Accessibility links

logo-print

პოლიციური საგუშაგო ზარდიანთკარის ცენტრში დარჩება


საგანგებო შეხვედრა ზარდიანთკარში

საგანგებო შეხვედრა ზარდიანთკარში

ზარდიანთკარში დღეს კიდევ ერთი საგანგებო შეხვედრა გაიმართა. ქართულმა და ოსურმა მხარეებმა რამდენიმე კვირის წინ სოფლის ცენტრში გადატანილი ქართული პოლიციის საგუშაგოს საკითხზე იმსჯელეს. დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ორი კვირის წინ შეხვედრის მოწვევის ინიციატორი ოსური მხარე იყო. მაშინ დე ფაქტო ხელისუფლებას ზარდიანთკარის ეთნიკურად ოსურმა მოსახლეობამ დასახმარებლად მიმართა და პოლიციის საგუშაგოს სოფლის ცენტრში განთავსება გააპროტესტა. ოსური მხარის ინფორმაციით, სოფელი შიშმა და პანიკამ მოიცვა და იქიდან ბავშვებიც კი გაიყვანეს. სოფლის ცენტრში შეკრებილი ზარდიანთკარელები აცხადებდნენ, რომ საგუშაგომ სოფელი ორ ნაწილად გაყო და ნათესავებთან მიმოსვლა შეუძლებელი გახადა.

4 წელია ზარდიანთკარიდან გამოსული ეთნიკური ქართველები გორის საბავშვო ბაღებში უსტატუსო დევნილებად ცხოვრობენ. ისინი საკუთარ სახლებში დაბრუნებას უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო ვერ ახერხებდნენ. ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის მოქცეული სოფელი საქართველოს ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდებოდა, ამიტომ ქართველმა სამართალდამცავებმა საგუშაგოების განთავსებით სოფლის კონტროლი დაიწყეს და იქ დევნილების დაბრუნებას აპირებენ. სოფელში ქართველი პოლიციელების გამოჩენით შეშინებული ადგილობრივი ოსური მოსახლეობა დახმარების სათხოვნელად ცხინვალში ჩავიდა. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი მოითხოვს, რომ საგუშაგო ჯერ უკან, მერეთის მიმართულებით გადასწიონ და ამის შემდეგ უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკება გაგრძელდეს:

„ქართული მხარე ამბობს, რომ მზადაა მისცეს უსაფრთხოების გარანტიები იმ პირებს, ვინც სახლები გადმოწეული საგუშაგოს გამო დატოვა, მაგრამ დრო გადის, უკვე 2 კვირა გავიდა და მხოლოდ ის გვესმის, რომ ოსურ მოსახლეობას გარანტიას მისცემენ და დღესაც, ამ შეხვედრაზეც, იგივე გვესმის. ამიტომ მე შემიძლია განვაცხადო, რომ ამ მიმართულებით წინსვლა არა გვაქვს.“
ზარდიანთკარი

ზარდიანთკარი


შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ პოლიციური საგუშაგო სოფლის მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ოსურ მხარეს პანიკის საფუძველი არ გააჩნია. ქემოკლიძე საგუშაგოს უკან, მერეთის მიმართულებით გადატანის საკითხს არ განიხილავს და აცხადებს, რომ ამ საგუშაგოს განთავსების საკითხი ოსურ მხარესთან წინასწარ იყო შეთანხმებული:

„საგუშაგო არის უსაფრთხოების გარანტია არა მარტო ეთნიკურად ქართული, არამედ ეთნიკურად ოსი ოჯახებისთვისაც. საგუშაგოს გადმოწევის საკითხი შეთანხმებული იყო აბსოლუტურად ყველა მხარესთან 21 ივნისის ანალოგიური ფორმატის შეხვედრაზე. მეორე მხარე ცალსახად აღიარებს, რომ საგუშაგოს გადმოწევის საკითხი საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა. სამომავლოდ ჩვენ ეთნიკურ ოსებთან გავაგრძელებთ მუშაობას უსაფრთხოების გარანტიების მიცემასთან დაკავშირებით.“

ამჟამად გორის რაიონის სოფელ ზარდიანთკარში 45 ოსური ოჯახი ცხოვრობს, 30 ქართული ოჯახი კი გორიდან საკუთარ სოფელში დაბრუნებას ელოდება, რაც მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიების შექმნით გახდება შესაძლებელი. ქართულ და რუსულ საგუშაგოებს კი ერთმანეთისგან დაახლოებით 100 მეტრი აშორებთ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG