Accessibility links

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, 48 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯა 767 018 ბენეფიციარის მიწის დახვნისა და სასოფლო-სამეურნეო საქონლისთვის. აქედან იმერეთის რეგიონის 11 მუნიციპალიტეტში პროგრამით 115 867 ფერმერმა ისარგებლა და 62 035 ჰექტარი სახნავი ფართობი დამუშავდა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს სტატისტიკური მონაცემით, იმერეთის სოფლებში ფერმერების დიდი ნაწილი 0, 25 ჰექტარიდან 1,25 ჰექტარამდე მიწას ფლობს, სადაც ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები მოჰყავთ. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, გასული წლების მსგავსად, მოსარგებლეები 2016 წელსაც მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ხვნის ბარათსა და აგრობარათს. ფერმერებს, რომლებიც 0,25 ჰექტარამდე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელები არიან, აგრობარათზე დაერიცხებათ ქულები, 50 ლარის ეკვივალენტი, და სასუქისა და სათესლე მასალის შეძენას შეძლებენ, დანარჩენ მოსარგებლეებს კი ხვნის ბარათი გადაეცემათ, რომლითაც მიწას დაამუშავებენ.

იმერეთის სოფლის მცხოვრებთა თქმით, სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირება აუცილებელია, რადგან სოფლების უმეტესობა მთაგორიანია, მცირე ფართობთან ერთად, მიწები უხვმოსავლიანობით არ გამოირჩევა და ფერმერები დახმარების გარეშე მიწის დამუშავებას, დათესვას, სასუქის მიცემას და მოსავლის მიღებას ვერ შეძლებენ. ფერმერთა ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ზოგჯერ დახნულ მიწაზე თესლისა და სასუქის მოყრის საშუალებაც კი არა აქვთ, რადგან მათ ყიდვას ვერ ახერხებენ.

რესპონდენტთა ნაწილი იმასაც ჩივის, რომ ყველა სოფელს საკუთარი ტექნიკა არა აქვს და საყანე მიწების დახვნა გვიანდება.

იმერეთის სოფლის მცხოვრებთა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი მესამე წელია ხორციელდება და გასულ წლებშიც ურიგდებოდათ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ვაუჩერები, სოფლად მცხოვრებთათვის მნიშვნელოვნად არაფერი გაუმჯობესებულა, რადგან მცირე და მწირი მიწის ფართები და მოსავლის მისაღებად გასაწევი ხარჯი მათთვის ჯერჯერობით პრობლემას წარმოადგენს. მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობისა და მათი მდგრად და განვითარებად ფერმერულ მეურნეობებად ჩამოსაყალიბებლად კი სახელმწიფო, გასული წლების მსგავსად, წელსაც 50 მილიონ ლარამდე თანხის დახარჯვას აპირებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG