Accessibility links

საქართველოს საგარეო ვაჭრობის ექვსი თვის ტენდენციები


რუსთავის ავტობაზარი

რუსთავის ავტობაზარი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის ექვსი თვის სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2014 წლის ექვსი თვის მონაცემებით, კვლავ გაზრდილია საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით: ექსპორტი - 15 პროცენტით, ხოლო იმპორტი - 16 პროცენტით. უცვლელი რჩება 48-პროცენტიანი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი.

ექსპორტის მხრივ, საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანა აზერბაიჯანია (მთლიანი ექსპორტის 21 პროცენტი), ხოლო იმპორტის მიხედვით - თურქეთი (მთლიანი იმპორტის 20%).

მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის გაზრდისა, საქართველოსთვის უმსხვილეს საექსპორტო პარტნიორად დსთ-ს ქვეყნები რჩება - ექსპორტის 53 პროცენტი ხორციელდება ამ ქვეყნებში. იმპორტს რაც შეეხება, უმსხვილესი პარტნიორი ევროკავშირის ქვეყნებია - 28 პროცენტით. ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის სავაჭრო დეფიციტის მაღალი - 31 - პროცენტი.

უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებიდან კლება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების (რე) ექსპორტში იყო - 9-პროცენტიანი, თუმცა ავტომობილები მაინც რჩება უმსხვილეს საექსპორტო ჯგუფად. თითქმის სამჯერ გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების და ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი. 63 პროცენტით არის გაზრდილი მინერალური წყლების, 24 პროცენტით -ფეროშენადნობების ექსპორტი.

ექსპორტის მხრივ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ექსპორტის კლებას ჰქონდა ადგილი აზერბაიჯანის (12 პროცენტით), ყაზახეთისა (11 პროცენტით) და იტალიის მიმართულებით (6 პროცენტით). აზერბაიჯანის შემთხვევაში კლება განაპირობა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის, ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ცემენტის ექსპორტის კლებამ.

ყველაზე დიდი ზრდა ექსპორტის მხრივ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში იყო რუსეთის (3-ჯერ), თურქეთის (37 პროცენტით), აშშ-ისა (31 პროცენტით) და ბულგარეთის (2,5 ჯერ) მიმართულებით. არსებული მოლოდინის მიუხედავად, 17 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი უკრაინაში.

იმპორტს რაც შეეხება, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, 7 პროცენტით შემცირდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი. ხუთჯერ გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების და აირის ტურბინების იმპორტი. 7 პროცენტით მოიმატა ხორბლის იმპორტმა.

იმპორტის მიხედვით სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა 2014 წლის პირველ ექვს თვეში ასეთია: თურქეთიდან იმპორტი გაიზარდა 35 პროცენტით (ზრდა განაპირობა აირის ტურბინების, იზოლირებული მავთულებისა და კაბელების, სანიტარულ-ჰიგიენური ნაწარმის იმპორტის ზრდამ), ჩინეთიდან - 23 პროცენტით (ზრდა განაპირობა მეტალოკონსტრუქციების, სატელეფონო აპარატების, სარეცხი მანქანების იმპორტის ზრდამ). იმპორტი უკრაინიდან შემცირდა 9, ხოლო რუსეთიდან 13 პროცენტით.

XS
SM
MD
LG