Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საჰაერო კამპანიას გაშლის სირიაში


ეშ კარტერი
ეშ კარტერი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშ კარტერი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მომავალ კვირებში გაააქტიურებს საჰაერო კამპანიას სირიაში. კარტერის ამ განცხადების ფონია რუსეთის საჰაერო კამპანია სირიაში მოსკოვის მოკავშირის, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის, ჯარების მხარდასაჭერად.

კარტერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები დამატებითი ძალების გამოყენებით და უფრო მძიმე საჰაერო დარტყმებით გაშლიან სამხედრო-საჰაერო კამპანიას სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

ამ თემაზე მინისტრმა ისაუბრა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში 27 ოქტომბერს გამართულ მოსმენაზე: „ჰაერიდან მოველით ჩვენი სამხედრო კამპანიის გააქტიურებას, განსაკუთრებით აშშ-ისა და კოალიციის დამატებითი საფრენი აპარატებით „ისლამური სახელმწიფოსათვის“ მეტი და უფრო მძიმე დარტყმების მისაყენებლად. ეს მოიცავს მეტ დარტყმას „ისლამური სახელმწიფოს“ მნიშვნელოვან ობიექტებზე, ჩვენი დაზვერვის გაუმჯობესებასთან ერთად, ასევე მის ნავთობის ბიზნესზე, რომელიც წარმოადგენს „ისლამური სახელმწიფოს“ ფინანსური ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანეს საყრდენს. როგორც პარასკევს, 23 ოქტომბერს, ვთქვი, მზად ვართ გავშალოთ ეს მიზანმიმართული დარტყმები“.

გარკვევით რომ ითქვას, ჩვენ არ ვთანამშრომლობთ რუსეთთან და არ ვაძლევთ რუსეთს საშუალებას, გავლენა მოახდინოს ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩვენი კამპანიის დინამიკასა და მასშტაბზე...
ეშ კარტერი

კარტერის ამ განცხადებას წინ უძღოდა სირიაში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის ოთხდღიანი პასიურობა. ახლა კი, მინისტრის თქმით, ამერიკელი სამხედროები აპირებენ გააძლიერონ დარტყმები სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარ დასაყრდენზე, ქალაქ რაკაზე, ისევე როგორც ერაყის ქალაქ რამადიზე.

„გარკვევით რომ ითქვას, ჩვენ არ ვთანამშრომლობთ რუსეთთან და არ ვაძლევთ რუსეთს საშუალებას, გავლენა მოახდინოს ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩვენი კამპანიის დინამიკასა და მასშტაბზე. როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ფრენის უსაფრთხოების საკითხზე, ჩვენ არ მოგვიხდენია კოორდინაცია, უფრო ფართოდ, მათ სამხედრო ზომებთან, რადგან იმის ნაცვლად, რომ თავს დაესხან მხოლოდ და მხოლოდ „ისლამურ სახელმწიფოს“, - რასაც, თვითონ როგორც ამბობენ, აკეთებენ, - ისინი უტევენ, პირველ რიგში, სირიის ოპოზიციას, რაც ცეცხლზე ნავთს ასხამს ამ ტრაგიკულ სამოქალაქო ომში“, - განაცხადა სენატორებთან შეხვედრისას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია წელიწადზე მეტია ახორციელებს საჰაერო დარტყმებს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე, თუმცა ამ ძალისხმევას ბრძოლის ველზე არსებითი შედეგები არ მოჰყოლია. მეორე მხრივ, რუსეთმა გასული თვის ბოლოს, 30 სექტემბერს, წამოიწყო საჰაერო კამპანია სირიაში საბრძოლო თვითმფრინავებით, მოგვიანებით ფრთოსანი რაკეტებიც გამოიყენა, რასაც მოჰყვა სირიის ჯარის სახმელეთო ოპერაცია ირანის ჯარების მხარდაჭერით. ეს არის ოპერაცია, რომელსაც, როგორც ეშ კარტერის განცხადებითაც ჩანს, კრიტიკულად აფასებენ დასავლეთში, რადგან ვარაუდობენ, რომ მოსკოვის მიზანია ტრადიციული მოკავშირის, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის, გაძლიერება და, შესაბამისად, ბრძოლა მის მოწინააღმდეგე ზომიერ ოპოზიციასთანაც.

ჯოზეფ დანფორდი
ჯოზეფ დანფორდი

„ჩემი აზრით, ძალთა ბალანსი ამჟამად პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის სასარგებლოა“, - განაცხადა სენატის კომიტეტში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა. მან სენატორებს გააცნო ინფორმაცია სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ ირანელებზეც. გენერლის მონაცემებით, სირიაში ამჟამად იბრძვის 2000-ზე ნაკლები ირანელი ჯარისკაცი, ერაყში კი -1000-მდე ირანელი.

დანფორდი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ერაყში აშშ-ის ძალებიც ჩაერთონ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ექსტრემისტების დამარცხების შანსის გასაზრდელად. რაც შეეხება სირიას, როგორც უკვე ითქვა, აშშ საჰაერო კამპანიის გააქტიურებას აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG