Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ


ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა

ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2015 წლის იანვარ-ოქტომბრის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. მონაცემები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ექსპორტის შემცირების ტენდენცია გრძელდება. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 %-ით შემცირდა. დღეისთვის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 8 მილიარდ 121 მლნ აშშ დოლარია, აქედან ექსპორტი 1 მილიარდ 832 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (24 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 6 მილიარდ 289 მლნ აშშ დოლარს (10 %-ით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 4 მილიარდ 457 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 % შეადგინა.

რაც შეეხება ვაჭრობის გეოგრაფიას:

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 მილიარდ 568 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი 537 მლნ აშშ დოლარი იყო (2 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი - 2031 მლნ აშშ დოლარი (4 %-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 32 % შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში 29% და იმპორტში 32 % (2014 წლის იანვარ-ოქტომბერში, შესაბამისად, 26, 22 და 28 პროცენტი).

ამრიგად, კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ევროკავშირის მიმართულებით ვაჭრობა ძლიერდება, თუმცა ექსპერტები ლაპარაკობენ იმ წინაღობებზე, რომლებიც ამ პროცესში ექმნება ქვეყანას. ერთ-ერთი მათგანი გადაზიდვებთან დაკავშირებული პრობლემაა. კერძოდ, ის, რომ ზოგჯერ ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირი ჯდება. ასევე, პრაქტიკულად არ არსებობს პირდაპირი რეგულარული სატრანსპორტო ბორნები ევროპაში, რაც შესაძლებლობას მისცემდა ქართული პროდუქციის ექსპორტიორებს დროულად და, რაც მთავარია, იაფად შეესრულებინათ ევროპელი მომხმარებლების დაკვეთები.

ამას გარდა, პრობლემაა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ისიც, რომ სახელმწიფოძალისხმევა არასაკმარისია ახალი საექსპორტო ბაზრების შესახებ ქართველი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად. სწორედ ამიტომ, საქსტატის ცნობით, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64 პროცენტი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა დღემდე მსოფლიო ქვეყნების „ვიწრო წრესთან“ ვაჭრობს.

წელს საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი (1მილიარდ 246 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (664 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (596 მლნ აშშ დოლარი).

ჩინეთი, როგორც იცით, ბოლო წლებში გამოჩნდა ჩვენს პირველ სავაჭრო ასეულში და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, რომელზე მოლაპარაკების დაწყებასაც აპირებს ხელისუფლება ჩინეთთან, ამ წილს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის.

კვლავ საკმაოდ შეზღუდულია საექსპორტო პროდუქციის სახეობებიც:
2015 წლის იანვარ-ოქტომბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა - 207 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 11 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 167 მლნ აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იყო. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 154 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლის იმპორტმა 558 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იყო სამკურნალო საშუალებების სასაქონლო ჯგუფი, ასევე 558 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა, 381 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG