Accessibility links

2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 მილიარდ 957 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია. თუმცა ზრდა, სამწუხაროდ, არ შეხებია ექსპორტს და, რეალურად, მედიკამენტების იმპორტის გარეშე, იმპორტიც შემცირებულია: ექსპორტი 1 მილიარდ 701 მილიონ დოლარს შეადგენს (7 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 8 256 მილიონ დოლარს (31 პროცენტით მეტი). განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი 5 მილიარდ 859 მილიონ დოლარს შეადგენს, ანუ 2 პროცენტით ნაკლებს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

შესაბამისად, ხელისუფლების არგუმენტი საქართველოში მოხმარების ზრდასა და, შესაბამისად, იმპორტის ზრდასთან დაკავშირებით, რომელმაც თითქოსდა ლარის კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, არამყარია. უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ექსპორტის მაჩვენებელი, კერძოდ ის, რომ აღნიშნულ პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე სულ 1 მილიარდ 332 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკის და, მათ შორის, ლარის კურსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ის, რომ საქართველომ ვერ მოახერხა საექსპორტო პოტენციალის და მაჩვენებლების გაზრდა.

შემცირებულია ექსპორტი ევროკავშირის მიმართულებითაც, კერძოდ: 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 მილიარდ 828 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 453 მილიონი დოლარი იყო (16 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 2 მილიარდ 375 მილიონი დოლარი (17პროცენტით მეტი) (როგორც უკვე აღვნიშნეთ, წამლების იმპორტის ხარჯზე). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 27 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ოქტომბერში, შესაბამისად, 32, 29 და 32 პროცენტი). ასე რომ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის წილი შემცირებულია საერთო ბრუნვაშიც.

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში 2 მილიარდ 126 მილიონი დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, 6 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 571 მილიონი დოლარი (19 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 მილიარდ 554 მილიონი დოლარი იყო (0.3 პროცენტით ნაკლები). შესაბამისად, ექსპორტი დსთ-ს მიმართულებით 2 %-ით მეტი მაჩვენებლით არის შემცირებული, ევროკავშირის მაჩვენებელთან შედარებით. საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 21 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 34 პროცენტი და იმპორტში 19 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ოქტომბერში, შესაბამისად, 28, 38 და 25 პროცენტი).

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG