Accessibility links

logo-print

საიას გორის ოფისის წლიური ანგარიში


საიას გორის ოფისის წლიური ანგარიშის წარდგენა

საიას გორის ოფისის წლიური ანგარიშის წარდგენა

გორში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. საიას იურისტებთან შეხვედრას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. იურისტების განცხადებით, წლევანდელი სტატისტიკა მოწმობს, რომ ოფისის მომსახურებით სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს. ორგანიზაციას შიდა ქართლსა და სამცხე- ჯავახეთში 2013 წელს ათასობით ადამიანმა იურიდიული კონსულტაციისთვის მიმართა. ცალკე მიმართულებებია დევნილთა და მედიის წარმომადგენლების სამართლებრივი დახმარება. საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ საჩივრების რაოდენობა შემცირდებოდა, მაგრამ სტატისტიკა უფრო იზრდება.

პრეზენტაციისას გამოიკვეთა, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის განსაკუთრებული ბენეფიციარები ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები და იძულებით გადაადგილებული პირები არიან. ამ უკანასკნელი ჯგუფიდან საიას კონსულტაციიისთვის 2493-მა პირმა მიმართა. ლიახვის ხეობიდან დევნილი ნაზი ბერუაშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდა იურისტები იძულებით გადაადგილებულ პირებს დოკუმენტაციის მოწესრიგებაშიც ეხმარებიან.

საია აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და კონფლიქტის ზონის მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენასა და პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის წლიური ანგარიშის პრეზენტაციას საიას აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, გორის ოფისის მუშაობა რეგიონის სპეციფიკურობის გამო ძალზედ მნიშვნელოვანია.

საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივ თვითმმართველობასთან მუდმივი კომუნიკაცია და იქ გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა კონკურსზე მონიტორინგი, ადამიანის უფლებები და მოხელეთა ადმინისტრაციული გადაცდომები - ეს ის მიმართულებებია, რომლებზეც ახალგაზრდა იურისტები მუდმივად რეაგირებენ.
XS
SM
MD
LG