Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პატრიოტთა ალიანსი“ საგარეჯოს არჩევნების შედეგებს შიმშილობით აპროტესტებს


„პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია
„პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია

შეიცვალოს საარჩევნო გარემო, გადადგნენ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები და პასუხი მოეთხოვოთ საარჩევნო კომისიების წევრებს - ამ სამი ძირითადი მოთხოვნით შიმშილობას განაგრძობს „პატრიოტთა ალიანსის“ლიდერი ირმა ინაშვილი და მისი ოთხი თანამებრძოლი. პროტესტის უკიდურეს ფორმას მათ მიმართეს 8 ნოემბერს ჩატარებული აქციის შემდეგ, რომელიც მიმდინარეობდა დევიზით „არა გაყალბებულ არჩევნებს“, და სახელმწიფო კანცელარიასთან დაბანაკდნენ. „პატრიოტთა ალიანსი“ აპროტესტებს საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგებს, არჩევნებისა, სადაც ირმა ინაშვილის მეტოქე „ქართული ოცნების“ კანდიდატი თამარ ხიდაშელი იყო.

„ჩვენ არავის მოვუწოდებთ შენობებში შეჭრისა და ხელისუფლების დამხობისაკენ, მაგრამ ვინაიდან სამართლებრივმა გზამ შედეგი არ მოგვცა, მივმართავთ პროტესტის მშვიდობიან ფორმას, შიმშილობას, და ველით ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა 10 ნოემბერს „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ის სახელმწიფო კანცელარიის წინ მიმდინარე შიმშილობის აქციიდან მივიდა. ინაშვილთან ერთად ამ ეტაპზე საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების გამო პარტიის კიდევ ოთხი ლიდერი შიმშილობს და მოითხოვს:

„გადააყენონ თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრები, რომლებიც უშუალოდ უწევდნენ ორგანიზებას საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, დაიკითხონ მოწმეები, საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებიც დამნაშავეებად აქცია წინა ხელისუფლებამაც და ამ ხელისუფლებამაც და ჩართული ჰყავთ დანაშაულებრივ პროცესში. გამოიძიონ ეს საქმეები და მეორე კომპონენტი: ხელისუფლება დღეს გვეუბნება, რომ 2020 წლისთვის შეცვლის თურმე საარჩევნო კანონმდებლობას. ჩვენ ამ 2020 წელს ვერ დაველოდებით. მოგვცეს დღესვე ხელისუფლებამ გარანტია, რომ დემკრატიული არჩევნები ჩატარდება 2016 წელს“.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ამბოს, რომ ხელისუფლებამ მათ დღესვე უნდა მისცეს იმის გარანტია, რომ 2016 წელს არჩევნები ისეთივე დარღვევებით არ წარიმართება, როგორც წარიმართა საგარეჯოში:

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

„რა ხდებოდა საგარეჯოში? ამომრჩევლის დატერორება და მოსყიდვა, „ზონდერჯგუფების“ გამოყენება, მთელი მთავრობა მონაწილეობდა საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდაში. როდესაც ჯანდაცვის მინისტრი ხვდება ექიმებს და განათლების მინისტრი პედაგოგებს და პირდაპირ მიუთითებენ, რომ ხმა უნდა მისცენ კონკრეტულ კანდიდატს და არა სხვას, ეს არ არის თანაბარი საარჩევნო პირობები და არანაირ კავშირში არ არის დემოკრატიულ არჩევნებთან. ნუ იფიქრებს დღევანდელი ხელისუფლება, რომ ჩვენ დავიღლებით და საკაცეებით გაგვიტანენ ან კანცელარიის წინამდებარე სივრციდან, ან პარლამენტის კიბეებიდან. ჩვენ გაგიტანთ თქვენ!“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი წევრი კი, ირაკლი საღლიანი, აცხადებს, რომ 8 ნოემბრის აქცია, დევიზით „არა გაყალბებულ არჩევნებს“, და ყველა სხვა მშვიდობიანი აქცია, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი“ მიმართავს, იმ მიზნით გაიმართება, რომ ხელისუფლებამ იგივე არ გაიმეოროს 2016 წლის არჩევნებზე:

„ქვეყანაში შიმშილობის ბევრი ტალღა გვახსოვს და კოლეგებს მივმართავ, იქნებ სათქმელი სხვა გზებით გამოხატონ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი"პატრიოტთა ალიანსის" მიერ დაწყებულ აქციას.

"თუკი წაგებული მხარე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მას უნდა მოვუსმინოთ, შევხედოთ, რა არგუმენტებია -ეს საკითხი საარჩევნო კომისიებმა და სასამართლოებმა უნდა განიხილონ. რომ ვთვლიდე, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ ამას თავად ვიტყოდი. შეიძლება არ მეშიმშილა, მაგრამ პოზიცია სხვანაირად გამომეხატა. დამკვირვებლები იმიტომ არსებობენ, რომ ასეთ დროს მათ თავისი აზრი თქვან და ჩვენც მათ უნდა დავუჯეროთ, ვიდრე მეტი ყურადღება გამარჯვებულ-დამარცხებული მხარეების კომენტარებს მივაქციოთ. ზოგადად, ვისურვებდი, რომ საქმე ასეთ პროტესტის ფორმებამდე არ მივიდეს. ვთხოვ კოლეგებს, იქნებ სხვა გზებითაც მოხერხდეს იმავეს თქმა და არა შიმშილობით, რომლის გამოცდილებაც გვაქვს და აღარ მინდა, რომ ეს გამოცდილება გაგრძელდეს. იქნებ პრობლემები სხვანაირად მოვაგვაროთ", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ზოგადად ყველა არჩევნებს ახასიათებს და არც ეს არჩევნები იყო გამონაკლისი, არის ის, რომ უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე დგანან გაურკვეველი სტატუსის პირები, რომლებიც ინიშნავენ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს...
ანა ნაცვლიშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ბრალდებები გაურკვეველია გარემოს დაცვის მინისტრისთვისაც. გიგლა აგულაშვილი ამ საკითხზე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა და ინაშვილის პარტიას მისი გადადგომის მოთხოვნის დასაყენებლად არავითარ მყარი არგუმენტი არ გააჩნია.

რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისეთებს, როგორიცაა „სამართლიანი არჩევნები“ და „საქართველოს ახალგაზრდა ასოციაცია“, მათ მიერ გავრცელებულ განცხადებებში ვკითხულობთ, რომ არჩევნებზე დაფიქსირდა „მცირე ხასიათის ტექნიკური და პროცედურული ხასიათის ხარვეზები, რაც არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა“, თუმცა საიას თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა, რადიო თავისუფლებას ის დარღვევები ჩამოუთვალა, რაც საარჩევნო უბნებზე საიას დამკვირვებლებმა აღნუსხეს:

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ზოგადად ყველა არჩევნებს ახასიათებს და არც ეს არჩევნები იყო გამონაკლისი, არის ის, რომ უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე დგანან გაურკვეველი სტატუსის პირები, რომლებიც ინიშნავენ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს. ჩვენთვის საკმაოდ შემაშფოთებელი იყო ის გარემოებაც, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველად დაფიქსირდა არჩევნების დროს ფიზიკური შეხლა-შემოხლისა და ძალადობის ინციდენტები“.

„პატრიოტთა ალიანსი“ კი მთავრობისგან რეაგირებას ელის. ირმა ინაშვილის გარდა, ამ ეტაპზე შიმშილობენ პარტიის სხვა ლიდერებიც, მათ შორის, ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, გიორგი ლომია და ლევან თედიაშვილი. თუმცა, როგორც 10 ნოემბერს ირმა ინაშვილმა განაცხადა, მალე მოშიმშილეებს კიდევ ოცი თანამოაზრე შეუერთდება, 11 ნოემბრიდან კი პარლამენტის წინ 200-მდე ადამიანი დაჯდება და, ინაშვილის თქმით, საგარეჯოში გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებს და ხელისუფლებისგან „პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნების შესრულებას მოითხოვს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG