Accessibility links

logo-print

საქართველოს საავტომობილო გზების ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ სფეროში საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურა განვითარებული მსოფლიოს სტანდარტებისგან კვლავ საკმოად დაცილებულია.

უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე 2 მილიარდ ლარამდეა დახარჯული. ყოველ წელს საგზაო ინფრასტრუქტურაზე საშუალოდ 500 მილიონ ლარამდე იხარჯება. ამ მხრივ გამონაკლისი იყო 2012 წელი, როდესაც შედარებით ნაკლები - 375 მილიონი -დაიხარჯა. 2014 წლისთვის ამ მიმართულებით გამოყოფილია 501 მილიონ 720 ათასი ლარი, საიდანაც ნახევარზე მეტი, 53 პროცენტი, კრედიტია, ხოლო დანარჩენი - საბიუჯეტო ხარჯი.

2014 წლის პირველ 6 თვეში მთელი წლის ბიუჯეტის 42 პროცენტი და 6 თვის გეგმიური ბიუჯეტის 94 პროცენტია ათვისებული. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 63,4 მილიონი ლარით მეტი ღირებულების საგზაო სამუშაოები განხორციელდა.

საგზაო სექტორში წელს პრიორიტეტული მიმართულება ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობის პროექტებია. 2014 წლის 6 თვეში მშენებლობა მიმდინარეობდა სულ 131 კმ. საგზაო მონაკვეთზე ქვეყნის როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილში. ექვსი თვის მონაცემებით, ჩქაროსნული გზატკეცილის სამშენებლო პროექტების მთლიანი ბიუჯეტი 40 პროცენტით არის შესრულებული.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებარე სამუშაოები უმეტესად დონორების მიერ გამოყოფილი კრედიტით არის დაფინანსებული. მაგალითად, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზისა და ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი გზის სამუშაოებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს, ქობულეთი-ჩაქვის შემოვლით გზას - აზიის განვითარების ბანკი, ხოლო რუისი-აგარის მონაკვეთს - მსოფლიო ბანკი.

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით გახარჯული თანხების პარალელურად, საქართველო გზების ხარისხის საერთაშორისო რეიტინგს იუმჯობესებს. 2013-2014 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, გზების ხარისხის მიხედვით, მსოფლიოს 148 ქვეყნიდან საქართველო მე-60 ადგილზეა. თუ ამ მაჩვენებელს ჩვენს სამეზობლოსა და ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში ჩართული სხვა ქვეყნების მონაცემებს შევადარებთ, აღმოვაჩენთ, რომ საქართველო, თურქეთის გარდა, ყოველ მათგანზე უკეთეს პოზიციაში იმყოფება, რაც, სავარაუდოდ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული სახელმწიფო ინვესტიციების შედეგია.

იმავე მაჩვენებელში აზერბაიჯანი 74-ე, სომხეთი 82-ე, რუსეთი 136-ე, უკრაინა 144-ე, მოლდოვა 148-ე ადგილზეა. ყველაზე კარგი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით თურქეთს აქვს, რომელიც 44-ე ადგილზეა.

XS
SM
MD
LG