Accessibility links

შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია გახმაურებულ საქმეებზე


საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

11 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს გახმაურებული საქმეების შესასწავლად საგამოძიებო კომისია შექმნას. მათი განცხადებით, მიუხედავად საზოგადოების დიდი ინტერესისა, ამ საქმეებზე დღემდე არ ჩატარებულა ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება არც ძველი და არც ახალი ხელისუფლების პირობებში. რა დაევალება საგამოძიებო კომისიას და რას ფიქრობენ კომისიის შექმნის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები?

ვაზაგაშვილის საქმე, რობაქიძის საქმე, გამცემლიძის საქმე, ფოტორეპორტიორების საქმე, რაფალიანცის საქმე - ეს იმ გახმაურებული საქმეების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც იკვეთება სამართალდამცავთა მხრიდან ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევები. ასე ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ამ და სხვა გახმაურებული საქმეების შესასწავლად და ობიექტურად გამოსაძიებლად დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვენ. განცხადებას საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

„ხელისუფლებამ, რომელიც 2012 წელს მოვიდა და ადამიანებმა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ე. წ. მაღალი ინტერესის მქონე საქმეებს დროულად გამოიძიებდნენ, ხალხს იმედები გაუცრუეს“, - მიაჩნია ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელს ზაზა ხატიაშვილს. მისი სიტყვებით, რამდენიმე დღის წინ შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქება იყო ბოლო წვეთი, რომელმაც ადამიანების მოთმინების ფიალა აავსო.

ბევრმა ადამიანმა, ვისაც შვილი მოუკლეს ძირითადად სპეცოპერაციების დროს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როდესაც პროკურატურაში განახლდა მათი საქმეების გამოძიება, ადვოკატიც კი არ დაიქირავა, ისეთი ნდობა ჰქონდათ პროკურატურისა...

„გვატყუებენ, აი, ერთ თვეში გაიხსნება საქმე, ორ თვეში. გვატყუებენ. ფაქტია, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ხალხი ჩვენ გვატყუებდა. მე არ დავაკონკრეტებ, რომელი საქმე უფრო მნიშვნელოვანია. ვაზაგაშვილები, რობაქიძე, გამცემლიძე, ბარბარე რაფალიანცი და კიდევ არაერთი საქმე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში, ბოლოს და ბოლოს, იყოს ერთიანი მიდგომა ყველა იმ საქმესთან მიმართებაში, სადაც იკვეთება ხელისუფლების, სამართალდამცავების ინტერესები“, - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი გახმაურებული საქმეების ობიექტურად გამოძიების აუცილებლობაზე საუბრისას ერთ ყურადსაღებ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას - საქმე ეხება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურის მიმართ გაზრდილ ნდობას, რომელიც, მისი თქმით, საზოგადოებამ დღეს უკვე დაკარგა:

„ბევრმა ადამიანმა, ვისაც შვილი მოუკლეს ძირითადად სპეცოპერაციების დროს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როდესაც პროკურატურაში განახლდა მათი საქმეების გამოძიება, ადვოკატიც კი არ დაიქირავა, ისეთი ნდობა ჰქონდათ პროკურატურისა. ეს, ვფიქრობ, რომ არ არის უმნიშვნელო დეტალი და ამ ადამიანების მაღალ ნდობაზე მიუთითებს, რომლის კიდევ ერთხელ არგამართლების უფლება ამ ხელისუფლებას არ აქვს“.

20 იანვარს შვილის საფლავზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებით იური ვაზაგაშვილის მოკვლა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომისა და ასევე პროკურატურიდან რამდენიმე თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის მიზეზი გახდა. როგორც მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რამდენიმე თანამშრომელმა, რომლებსაც გარკვეულწილად შემხებლობა ჰქონდა 2006 წელს ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის პირვანდელ გამოძიებაში სისხლის სამართლის საქმესთან, პირადი განცხადებით მიმართა მთავარ პროკურორს და გამოძიების დასრულებამდე სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. პროკურორების ამ გადაწყვეტილებას საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნის მომხრე კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნების“, ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია ასე ეხმაურება:

ამ კომისიის შექმნა შედის დღევანდელი მთავრობის ინტერესებში, ასევე დაზარალებულებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესებში და ასევე იმ პირების ინტერესებშიც, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ სისტემაში და შეიძლება ჰქონდათ ან არ ჰქონდათ კავშირი ამ საქმესთან...

„თვითონ ის ფაქტი, რომ პროკურორები გადადგნენ საკუთარი ნებით, ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული შეხება ამ საქმესთან და რომ არა ეს ტრაგიკული შემთხვევა, ალბათ, ეს ადამიანები კიდევ დარჩებოდნენ პროკურატურაში, ანუ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სისტემაში კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული ინტერესები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით“.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომიისის შექმნით გამოირიცხება ინტერესთა კონფლიქტის საკითხი რიგ საქმეებთან მიმართებაში, რადგან მათი უმეტესობა სწორედ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საპარლამენტო კომისიამ უნდა დაადგინოს, არის ის, თუ რატომ გაჭიანურდა გახმაურებული საქმეების გამოძიება, ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური:

„ამ კომისიის შექმნა შედის დღევანდელი მთავრობის ინტერესებში, ასევე დაზარალებულებისა და მათი ოჯახის წევრების ინტერესებში და ასევე იმ პირების ინტერესებშიც, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ სისტემაში და შეიძლება ჰქონდათ ან არ ჰქონდათ კავშირი ამ საქმესთან. ანუ ისიც უნდა დადგინდეს, ვის და რა დონის შემხებლობა ჰქონდა ამ საქმეებთან, რომ მათ მომავალში საზოგადოებამ კითხვები აღარ დაუსვას“.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ კომისიამ პერმანენტულად უნდა წარუდგინოს ხოლმე პარლამენტს და საზოგადოებას ანგარიში საქმეების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.

საერთო ჯამში, ვთანხმდებით, რომ ჩვენს ინტერესებში შედის, რომ პროცესის გამჭვირვალობით მივაღწიოთ მეტ ნდობას, მაგრამ, ალბათ, ფორმებზე უნდა ვიფიქროთ - რა ფორმით, რა სახით, რომელ საქმეებზე უნდა ვიმუშაოთ...

არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, გახმაურებული საქმეების თაობაზე საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს საპარლამენტო უმცირესობაც. დეპუტატი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ სამართალდამცველებზე სერიოზული ზედამხედველობა უნდა დაწესდეს, რაც სწორედ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ უნდა განახორციელოს. თუკი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები როგორც ხელისუფლების შეცვლამდე, ისე მას შემდეგ მომხდარი გახმაურებული საქმეების გამოძიებაზე ლაპარაკობენ, სერგო რატიანი განსაკუთრებულ აქცენტს 2012 წლის შემდეგ, ანუ ახალი ხელსუფლების მოსვლის შემდეგ, მომხდარი ფაქტების გამოძიებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც შეისწავლის არა მხოლოდ ვაზაგაშვილის საქმეს, არამედ მანამდე გამოუძიებელ საქმეებს, სადაც იკვეთება, რომ არის შეკვეთილი მკვლელობა ანდა ორგანიზებული დანაშაული, როგორებიცაა რაფალიანცის საქმე, ვაზაგაშვილის საქმე, თათუხაშვილის საქმე, კიწმარიშვილის საქმე და ა.შ.“, - ამბობს სერგო რატიანი.

„გახმაურებული საქმეების დროულად და ობიექტურად გამოძიება ხელისუფლების ინტერესებში შედის“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი, თუმცა, ამასთანავე, ის საგამოძიებო სპეციფიკის თავისებურებებზე საუბრობს და ამიტომ მიაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე მსჯელობის საგნად უნდა იქცეს.

„საერთო ჯამში, ვთანხმდებით, რომ ჩვენს ინტერესებში შედის, რომ პროცესის გამჭვირვალობით მივაღწიოთ მეტ ნდობას, მაგრამ, ალბათ, ფორმებზე უნდა ვიფიქროთ - რა ფორმით, რა სახით, რომელ საქმეებზე უნდა ვიმუშაოთ. პირადად მზად ვარ, უმრავლესობასთან ერთად მოვისმინო არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათ მონიტორინგის განხორციელება. ამასთანავე, ვითვალისწინებ გამოძიების პროცესის სპეციფიკას და ვითვალისწინებ იმ გარემოებას, რომ საერთო ინტერესი უნდა იყოს, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და არ იყოს ხელისშემშლელი ფაქტორები“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

XS
SM
MD
LG