Accessibility links

კახეთში საგაზაფხულო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. თითქმის ყველანაირი ერთწლიანი კულტურები უკვე დათესილია. გლეხები მიწის დამუშავების დროს წარმოქმნილ ხარვეზებზე საუბრობენ, თუმცა მთავარ პრობლემად მაინც მოყვანილი პროდუქციის რეალიცაზიას ასახელებენ.

კახეთში საგაზაფხულო სამუშაოების პირველი ეტაპი ჯერ კიდევ ზამთრის მიწურულს, თებერვალში, დაიწყო. ამ პერიოდში გლეხი მიწას გასული წლის ნარჩენებისგან ასუფთავებს, ვაზს სხლავს და მიწის ნაკვეთში სასუქი შეაქვს. ახლა მეორე ეტაპია. თითქმის ყველანაირი მარცვლეული კულტურა უკვე დათესილია და შემდგომი მოვლა-პატრონობა სჭირდება. ესენია: მორწყვა, მიწის გაფხვიერება და ბალახისგან გათავისუფლება, ასევე მცენარის მკვებავი მინერალებით მომარაგება. „ყველა ეს სამუშაო რომ ჩატარდეს, მინიმუმ 1500 ლარია საჭიროო“, - ამბობს ფერმერი გურამ მეისრიშვილი:

„გინდა თუ არა, უნდა მოუარო მიწას! ხარ თუ არა კმაყოფილი, მაინც დამოკიდებული ხარ მასზე. გზის პირზე მაქვს ნაკვეთი და ვერ დამინებებია თავი, იტყვიან სხვები, ზარმაცობსო. ისეთი მოსავალი რომ მივიღო, როგორიც მინდა და კმაყოფილიც დავრჩე, 1500 ან 1600 ლარია საჭირო“.

მართალია, ფერმერებს, რომლებსაც 1 ჰა და 25 მეასედი მიწის ნაკვეთი აქვთ, სახელმწიფო წლებია მიწის დამუშავებისა და სასუქისთვის ბარათებს აძლევს, მაგრამ, როგორც გლეხები ამბობენ, მათთვის ეს შეღავათი მაინც არ არის, რადგან მიწა სრულფასოვნად რომ დაამუშაონ, გაცილები მეტი ღირს და ამიტომ ბანკიდან სესხის აღება უწევთ.:

„კრედიტი ავიღე 5 000 ლარი. ახლა ვწამლავთ „ცისფერი წამლობით“. მერე სხვა სასუქიც უნდა კიდევ და ამ თანხას, რომელიც ვალად ავიღე, გამოვიყენებ ამ ყველაფერში“.

მართალია, კახეთში მიწის დამუშავების სიძნელეებზე ლპარაკობენ, მაგრამ ყველაზე პრობლემურად მაინც მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციას მიიჩნევენ, რაც ყოველ წელს და ყველა პერიოდში გაძნელებულია:

„გლეხი ვერ წავა იაპონიაში და ვერ წაიღებს თავის პროდუქციას გასაყიდად. ამ ბაზარს უნდა ორგანიზება და თავკაცი“.

„თუ ევროპის ან რუსეთის ბაზარი რეალურად არ იქნება გახსნილი გლეხისთვის, არაფერი საშველი არ იქნება. მოსავალი მოგვყავს და ვერ ვასაღებთ, არ არის ჩასაბარებელი პუნქტები, ეს საქმეა?!“

მთავრობის პოზიცია პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით ცნობილია. ისინი ამბობენ, რომ ფასებს ბაზარი არეგულირებს. ლაგოდეხის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში გიორგი გოზალიშვილს ვკითხეთ, რა უნდა ქნას გლეხმა და როგორ მოიქცეს, რომ მოყვანილი პროდუქცია მისთვის სასურველ, გონივრულ ფასად გაყიდოს, მაგალითად, სიმინდი. პასუხი ასეთი მივიღეთ:

„არ ვიცი, რა გიპასუხოთ! რისი ბრალია, ზოგადად ვერავინ ვერ მისახელებს ამას. წესით, არ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო ფასების რეგულაციაში. საქართველოში შესყიდულ სიმინდზე დღგ-ს ჩათვლა არ კეთდება, ექსპორტირებულ სიმინდზე კი დღგ-ს ჩათვლა კეთდება. სახელმწიფოს ნაკლოვანებაა ის, რომ ჩათვლას ვერ უკეთებს და ამიტომ ქართველ მყიდველს ურჩევნია სიმინდი უცხოეთიდან შემოიტანოს“.

კახეთში სოფლის მეურნეობა, საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, მეტად განვითარებულია, თუმცა პრობლემებს გლეხები ყველა ეტაპზე აწყდებიან. ხშირად მოსავალი უწყლობის გამო ან სტიქიური მოვლენების დროს ნადგურდება. ამიტომ გლეხების მოთხოვნა და სურვილია, სახელმწიფო ჩაერიოს ფასების რეგულაციის პროცესში, რომ სტიქიურ მოვლენებს გადარჩენილი მოსავალი კარგ ფასად გაყიდონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG