება თავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან.
ასევე საინტერესოა, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდა გადავადდება მათთვის, ვისი საგადასახადო დავალიანების თანხა არ აღემატება 5 ათას ლარს. ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენის გარეშე შეძლებს საგადასახადო დავალიანების გადავადებას ერთი წლით. შედეგად, მცირე ბიზნესი შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას და საწარმოს განვითარებას. მარტივდება ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მექანიზმებიც, რამაც, ინიციატორის აზრით, ტურიზმის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. ყველა ეს ცვლილება, იდეაში, საგადასახადო წნეხის შემსუბუქებისკენ არის მიმართული და ამიტომ მათ საზოგადოებაში საკმაოდ დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა.

ცვლილებები ასევე გულისხმობს ფინანსთა მინისტრისთვის საჯარო გადაწყვეტილების გამოცემის უფლებამოსილების მინიჭებას, რაც, ფინანსთა სამინისტროს აზრით, საჯარო გადაწყვეტილების ინსტიტუტის რეალურად ამოქმედებას, ბიზნესისათვის საგადახადო კანონმდებლობის სადავო ნორმებზე ფინანსთა სამინისტროს პოზიციის წინასწარ გაცნობას მოემსახურება და საგადასახადო დავების რისკებს შეამცირებს.

კითხვები, ინფორმაციაზე წვდომის გარდა, გაჩნდა ასევე იმის თაობაზე, თუ რატომ შეირჩა გადასახადების ჩამოწერის თარიღებად 2005 და 2009 წლები, რატომ არსებობს დათქმა იმის შესახებ, რომ ისინი ამ თარიღების შემდეგ არ უნდა ფუნქციონირებდნენ და ა.შ. ცხადია, ყველა კითხვას პასუხს თავად ინიციატორები, უფრო მეტად კი იმ კომპანიების ჩამონათვალი გასცემს, რომელთაც საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებები რეალურად შეეხებათ.

XS
SM
MD
LG