Accessibility links

logo-print
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები შესაძლოა სამომავლოდ ქვეყნის კონსტიტუციაშიც აისახოს, თუმცა მანამდე საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობას საგარეო პოლიტიკური კურსის ურყეობის დადასტურებას ინტერფრაქციული შეთანხმების ფარგლებში სთავაზობს. რა არ აკმაყოფილებთ ”ქართული ოცნების” პოლიტიკურ ოპონენტებს 14-პუნქტიან დოკუმენტში და რას ფიქრობენ შეთანხმების აქცენტებზე ანალიტიკოსები?

შეთანხმების პროექტის მიხედვით, ”სახელმწიფო მართვის სისტემის მთავარი ამოცანაა ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”; ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს კი წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია - ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება. პროექტში შეერთებული შტატები მოხსენიებულია ”მთავარ მოკავშირედ” და ასევე ხაზგასმულია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობა თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და კასპიის რეგიონთან. შეთანხმებაში ასევე გამოკვეთილია საქართველოს ვალდებულება მსოფლიოს გამოწვევათა წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანის კუთხით და ნათქვამია, რომ საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანა უნდა განიხილებოდეს როგორც ”ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი”.

შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმების 14-პუნქტიანი პროექტიდან ყველაზე საკამათო მე-9 პუნქტი აღმოჩნდა, სადაც ვკითხულობთ: ”საქართველოს ინტერესებშია, რომ მისი ფაქტორი აღარ ფიგურირებდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, რომლის მიზანიც იქნება არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება, ქვეყნის დეოკუპაცია და სუვერენიტეტის დაცვა”.

ამ პუნქტში რუსეთთან პირისპირ დარჩენის საფრთხეს ხედავს საპარლამენტო უმცირესობა და იმის გამო, რომ ეს საფრთხე ოკუპაციის დაკანონების წინაპირობად განიხილება, შეთანხმების პროექტის მიმართ თავის სატელევიზიო კომენტარში მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს, მაგალითად, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე:
მე ვთვლი, რომ რაც უფრო კარგი და კონსტრუქციული იქნება (იდეალური არასოდეს იქნება, გარკვეული მიზეზების გამო) ურთიერთობები დასავლეთსა - კონკრეტულად, ამერიკასა - და რუსეთს შორის, ეს უფრო კარგი იქნება საქართველოსთვისაც...

”ეს ნიშნავს, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკების იმ ფორმას, რომელიც არსებობდა 2008 წლამდე - ჩვენ უნდა დავრჩეთ ერთი-ერთზე რუსეთთან და, ბუნებრივია, ეს ჩვენთვის არ იქნება მომგებიანი. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავს უარის თქმას აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონზე. ამაზე გვთხოვს ჩვენ ”ქართული ოცნება”, რომ დავეთანხმოთ და რაღაც კომენტარები გავუგზავნოთ. ამას არანაირი კომენტარები არ სჭირდება - ჩვენი პასუხი ამ შეთანხმებაზე არის - არა.”

3 კვირაზე მეტია, რაც საპარლამენტო უმცირესობა იგნორირებას უკეთებს შეთანხმების 14-პუნქტიან პროექტს. საუბარია ინტერფრაქციული დოკუმენტის პროექტზე, რომელიც მისმა ერთ-ერთმა თანაავტორმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ოპონენტებს ჯერ კიდევ 18 იანვარს მიაწოდა. როგორც მან 11 თებერვალს უთხრა რადიო თავისუფლებას, სადავო მე-9 პუნქტის ჩამოყალიბებისას გათვალისწინებული იყო საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ და ასევე გათვალისწინებული იყო საქართველოს პრობლემების უკეთ გადაჭრის შესაძლებლობაც:

”მე ვთვლი, რომ რაც უფრო კარგი და კონსტრუქციული იქნება (იდეალური არასოდეს იქნება, გარკვეული მიზეზების გამო) ურთიერთობები დასავლეთსა - კონკრეტულად, ამერიკასა - და რუსეთს შორის, ეს უფრო კარგი იქნება საქართველოსთვისაც. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნება ჩვენთან არსებული პრობლემების მოგვარება, გაუადვილდებათ ნაკლებად გაღიზიანებულ რუსებთან ჩვენს პრობლემებზე დალაპარაკება”.

თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ 14-პუნქტიანი პროექტი სრულიადაც არ არის დოგმატური, ეს ღია სამუშაო დოკუმენტია და, მეტიც, 1 თვის წინ ჩამოყალიბებულ პროექტში, ხელახალი წაკითხვისას როგორც აღმოაჩინა, თავად მასაც აღარ აკმაყოფილებს ზოგი რამ. რაღაცებს უფრო მარტივი ენით და მკაფიოდ დავწერდი, - უთხრა რადიო თავისუფლებას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ.

არასასურველი ინტერპრეტაციების თავიდან ასაშორებლად შეთანხმების პროექტის ტექსტი რომ დასახვეწია, ეს ცხადია „გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელ თენგიზ ფხალაძისთვისაც. დაწყებულ დისკუსიას ანალიტიკოსი მეტად პოზიტიურ ჭრილში განიხილავს:
ეს არის საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის საკითხები, კერძოდ, სამხედრო ბაზების არგანლაგებისა და ინტეგრაციულ პროცესებში არმონაწილეობის საკითხები...

”შეიძლება ფორმულირებები იყოს საკამათო, მაგრამ მე ასე მეჩვენება, რომ მხარეებს ერთი და იგივე მიზნები აქვთ, - უბრალოდ, ენაზე ვერ თანხმდებიან და ენაზე შეთანხმებას სჭირდება კონსტრუქციული დიალოგი”.

თენგიზ ფხალაძე ფიქრობს, რომ საგარეო პოლიტიკური კურსის ურყეობასთან დაკავშირებით უმთავრესი გადაწყვეტილება ხალხმა მიიღო და ეს ახალი ამბავი ნამდვილად არ არის; ხოლო ამ გადაწყვეტილების უმთავრესი გარანტია ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარება და დასავლური სტანდარტების ყოველდღიური დაცვა და განმტკიცება უნდა იყოს. „გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ საგარეო პოლიტიკური კურსის ურყეობის საკონსტიტუციო დონეზე გარანტირება ასევე ხალხის გადასაწყვეტია და ყოველივე საზოგადოების მიერ ფართო განხილვის შედეგად უნდა გადაწყდეს.

გარანტირების თვალსაზრისით, გარკვეული საკითხების კონსტიტუციაში ასახვას მაინც აუცილებლად მიიჩნევს ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია. ანალიტიკოსი ყურადღებას იმ აქცენტებზეც ამახვილებს, რაც ამ ეტაპზე 14-პუნქტიან შეთანხმებაშიც არ არის ასახული:

”ეს არის საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის საკითხები, კერძოდ, სამხედრო ბაზების არგანლაგებისა და ინტეგრაციულ პროცესებში არმონაწილეობის საკითხები, - ვგულისხმობ დსთ-სა და ევრაზიულ კავშირს. ეს საკითხები პრინციპულია, რომ დაფიქსირდეს კონსტიტუციის დონეზე, რადგანაც მათი შეუქცევადობა იქნება რეალურად ძალიან მაღალი. სხვა შემთხვევაში, დეკლარაციის პრობლემა არავის აქვს, მაგრამ დეკლარაციის შეცვლა ყოველთვის შეიძლება”.

საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციით გამყარება ბოლო პერიოდში საპარლამენტო უმცირესობამაც არაერთხელ მოითხოვა და ეს მოთხოვნა დასამტკიცებლად მომზადებული 2 საკონსტიტუციო ცვლილების საპირწონედაც კი წამოაყენა. მოსალოდნელობა იმისა, რომ ქვეყნის საგარეო კურსის სიმტკიცე სამომავლოდ შესაძლოა მართლაც კონსტიტუციაში და, კერძოდ, მის პრეამბულაში აისახოს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მინიშნების შემდეგ, 11 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმაც აღნიშნა. როგორც მან უთხრა ჟურნალისტებს, საკითხზე, სავარაუდოდ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იმუშავებს და ”თუკი ეს იქნება დასაბუთებული და ასევე საერთაშორისო ექსპერტების მიერ რეკომენდებული იდეა”, პროცესი შედეგიანად დასრულდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG