Accessibility links

ავტორი: ირინა გურული

ამ დღეებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში „საგურამოჰესის“ გახსნის ცერემონია გაიმართა. „საგურამოჰესის“ მშენებლობა 2015 წლის ბოლოს დაიწყო და 2016 წლის სექტემბრისთვის ის უკვე გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. აგრეგატის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება – 32 მლნ.კვტ\სთ. ახალი ჰესი ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების ერთ-ერთი გარანტიაა.

ჰესის მშენებლობაში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ 10,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. ჰიდროელექტროსადგურისათვის ტურბინა, გენერატორი და დამხმარე მოწყობილობები ავსტრიულმა კომპანიამ, ANDRITZ HYDRO SAS-მა დაამზადა.

ჰესი მთელი წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს ზამთრის დეფიციტი შეამციროს. მომავალში შესაძლებელია ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენებაც.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა 689 მლნ ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და ექსპლუატაციაში შევიდა, ჯამში, 425 მგვტ დადგმული სიმძლავრის 17 სადგური.

შეგახსენებთ, რომ ჰიდროელექტროენერგეტიკა საქართველოს ენერგეტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბოლო წლებში განსაკუთრებული აქცენტი მცირე ჰესების მშენებლობის პროექტებზე გაკეთდა, რომელთა განხორციელებაც, ცხადია, გაცილებით მარტივია, ვიდრე, მაგალითად, ხუდონჰესის, რომლის მშენებლობასაც უზარმაზარი წინაღობები შეხვდა.

მართალია, ჰესების მიერ წარმოებული ელექტროენერგია სეზონურობით ხასიათდება, მაგრამ სეზონზე ელექტროენერგიის გაყიდვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა. იმისათვის, რომ ელექტროენერგია, როგორც პროდუქტი, მიტანილი ყოფილიყო მეზობელ ქვეყნებამდე, საქართველომ ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით, შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელების (BSTN) პროექტი განახორციელა, რომლის ოპერირება 2013 წელს დაიწყო. პროექტი აფართოებს საქართველოს გადამცემ სისტემას მეზობელი სახელმწიფოების მიმართულებით - განსაკუთრებით, თურქეთის - და უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიის ექსპორტის, იმპორტისა და სატრანზიტო ოპერაციების საიმედოობას. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და თურქეთის ელექტროგადამცემ ქსელებს შორის 700 მვტ. სიმძლავრის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფას. პროექტი მოიცავს რუსეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთიანი ქსელის ჩამოყალიბებას იმისათვის, რომ შეიქმნას რეგიონალური ენერგეტიკული ბაზარი, რომელიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის თავისუფალ და ტრანსსასაზღვრო გადადინებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG