Accessibility links

საქართველოს საგარეო ვაჭრობა ისევ მცირდება


ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი, საქართველო-რუსეთის საზღვარი.

ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი, საქართველო-რუსეთის საზღვარი.

საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სულ უფრო მცირდება. თუ ექვსი თვის შედეგების მიხედვით, ექსპორტ-იმპორტის მოცულობა 13 პროცენტით ნაკლები იყო, ათი თვის მონაცემებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 პროცენტით ნაკლები აღოჩნდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8 მილიარდ აშშ დოლარზე ოდნავ მეტი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1.8 ილიარდი აშშ დოლარია, 24 პროცენტით ნაკლები, ხოლო იმპორტი 6.3 მილიარდია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 10 პროცენტით ჩამორჩება. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 4,4 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა. ეკონომისტების შეფასებით, ამ რიცხვების უკან ეროვნული ვალუტის, ლარის, გაუფასურება და ეკონომიკის ზრდის შემცირება დგას.

თავდაპირველად რა მიზეზით დაიწყო ვარდნა იმპორტმა, რომელიც ბოლო 5-6 წლის მანძილზე განუხრელად იზრდებოდა? ამ სფეროს სპეციალისტების აზრით, იმპორტის შემცირება გამოიწვია იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების საგრძნობმა მატებამ, ეს კი, თავის მხრივ, ლარის გაუფასურების შედეგია. მყარ უცხოურ ვალუტაში შეძენილი უცხოური პროდუქციის ფასი ლარის დევალვაციის შესაბამისად შეიცვალა. იმპორტირებული პროდუქციის სიძვირის გამო, მოხმარება შემცირდა, რადგან მოსახლეობა ვეღარ ახერხებს ისედაც შემცირებული შემოსავლების ფონზე გაძვირებული პროდუქციის შეძენას.

როგორც ცნობილია, ლარის გაუფასურება, რაც იმპორტის შემცირების მთავარი მიზეზია, გასული წლის მეორე ნახევარში დაიწყო. ეროვნული ვალუტის დევალვაციის მთავარი მიზეზი კი უცხოური ვალუტის შემოდინების კლებაა, რაც უცხოეთში მცხოვრები ქართველების ფულადი გზავნილების შემცირებამ და ექსპორტის კლებამ, შესაბამისად, მისგან მიღებული შემოსავლების შემცირებამ გამოიწვია. საქართველოს პროდუქციით საზღვარგარეთ ვაჭრობის ვარდნის მთავარი მიზეზი საექსპორტო პროდუქციის ძირითად ბაზრებზე - უკრაინაში და უფრო მეტად კი რუსეთში - არსებული ეკონომიკური სირთულეებია. ამას ამბობს ეკონომისტი ბესიკ ნამჩავაძეც:

„მაინც ძირითადი ჩვენი ექსპორტის შემცირებაში არის ჩვენს საექსპორტო ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემები, ვიდრე ჩვენი შიდა პრობლემები. როდესაც რუსული რუბლი, უკრაინული გრივა ქართულ ლარზე მეტად გაუფასურებულია, ესეც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ექსპორტზე“.

ქართული ღვინო რუსეთის სავაჭრო ქსელში

ქართული ღვინო რუსეთის სავაჭრო ქსელში

არადა, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ აკლებს რუსეთის ბაზრის პოპულარიზებას და ამ მიმართულებით საქართველოს ექსპორტის წახალისებას. მაგრამ მიმდინარე წელს რუსეთთან დათბობის მთავარ „მიღწევას“, ღვინის ექსპორტს, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ვარდნა აქვს. თუ ერთი წლის წინ, 10 თვის შედეგებით, საერთო ექსპორტში ღვინის წილი 6 პროცენტზე მეტი იყო, ის ახლა მხოლოდ 4 პროცენტია.

რუსეთს საქართველოს საექსპორტო პარტნიორებს შორის მეხუთე ადგილი უკავია და მასზე მოდის საერთო ექსპორტის დაახლოებით 7 პროცენტი. აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთში ექსპორტი თითქმის განახევრებულია, მაშინ როდესაც გაზრდილია ექსპორტი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში - ბულგარეთში, მასზე მოდის მთლიანი ექსპორტის 10 პროცენტზე მეტი. აქვე აღსანიშნავია, რომ ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებთან ზრდის დინამიკით ხასიათდება და მატებამ 2 პროცენტი შეადგინა. მოიმატა იმპორტმაც 6 პროცენტის ოდენობით. საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 32 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტი 29, ხოლო იმპორტი 33 პროცენტია.

ექსპორტი მცირდება, იმპორტის შემცირება უჩვენებს, რომ მოხმარებაც მცირდება. ეს შედეგად მიგვიყვანს იქამდე, რაც უკვე ჩანს, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო ნაკლები გვექნება...

თუ ევროკავშირის მიმართულება ზრდის ტენდენციით ხასიათდება, საგრძნობი კლება აღინიშნება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან ვაჭრობაში. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დსთ-სთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22 პროცენტით შემცირდა. აქედან ექსპორტი 44 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმპორტი - 6 პროცენტით.

მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს თურქეთი, შემდეგ კი მოდის აზერბაიჯანი და ჩინეთი. ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მთავარი აქცენტის რუსეთზე გაკეთება შედეგიანი არ აღმოჩნდა და საგარეო ვაჭრობის მოცულობამ კლება დაიწყო. ქვეყნის ეკონომიკაზე საგარეო ვაჭრობის, ექსპორტ-იმპორტის, შემცირების უარყოფითი გავლენის თაობაზე ეკონომისტი ბესიკ ნამჩავაძე ამბობს:

"ორი უმსხვილესი კომპონენტია ეკონომიკაში და ეკონომიკურ ზრდაში ექსპორტი და მოხმარება. ექსპორტი მცირდება, იმპორტის შემცირება უჩვენებს, რომ მოხმარებაც მცირდება. ეს შედეგად მიგვიყვანს იქამდე, რაც უკვე ჩანს, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო ნაკლები გვექნება".

გასულ წელს საქართველოს მთავრობამ 2015 წლისთვის 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაგეგმა, მაგრამ მიმდინარე წლის პირველმა თვეებმა აჩვენა, რომ დაგეგმილი ვერ შესრულდებოდა. ახლა მთავრობა ვარაუდობს, რომ 2015 წლის მანძილზე ქვეყნის ეკონომიკა 2 პროცენტით გაიზრდება, მაშინ როდესაც 2013 წლამდე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, საშუალოდ, 7 პროცენტს შეადგენდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG