Accessibility links

კორუფციის ბრალდებით დაკავებული მაღალჩინოსნები საგარეჯოში


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შენობა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შენობა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე, რომელიც გასულ კვირას 6 პირთან ერთად დააკავეს, წინასწარი პატიმრობიდან 10 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. გიორგი ლოლაძემ ჩვენს სატელეფონო ზარს უპასუხა, თუმცა მომხდარზე საუბარი არ ისურვა.

შეკითხვა: ბატონო გიორგი, შეიძლება, რომ თქვენთან სატელეფონო კომენტარი ჩავწეროთ?

გიორგი ლოლაძე: არა, ვერ გავაკეთებ კომენტარს!

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი ლოლაძე და სხვა მაღალჩინოსნები სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და 80 ათასი ლარის მითვისების ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება საბავშვო ბაღების შენობების სარემონტო სამუშაოებისთვის გამოყოფილ 300 ათას ლარს. სამინისტროს საგამოძიებო უწყების პრესსამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, თანხის მითვისება სამუშაოების ხელოვნურად გაზრდის გზით მოხდა:

„სამუშაოების მოცულობა და ღირებულება ხელოვნურად იქნა გაზრდილი. ამის საფუძველზე დაკავებულების მიერ მითვისებული იქნა 80 ათასი ლარი“.

მაღალჩინოსნების დაკავებას საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი გამოეხმაურა. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ გამოძიება უნდა გაგრძელდეს, თუმცა წინასწარვე შეუძლია თქვას, რომ გამგებლისა და სხვა მაღალჩინოსნების უდანაშაულობაში დარწმუნებულია:

მე ამ ადამიანებს თავდებში ვუდგები. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება პოზიტიურად დასრულდება და არც ერთი ბრალდება არ დადასტურდება...
„მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ პროექტის ყველა დეტალის საქმის კურსში ვარ. მე ამ ადამიანებს თავდებში ვუდგები. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება პოზიტიურად დასრულდება და არც ერთი ბრალდება არ დადასტურდება. ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში თუ არსებობს კითხვები, მზად ვარ მეც დამკითხონ“.

საგარეჯოში მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტის შეფასებისგან თავს იკავებს ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს - საკრებულოს - თავმჯდომარე ილია ჭიაურელი. მოუხედავად ამისა, ის ამბობს, რომ მომხდარი მისთვის მოულოდნელი იყო:

„მე როგორც ვიცი, 5 ადამიანია დაკავებული მუნიციპალიტეტიდან. ამ ეტაპზე შეფასების გაკეთებისგან თავს შევიკავებ. გამოძიება მიდის და მისი დასრულების შემდეგ გვეცოდინება ყველაფერი“.

უკვე რამდენიმე ფაქტი მოხდა, როდესაც გამგებლები და რწმუნებულები დააკავეს კორუფციის ბრალდებით. კორუფცია საჯარო სამსახურებში, ალბათ, მუდმივად იქნება...
კორუფციის ბრალდებით ბოლო პერიოდში მაღალჩინოსნების დაკავებას არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ასოციაციაში“ დადებით შეფასებას აძლევენ. სამსახურის უფროსის გიორგი ბოკერიას თქმით, კარგია, როდესაც კონტროლის მექანიზმი არსებობს და მსგავსი ფაქტების გამოაშკარავება ხდება:

„პირველ რიგში, არ უნდა დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია. საბოლოო სიტყვას გამოძიება იტყვის. უკვე რამდენიმე ფაქტი მოხდა, როდესაც გამგებლები და რწმუნებულები დააკავეს კორუფციის ბრალდებით. კორუფცია საჯარო სამსახურებში, ალბათ, მუდმივად იქნება, თუმცა კარგია, რომ სახელმწიფო მანქანა, მესამე სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება მუშაობს და ადგილობრივი ხელმძღვანელობა კონტროლის ქვეშ ჰყავს“.

საგარეჯოში 80 თასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული 7 პირიდან 4 გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, ხოლო 3 წინასწარ პატიმრობაში რჩება. დაკავებულთა შორის არიან სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი ლოლაძეს, სასამართლო გადაწყვეტილებით, ამ დროისათვის შეჩერებული აქვს უფლებამოსილება.
XS
SM
MD
LG