Accessibility links

logo-print

ნატო - რუსეთს: გიჩვენებთ, თუ არ შეგვიძლია მოკავშირეების დაცვა


ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ანთალიაში

ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ანთალიაში

13 მაისს თურქეთის ქალაქ ანთალიაში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. ნატოს გენერალურმა მდივანმა ალიანსის მთავარ პრობლემად აღმოსავლეთის მხრიდან „რუსეთის სულ უფრო და უფრო აგრესიული ქმედებები“, ხოლო სამხრეთიდან ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში შექმნილი არასტაბილურობა და ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა.

ამ ბრძოლაში თურქეთი ნატოს მთავარი ფორპოსტია დიდ ახლო აღმოსავლეთში. სწორედ აქ არის განლაგებული ნატოს გაერთიანებული ძალების სახმელეთო ჯარების შტაბი, 2012 წელს თურქეთში დაიდო ბინა ევროპული სარაკეტო თავდაცვითი ძალების სარადარო კომპონენტმა. დაბოლოს, თურქეთი ნატოს ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც 1200-კილომეტრიანი საზღვარი აქვს სირიასა და ერაყთან, სადაც საშიში საფრთხის ახალი კერა აღმოცენდა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სახით. თურქეთი შავი ზღვით ესაზღვრება ასევე უკრაინას, რომელსაც რუსეთმა ჯერ ყირიმის ნახევარკუნძული წაართვა ძალით, ახლა კი აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას განაგრძობს. თურქეთისთვის, რომლის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია როგორც რუსეთიდან ტურისტთა ნაკადების, ისე რუსეთთან ორმხრივი ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება,უკრაინის კრიზისის მოგვარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ანტალიის საკურორტო გეოპოლიტიკა

თურქეთის საკურორტო ქალაქ ანთალიაში ტურისტული სეზონი უკვე დაიწყო, თუმცა საუკეთესო მომსახურებით განთქმული თურქული სასტუმროები, რომლებიც ძირითადად რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოსულ დამსვენებლებზე მუშაობდნენ, შიშობენ, რომ წლევანდელ ზაფხულში მათ გაცილებით ნაკლები დამსვენებელი ეყოლებათ, ვიდრე შარშან. ეკონომიკური კრიზისის გამო რუსეთიდან და უკრაინიდან, მნიშვნელოვნად იკლო დამსვენებელთა რაოდენობამ, ამიტომ ბევრი სასტუმროს მეპატრონე ფიქრობს შეამციროს მოსამსახურე პერსონალი, - მეუბნება სასტუმრო „ელას“ თანამშრომელი რუსი ოლგა, რომელიც, როგორც მოხალისე, თავის მეგობარ უკრაინელ სვეტასთან ერთად, ბელეკში ამავე სასტუმროში განლაგებულ ნატოს ჟურნალისტთა სააკრედიტაციო შტაბს ეხმარება. მეგობრები არ მალავენ, რომ მათ ძალიან უნდათ მალე დასრულდეს დაპირისპირება უკრაინასა და რუსეთს შორის, რამაც, დიდ მსხვერპლთან ერთად, რუსეთისათვის დასავლეთის მხრიდან მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესება და რუსეთის მოქალაქეთა შემოსავლების შემცირება გამოიწვია.

ამ მინისტერიალზე სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ის, თუ კიდევ რა უნდა გააკეთოს ნატომ ტერორიზმისა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად. როგორც იცით, ნატოს ყველა მოკავშირე მონაწილეობს ექსტრემისტული ორაგნიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოქმედ კოალიციაში...

ცხადია, ნატოს მინისტერიალი დამატებით შემოსავალს მოუტანს რამდენიმე ათეულ დაქირავებულ მოხალისეს, მაგრამ მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსიც ვერ იტყვის იმას, თუ როდის აღდგება ჩვეული ურთიერთობები რუსეთსა და დასავლეთს შორის, როდის დასრულდება კონფლიქტი უკრაინაში და როდის შეასრულებს მოსკოვი მინსკის სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას - შეწყვიტოს პრორუსულად განწყობილი დონბასელი სეპარატისტების საბრძოლო იარაღით, ინსტრუქტორებითა და ფულით მომარაგება.

ამ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად ანტალიის მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე სოჭში რუსეთის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს საგანგებოდ შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელმაც რეალურად ვერანაირი გარანტიები ვერ მიიღო და ამის თაობაზე ანთალიაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ამომწურავად ისაუბრა.

„რაც შეეხება უკრაინას, ჩვენი მთავარი მესიჯი ისაა, რომ სრულად უნდა შესრულდეს მინსკის სამშვიდობო შეთანხმებები, დაცული უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტის პირობები, უნდა გავიდეს მძიმე შეიარაღება და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ უკრაინიდან. სიტყვას საქმე უნდა ახლდეს. ახლა სწორედ მოქმედების დრო დადგა და აუცილებლად საჭიროა სრულად შესრულდეს მინსკის შეთანხმებები“.

ნატოს გზავნილი რუსეთისათვის

ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ამ მზარდ აგრესიულ ქმედებებს ნატომ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ სწრაფი რეაგირების ძალების გაზრდითა და ბალტიის რეგიონში მრავალათასიანი სამხედრო კონტინგენტის გადასროლით უპასუხა.

„ჩრდილოეთ ზღვაში მოკავშირე ქვეყნების ათობით ხომალდი, ჩვენს კეთილ პარტნიორ შვეციასთან ერთად, ჩაბმულია დიდ სწავლებაში, რომელიც მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების აღმოჩენის მიზნით ტარდება, ესტონეთში კი ნატოს რვა ქვეყნის 13 ათასი ჯარისკაცი ღებულობს მონაწილეობას მსხვილ სახმელეთო ოპერაციაში. ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის თავზე საბრძოლო თვითმფრინავები როტაციით სულ ახლახან შეუდგნენ 24-საათიან საავიაციო პატრულირებას. და ეს არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ უზრუნველყოფს ნატო შეკავებას, როგორ იცავს ჩვენს მოკავშირეებს ნებისმიერი მხრიდან მომავალი საფრთხისგან“, - ასე უპასუხა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალზე გამართულ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას აკეთებენ ნატოს ჯარები რუსეთის მეზობლად.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანტალიის მინისტერიალზე ალიანსის მთავარ პრობლემად აღმოსავლეთის მხრიდან „რუსეთის სულ უფრო და უფრო აგრესიული ქმედებები“, ხოლო სამხრეთიდან ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში შექმნილი არასტაბილურობა და ექსტრემისტული ორგანიზაცი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბძოლა დაასახელა.

იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი

„ამ მინისტერიალზე სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ის, თუ კიდევ რა უნდა გააკეთოს ნატომ ტერორიზმისა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად. როგორც იცით, ნატოს ყველა მოკავშირე მონაწილეობს ექსტრემისტული ორაგნიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მოქმედ კოალიციაში. და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კოალიცია ასეთი ეფექტიანია, არის ის, რომ ნატოელ მოკავშირეებს მრავალი წლის განმავლობაში განვითარებული აქვთ ერთობლივი მოქმედების უნარი, რაც ნიშნავს ისეთ სამხედრო ოპერაციაში გაერთიანებული ძალით მოქმედებას, როგორიც წარმოებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, რადგან ჩვენ ასევე ერთობლივად ვმოქმედებთ ავღანეთშიც, ოღონდ განსხვავებული მისიით“.

ლაპარაკია ნატოსა და მოკავშირეთა ახალ მისიაზე, „ურყევი მხარდაჭერის“ სამხედრო ოპერაციაზე, რაც ავღანეთის უსაფრთხოების ძალების შეიარაღებას, გაწვრთნასა და კონსულტაციას ითვალისწინებს. ავღანეთში მიმდინარე მოკავშირეთა ახალ ოპერაციაში მონაწილეობს საქართველოც, რომელსაც, აშშ-ის შემდეგ, მეორე, ყველაზე მრავალრიცხოვანი, სამხედრო ქვედანაყოფი ჰყავს მსოფლიოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, სადაც ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „თალიბანმა“ ერთი თვის წინ საგაზაფხულო ფართომასშტაბიანი შეტევების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.

აღმოსავლეთ უკრაინის, ლიბიისა და სირიის გარდა, ავღანეთში შექმნილი ვითარება ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია ნატოს ანტალიის მინისტერიალისა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. თამარ ბერუჩაშვილი ანთალიაში 12 მაისს გვიან ღამით სარეისო თვითმფრინავით ჩამოვიდა ბრიუსელიდან, სადაც საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ახლდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკითხი ამჯერად არ დგას ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში, თამარ ბერუჩაშვილმა ვიზიტის განმავლობაში სარეკორდო რაოდენობის (17) ორმხრივი შეხვედრის ორგანიზება სთხოვა თურქეთში საქართველოს საელჩოს. იმის შესახებ, თუ რისი თქმა სურდა თამარ ბერუჩაშვილს ნატოელი თუ პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისათვის, თქვენ საქართველოს თავდაცვის მინისტრისაგან შეიტყობთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG