Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2013 წლის საგარეო პოლიტიკის მიმოხილვა


2013 წელს საქართველოს საგარეო პოლიტური ცხოვრების ძირითადი მოვლენები ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უკავშირდებოდა. განსაკუთრებული წარმატება გამოიკვეთა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, რამაც რუსეთის ფედერაციის ჩვეული გაღიზიანება და აგრესია გამოიწვია. მიუხედავად ამისა, საქართველო განაგრძობდა ურთიერთობათა დათბობის მცდელობას რუსეთთან, რომელსაც, პარალელურად, აგვისტოს ომის შემდეგ დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს შეახსენებდა და სამშვიდობო ვალდებულების აღებისკენ მოუწოდებდა.

2013 წლის მთავარი მოვლენა ევროკავშირთან დაახლოებას უკავშირდება. ნოემბრის ბოლოს, ვილნიუსის სამიტზე, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ შეაფასა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული 6 ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდავეთისა და ბელორუსიის - ძალისხმევა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს და დაიმკვიდროს რეალური ადგილი ევროპულ ოჯახში. შეფასებისას და სამომავლო გეგმების დასახვისას ევროკავშირი, წინა წლების მსგავსად, 2013 წელსაც ხელმძღვანელობდა პრინციპით ”მეტი მეტის სანაცვლოდ” და, ამ პრინციპის თანახმად, ყველაზე უკეთ აქვთ საქმე საქართველოსა და მოლდავეთს, რომლებმაც ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოახდინეს. ოფიციალური ცერემონია 29 ნოემბერს შედგა - 1000-გვერდიანი დოკუმენტის პარაფირება მოახდინეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონმა.

აქვე განვმარტოთ, რომ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება შედგება რამდენიმე ნაწილისგან. ის იწყება პრეამბულით, რომელშიც ზოგადად არის ასახული მნიშვნელოვანი პრინციპები და თემები; შემდეგ მოდის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების სეგმენტი, რომელსაც მოსდევს იუსტიციის, სამართლისა და თავისუფლებების ნაწილი. მეოთხეა სექტორალური თანამშრომლობის ნაწილი, რომელიც მოიცავს 27 სხვადასხვა სფეროს, ხოლო მეხუთე ნაწილს წარმოადგენს შეთანხმება ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. სავაჭრო სეგმენტის პარაფირება 29 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარელ დე ჰუხტმა მოახდინეს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტზე მოლაპარაკებები საქართველოს ჰქონდა (DCFTA) 2011 წლის დეკემბერში. ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელთა მისიამ 2013 წლის შემოდგომაზე მეტად დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობას განაგრძობს და იმედოვნებს, რომ 2014 წლის გაზაფხულზე შესაძლებლობა იქნება ორფაზიანი გეგმის საკანონმდებლო ფაზიდან იმპლიმენტაციის ფაზაზე გადასვლა, რამაც, საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს უვიზო მიმოსვლამდე ევროკავშირის ქვეყნებში. საქართველომ ასევე 2013 წელს მოაწერა ხელი ჩარჩო შეთანხმებას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე. ქვეყანამ უკვე მიიღო მიპატიჟება ევროკავშირის ეგიდით რამდენიმე მისიაში მონაწილეობისთვის.

”ჩვენ საზიარო გვაქვს კულტურა. ჩვენ საზიარო გვაქვს ფასეულობები. მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელებთ დემოკრატიის მხარდაჭერას და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემას”, - განაცხადა ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მოლდავეთისა და საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან დაახლოების სურვილისთვის და ასევე აღნიშნა, რომ ეს დაახლოება აუცილებლად მოუტანს სარგებელს მასში ჩართულ მხარეებს:

”ამ შეთანხმებით ევროკავშირი, საქართველო და მოლდავეთი და მათი მოქალაქეები უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს მთელი რიგი მიმართულებებით. ეს არის: საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი თუ განათლება. ეს გააფართოებს სტაბილურობისა და კეთილდღეობის სივრცეს კონტინენტზე, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ საუკეთესოდ გამოვიყენოთ ჩვენი ერთობლივი პოტენციალი. ეს ასევე განამტკიცებს საერთო ღირებულებებს, რაზეც ჩვენი ურთიერთობაა დაფუძნებული და, იმედია, შეიტანს წვლილს თქვენს ქვეყნებში არსებული კონფლიქტების დარეგულირების პროცესში. მე მსურს გავიხსენო ევროკავშირის უცვლელი მხარდაჭერა მოლდავეთისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მისამართით”.

ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება - ეტაპი, რასაც ნოემბრის ბოლოდან მოლდავეთი და საქართველო ზეიმობენ - უკვე გავლილი აქვს უკრაინას და მას ვილნიუსის სამიტზე დოკუმენტისთვის უკვე ხელი უნდა მოეწერა, მაგრამ კიევმა უეცრად ხელმოწერაზე უარი თქვა. ისედაც ყველასათვის ცხადი იყო, მაგრამ თავად პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმაც აღნიშნა, რომ უკრაინის უარი რუსეთის ზეწოლითა და შანტაჟით იყო გამოწვეული. სწორედ პრეზიდენტ იანუკოვიჩის ამგვარმა გადაწყვეტილებამ განაპირობა მეტად ხალხმრავალი აქციები კიევსა თუ უკრაინის სხვა ქალაქებში. ევროკავშირი საგონებელში ჩავარდა და, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, ბრიუსელმა სწორედ ამიტომ დაიწყო ფიქრი ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დაჩქარებაზე მოლდავეთსა და საქართველოსთან. როგორც 20 დეკემბერს განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ, შეთანხმებას ხელი მოეწერება, „ყველაზე გვიან“, 2014 წლის აგვისტოსთვის.

ძირითადად სწორედ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ვარაუდობენ ანალიტიკოსები რუსეთისგან საქართველოსკენ მომართულ საფრთხეს. მაგალითად, როგორც პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე ვარაუდობს, რუსეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გამო უპირისპირდება. წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო ორგანიზაციისა ”ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” ფიქრობს, რომ თავისუფალ სამყაროში ადგილის დამკვიდრება საქართველოსთვის ”იაფი და ადვილი საქმე” არ არის და რომ რუსეთი თავის საზღვრებთან სწორედ თავისუფალი სამყაროს გაფართოებას ეწინააღმდეგება:

”ეს არის წნეხი საქართველოზე, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს პროგრესს შეეშალოს ხელი ან უარი თქვას ამაზე, ან რაიმე ისეთი პრობლემა წარმოიშვას ქვეყანაში, ან რაიმე შიდაპოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს, რაც ამ საქმეებს შეუშლის ხელს. ომის დაწყებას, ანუ ამ მხრივ პროვოკაციებს არ ელოდებიან... ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა საქართველოზე”.

ზეწოლის კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების გაბმის პროცესი, რის შესახებ სალაპარაკოდაც საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს არაერთი საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა 23 დეკემბერს წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, შედეგად რუსეთის უკანონო ქმედებას საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი რეაქციები მოჰყვა:

”მავთულხლართების გავლების პროცესის დამგმობი განცხადებები გააკეთეს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების წარმომადგენლებმა”.

მიუხედავად იმისა, რომ პროვოკაციებიც აშკარაა და პოლიტიკური ოპონენტებიც ხშირად წამოაძახებენ ”ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომ რუსეთთან ურთიერთობების დათბობის პოლიტიკამ არ გაამართლა, მაია ფანჯიკიძის თქმით, მეზობლებთან და, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება კვლავაც რჩება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად. უცვლელ მიზნებზე, რომელთა შორის ძირითად ადგილს ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვა იკავებს, მინისტრმა ფანჯიკიძემ ჩვენ მიერ უკვე ნახსენებ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა:

”საქართველოს საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდი მცდელობა წლის განმავლობაში - როგორც თითოეულ ქვეყანასთან ურთიერთობისას, ასევე საერთაშორისო ფორმატებში - რამდენიმე მთავარი მიზნისკენ იყო მიმართული. ეს იყო: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის საერთაშორისო ჩართულობის უზრუნველყოფა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების განხორციელების კუთხით კონკრეტული შედეგების მიღწევა, აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებთან არსებული ურთიერთობების გაღრმავება; აგრეთვე რუსეთთან ურთიერთობების დეესკალაცია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული დაცვის საფუძველზე”.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით 2013 წელს მიღწეულ შედეგებს, ამ მხრივ გარკვეული ეკონომიკური წინსვლა შეინიშნება - მაგალითად, ქართული ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაშვების კუთხით, მაგრამ თითქმის ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ბაზარი არასტაბილურია და რომ საქართველოსთან ვიზების გაუქმების შესაძლებლობებზე ლაპარაკიც არ არის შემთხვევითი ამბავი. ანალიტიკოსებისთვის ცხადია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე რუსეთი საქართველოზე სამომავლო ზეგავლენისთვის ბერკეტის შექმნას ცდილობს.

მას შემდეგ, რაც ვიზების გაუქმების შესაძლებლობაზე წლის მიწურულს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც ილაპარაკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს იქნებოდა ”ძალიან პოზიტიური დინამიკა”, მაგრამ ამ მხრივ საქართველო არანაირ კომპრომისზე არ წავა.

”ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. საქართველოს უკვე დიდი ხანია გაუქმებული აქვს სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან და რუსეთის ეს ნაბიჯი, თუკი იგი მართლაც განხორციელდა, ჩვენ მიერ ადრე გადადგმული ნაბიჯის საპასუხო ქმედებას წარმოადგენს ”, - აღნიშნა 23 დეკემბერს მინისტრმა ფანჯიკიძემ და ამავე კონტექსტში დაამატა, რომ ”კარგი იქნება, თუკი რუსეთის ფედერაცია ასევე გადადგამს საპასუხო ნაბიჯს და, საქართველოს მსგავსად, აღიარებს ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ”.

ძალის არგამოყენების ვალდებულების საკითხი 2013 წელსაც უშედეგოდ იხილებოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და სწორედ ეს საკითხი წარმოადგენდა ყველაზე რთულ და დაუძლეველ პრობლემას. რუსეთი კვლავაც უსვამდა ხაზს იმის აუცილებლობას, რომ ძალის არგამოყენების ხელშეკრულება თბილისმა ცხინვალთან და სოხუმთან უნდა გააფორმოს. სწორედ ამ აუცილებლობის წინაპირობად ასახელებს მოსკოვი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეთა ერთობლივ განცხადებას, რომელზე მუშაობაც პროცესის თანათავმჯდომარეების მეურვეობით მიმდინარეობს ჟენევაში.

ერთობლივ დოკუმენტზე მუშაობაზე უარს არ ამბობს თბილისი, მაგრამ, როგორც რადიო თავისუფლებას არაერთხელ უთხრა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, ამგვარ სამუშაოს საერთო არაფერი აქვს თბილისის უცვლელ მოთხოვნასთან, რომ, ისევე როგორც ეს საქართველომ 2010 წელს გააკეთა და მას შემდეგ არაერთხელ დაადასტურა, ცალმხრივი სამშვიდობო დაპირება ახლა რუსეთმა უნდა დადოს. ამისკენ მოსკოვს საერთაშორისო თანამეგობრობაც ხშირად მოუწოდებს, მაგრამ ამაოდ. დავით ზალკალიანის თქმით, თბილისის პოზიცია ურყევია:

”როგორც წინა რაუნდზე, ასევე ამ რაუნდის წინაც, ახლა, ჩვენ ვაცხადებთ მზაობას, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ამ ერთობლივ განცხადებაზე, ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეებთან ერთად. მაგრამ ერთი რამ მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ამ განცხადებამ არ შეიძლება ჩაანაცვლოს რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება. ანუ ეს განცხადება უნდა იყოს პასუხი რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულებაზე”.

ძალის გამოუყენებლობის საკითხის გარდა, ჟენევის მოლაპარაკებები ვერც სხვა მხრივ აღმოჩნდა ხელშესახები შედეგის მომტანი. ამ ფორმატის (ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის) ფარგლებში წელს ვერც გალის შეხვედრების განახლებაზე მოახერხეს შეთანხმება. კვლავაც მეტად პრობლემურია ჰუმანიტარული საკითხების შეთანხმება და მათ შორის განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნების თემა. ამავე კონტექსტში უნდა აღვნიშნოთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2013 წლის 13 ივნისს დაამტკიცა საქართველოს მიერ ყოველწლიურად ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. თბილისი მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ თუნდაც მცირედით, მაგრამ ყოველწლიურად იზრდება რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი: 2013 წლის მონაცემებით, რეზოლუციას მხარი 63-მა ქვეყანამ დაუჭირა, ხოლო 16 წინააღმდეგი იყო; 2012 წელს ამავე სახის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 60-მა ქვეყანამ, ხოლო წინააღმდეგი იყო 15 ქვეყანა.

დაბოლოს უნდა ითქვას, რომ საქართველო კვლავაც აქტიურად მიიწევს წინ ნატოსკენ და ქვეყანა, რომელმაც დიდი მსხვერპლი გაიღო, კვლავაც რჩება პირველ კონტრიბუტორად ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს სამომავლო ურთიერთობა კვლავაც ნატო-საქართველოს კომისიისა და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ინსტრუმენტებით განისაზღვრება. საგარეო პოლიტიკური ცხოვრების მეტად მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება ის ფაქტი, რომ 2013 წელს - კერძოდ, 26 ივნისს - საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია, ნატოს გენერალური მდივანის ხელმძღვანელობით. როგორც ანდერს ფოგ რასმუსენმა განმარტა, ქართული სამხედრო კონტინგენტის ავღანეთში ყოფნა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება, რადგანაც ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლა უფრო უსაფრთხოს ხდის საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG