Accessibility links

logo-print

საიდ ცარნაევი: ცხინვალის დაბომბვა გროზნოს დაბომბვის სტილში ხდებოდა


იმაზე, თუ რომელმა მხარემ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, სხვადასხვა აზრი არსებობს. ამ მხრივ, საქართველოსა და მოსკოვში განსხვავებულ პოზიციებზე დგანან. კონფლიქტი ევროკავშირის დამოუკიდებელმა კომისიამ გამოიკვლია, რომლის ანგარიშშიც მხარეები თავიანთთვის სასარგებლო აზრებს ამოიკითხავენ ხოლმე. ამჯერად ჩვენი კოლეგა - ჟურნალისტი, ფოტოგრაფი საიდ ცარნაევი - გვიამბობს, თუ რა იხილა მან 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში, სადაც ის რუსეთის სააგენტოს, „რია ნოვოსტის“ მიერ იყო მივლინებული.

ცხინვალში ცარნაევის გამგზავრების თაობაზე მაშინ რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიურ სამსახურს მათმა კორესპონდენტმა შეატყობინა და მოგვიანებით, უკვე 11 აგვისტოს შემდეგ, ის რეპორტაჟებს გზავნიდა იქიდან. დღეს, 2013 წლის 8 აგვისტოს, ცარნაევი ამბობს, რომ მასიური დაბომბვა 8-ში საღამოს დაიწყო.

„სამი დღის განმავლობაში ომის, დაბომბვის საშინელი სურათის შემყურე ვიყავი. ომის, სროლის სტილზე დაკვირვებისას, მას ვადარებდი ჩეჩნეთში გროზნოს დაბომბვას. ისეთი ფიქრი მქონდა, რომ ამ ინტენსიურ დაბომბვას - სროლას - რუსეთის არმია აწარმოებდა. რატომ მიჩნდებოდა ასეთი აზრი? იმიტომ, რომ უწესრიგოდ ისროდნენ. პირველ რიგში ზარალდებოდა უბრალო ხალხი, ისევე როგორც ჩეჩნეთში, სადაც ხალხს გასართობად ხოცავდნენ. აბა, სხვა რა მიზანი ჰქონდა ასეთ სროლას? საომარი? თუ ის, რომ ომის იმიტაცია ყოფილიყო? ეს ფილოსოფიური საკითხია და სხვადასხვა მოსაზრებებს წარმოშობს. რატომ კეთდებოდა ეს? ერთი რამის თქმა ზუსტად შემიძლია: ქართული ძალები მცირე იყო იქ“, უთხრა ჩვენს ჩრდილოკავკასიელ კოლეგებს საიდ ცარნაევმა, ეთნიკურად ჩეჩენმა ჟურნალისტმა, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთიდან მიავლინეს ცხინვალში იქ მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად.
XS
SM
MD
LG