Accessibility links

logo-print

ცვლილებები საიმიგრაციო პოლიტიკაში და მისი შედეგები


საქართველოს საიმიგრაციო კანონმდებლობაში 2014 წლის პირველი სექტემბრიდან შესული ცვლილებების შედეგებზე საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) კვლევა გამოაქვეყნა. თანახმად კანონისა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, საქართველოში უვიზო ყოფნის ვადა შემცირდა და, 360 დღის ნაცვლად, 180-დღიან პერიოდში 90 დღით განისაზღვრა; ამასთან, უვიზო რეჟიმი გაუქმდა 24 ქვეყანასთან. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, გაუქმდა ვიზის საზღვარზე მიღების პრაქტიკაც. შედეგად, დღეის მდგომარეობით, საქართველოს 99 ქვეყანასთან აკავშირებს სავიზო რეჟიმი, მათგან 92 ქვეყანაში საქართველოს არ ჰყავს დიპლომატიური წარმომადგენლობა და არ გააჩნია საკონსულო დაწესებულება.

GRASS-ის მიერ მომზადებული კვლევა მიმოიხილავს სავიზო პოლიტიკის გამკაცრების შედეგებს ოთხი ძირითადი მიმართულებით: განათლების სფერო, ტურიზმი, გავლენა საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და უცხოელ ინვესტორებზე. მოკლედ მიმოვიხილოთ შესაძლო გავლენა თითოეულ სფეროზე.

განათლება - 2011-2012 წლიდან, 2014-2015 სასწავლო წლის ჩათვლით, საქართველოს უნივერსიტეტებში 5 622 უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტია ჩარიცხული. კვლევის ავტორთა თქმით, სავიზო რეგულაციებისა და სასწავლო ვიზის შემოღების შედეგად, დიდი ალბათობით, დაიკლებს სტუდენთა რიცხვი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ერაყი, ნიგერია და შრი ლანკა; ასევე ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც საქართველოს არ გააჩნია საკონსულო დაწესებულება. შეიძლება ითქვას, რომ ახალი რეგულაციები დარტყმას მიაყენებს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის იდეას, მიზიდულობას დაუკარგავს საქართველოს და ნაკლებად კონკურენტუნარიანს გახდის მას, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

ტურიზმი - კვლევის ავტორების თქმით, გაურკვეველია ის კრიტერიუმები, რომლებითაც იხელმძღვანელეს სავიზო რეჟიმის ქვეყანათა სიაში ცვლილებების შეტანისას. მაგალითად, სავიზო რეჟიმის ქვეყანათა სიაში მოხვდნენ შემომავალ ვიზიტორთა მხრივ ოცეულში შემავალი ქვეყნები - ერაყი და ირანი. 2010-2013 წლებში აღინიშნებოდა ვიზიტორთა მკვეთრი ზრდა ერაყიდან, საქართველოს მიმართულებით ხორციელდებდა კვირაში 16 რეისი, თუმცა მიმდინარე წელს, შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, ერაყიდან ფრენები არ განხორციელებულა. ანალოგიური სიტუაციაა ირანთან მიმართებით: 2013 წლის 1 ივლისს საქართველოს მთავრობამ ირანთან უვიზო რეჟიმი გააუქმა, რამაც გამოიწვია ამ ქვეყნიდან ვიზიტორთა კლება და კვირაში არსებული 9 ავიარეისის ორამდე შემცირება. კვლევის ავტორთა თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონის გათვალისწინებით, ხელისუფლება ტურისტების რაოდენობის გაზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული და უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას.

ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მსურველი უცხოელებიც. ბიუროკრატიული ბარიერები მათ ხელს უშლის ბინადრობის ნებართვის დროულად მიღებაში, რის შედეგადაც ისინი იძულებული ხდებიან შეამცირონ ვიზიტების რაოდენობა საქართველოში და, შესაბამისად, დახარჯული თანხები და ჩადებული ინვესტიციები. კვლევის შედეგად დადგინდა მინიმუმ ორი შემთხვევა, როდესაც აზიის ქვეყნებიდან საქართველოში მომავალ ინვესტორებს უარი ეთქვათ ვიზაზე.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს მხრიდან საიმიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგების მოთხოვნას შეიცავდა, თუმცა არც ერთი ვალდებულება არ გულისხმობდა ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყოფნის ვადების შემცირებას, დამატებით ბიუროკრატიული ბარიერების შემოღებას უცხოეული სტუდენტებისთვის. საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილება მართლაც საჭირო იყო, მაგრამ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ქვეყნის ეკონომიკური, საინვესტიციო და საგანმანათლებლო ინტერესები.

XS
SM
MD
LG