Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გასხვისებული მიწები საგარეჯოში


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი იორმუღანლო, რომლის თემში 7 სოფელი შედის, ეთნიკური აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო აქ მიწათმოქმედება და მეცხოველეობაა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ სადაც ადამიანებს სახნავ-სათეს და საძოვარ მიწებს ართმევენ, იქ ხსენებული დარგებიც ვეღარ იარსებებს.

იორმუღანლოელები ამბობენ, რომ 5 000 ჰექტარი მიწა, რომელსაც სოფელი დანიშნულების მიხედვით იყენებდა, მათთან შეუთანხმებლად, საიჯარო ხელშეკრულების დარღვევით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების შუამდგომლობით, ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა:

„ერთ მშვენიერ დღეს თქვეს, რომ აუქციონი იყო დანიშნული, თუმცა როცა იქ მოსახლეობა მივიდა, გაარკვიეს, რომ მიწები სამი თვის გასხვისებული იყო“.

„მთელი მიწები გაყიდულია. ჩვენთან ქარხანა არ არის, სამუშაო ადგილი არ არის, არ გვაქვს ხელფასი, ამ პირობებში როგორ უნდა ვიცხოვროთ!?“

როგორც იორმუღანლოში გვითხრეს, სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობამ მიწებზე საიჯარო ხელშეკრულება 2006 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გააფორმა. ხელშეკრულება 10 წლის ვადით განისაზღვრა, თუმცა ის ვადის გასვლამდე დაირღვა და, მოიჯარეთა ინტერესების გაუთვალისწინებლად, მიწებს ახალი მფლობელი გამოუჩნდა.

ჩვენი უცხოელი უფროსი სოფლის მეურნეობაზე გადაგებულია. მოსახლეობა პრეტენზიებს ჩვენთანაც გამოთქვამს. ჩვენი ხელმძღავნელი კი ამბობს, რომ მას მიწა ნაყიდი აქვს და ისღა დარჩენია მოსავალი მოიყვანოს...
ილია ზავრაშვილი
ალი ალიევს საგარეჯოს ტერიტორიაზე, ხელშეკრულების მიხედვით, 75 ჰექტარი საძოვარი კატეგორიის მიწის ფართობი 2006 წლის 3 მაისს მიაკუთვნეს. სხვების მსგავსად, მუნიციპალიტეტმა მასაც 10 წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა. დადებული პირობის თანახმად, აღნიშნული მიწის გამოყენება მას კიდევ 3 წლის განმავლობაში შეეძლო, თუმცა, როგორც თავად ალიევი ამბობს, მის სარგებლობაში არსებული საძოვარი მიწა ამჟამად მოხნულია და მისთვის უცხო პიროვნება ამუშავებს:

„75 ჰა მიწა 2006 წლიდან იჯარით მქონდა აღებული. ახლა კიდევ ირანელი მოვიდა და მიწები მოხნა. თურმე მას შეუძენია“.

ჩვენ უცხოელი ინვესტორის, ირანული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქე ბიზნესმენის პოზიციითაც დავინტერესდით. იორმუღანლოს მიწების ახლანდელი მფლობელი შპს tr company-ს დამფუძნებელი და დირექტორი ტაიებ რაშიდმანეშია. მან ინტერვიუზე უარი განაცხადა, თუმცა კომენტარი კომპანიის ადგილობრივი ოფისის მენეჯერმა ილია ზავრაშვილმა გააკეთა.
ზავრაშვილის თქმით, რაშიდმანეშმა მიწები კანონიერად შეისყიდა და მოსახლეობას უფლება არ აქვს, მას საკუთრებაში შეეცილოს:

„ჩვენ მუშაობა უკვე დავიწყეთ - ჩითილი გამოგვყავს და შემდეგ უნდა გადავრგოთ. ჩვენი უცხოელი უფროსი სოფლის მეურნეობაზე გადაგებულია. მოსახლეობა პრეტენზიებს ჩვენთანაც გამოთქვამს. ჩვენი ხელმძღავნელი კი ამბობს, რომ მას მიწა ნაყიდი აქვს და ისღა დარჩენია მოსავალი მოიყვანოს“.

ეს საკითხი მთავრობის დონეზე წყდება. შეგიძლიათ ეკონომიკის სამინისტროს მიმართოთ. მე ვიცი, რომ სამართლიანად აქვს ნაყიდი...
გიორგი ლოლაძე
იორმუღანლოელებს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მიწების დაბრუნების იმედი გაუჩნდათ, თუმცა საგარეჯოს ახალი გამგებელი გიორგი ლოლაძე ამბობს, რომ მიწების ახლანდელი მესაკუთრე პატიოსანი მყიდველია და, არსებული კანონის ფარგლებში, სოფლის მოსახლეობისთვის მიწების დაბრუნება შეუძლებელია:

„ეს საკითხი მთავრობის დონეზე წყდება. შეგიძლიათ ეკონომიკის სამინისტროს მიმართოთ. მე ვიცი, რომ სამართლიანად აქვს ნაყიდი. ის ბიზნესმენი პატიოსანი მყიდველია“.

ვითარების გასარკვევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმდინარე წლის 20 მარტს წერილობით მივმართეთ და საიჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, მაგრამ პასუხი მთავარ შეკითხვაზე, თუ რატომ დაირღვა საიჯარო ხელშეკრულების პირობები, დღემდე ვერ მივიღეთ.

დაზარალებულები და სპეციალისტები ამბობენ, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან უცხოელი ინვესტორების საქართველოში შემოსვლას, მაგრამ, მათი თქმით, არ შეიძლება კანონიერებას უკანონობა ამტკიცებდეს.
  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG