Accessibility links

logo-print

გორის საკრებულოში საიმპიჩმენტო პროცედურები დაიწყო


საკრებულოს წევრები

საკრებულოს წევრები

გორის საკრებულოს ბიუროს სხდომის მიმართ ჟურნალისტების ასეთი დიდი ინტერესი აქამდე არ ყოფილა. ყველა ელოდებოდა, რომ ბიურო მომავალი სხდომის დღის წესრიგში ოპოზიციის მოთხოვნას შეიტანდა საკრებულოსა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის უნდობლობის გამოცხადებისა და იმპიჩმენტის თაობაზე. გორის საკრებულოში ოპოზიციის რვა დეპუტატმა ერთბაშად მოითხოვა ქალაქის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და კიდევ ერთი კომისიის თავმჯდომარის უნდობლობის საკითხის დაყენება. ეს საკითხები ბიურომ საკრებულოს დღის წესრიგში არ შეიტანა, რამაც ოპოზიციის გაკვირვება გამოიწვია. „ქართული პარტიის“ წარმომადგენელმა ილია მეტრეველმა ეს საკითხი საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძესთან გააპროტესტა.

საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი არ ასაბუთებს, რისთვის ითხოვს საკრებულოსა და მერიაში იმპიჩმენტის სერიის დაწყებას და ჟურნალისტებს გვირჩევენ საკრებულოს სხდომას დაველოდოთ. საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე ამბობს, რომ ოპოზიციის განცხადებამ ჯერ კომისიაზე უნდა გაიაროს შესაბამისი პროცედურა და ამის შემდეგ მოხვდება სხდომის დღის წესრიგში. საკრებულოში საიმპიჩმენტო პროცედურების დაწყებას კობერიძე დემოკრატიულ პროცესად მიიჩნევს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხი, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე შევა და განხილვის საგანი გახდება.

ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის სიით გასულ წევრს, საკრებულოს ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ზაზა მეზვრიშვილსაც უცხადებს უნდობლობას, რადგან მას ხელისუფლებასთან ალიანსში ადანაშაულებენ. ბიუროს სხდომის დამთავრებისას მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ მერისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირების გადადგომას მხარს არ დაუჭერს.

გორის საკრებულო 15 კაცისგან შედგება. 6 დეპუტატი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია, 4 წევრი ჰყავს ირაკლი ოქრუაშვილის „ქართულ პარტიას“, 2 – „თავისუფალ დემოკრატებს“, 1 – „ნაციონალურ მოძრაობას“, 1 – „ნინო ბურჯანაძის ერთიან ოპოზიციას“ და 1 - ლეიბორისტულ პარტიას. ჯამში, ოპოზიციას 8 ხმა აქვს, რაც საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გადასაყენებლად საკმარისია. ქალაქის მერის იმპიჩმენტისთვის 10 ხმაა საჭირო, რაც ამ ეტაპზე ოპოზიციას არ აქვს, მაგრამ მერის იმპიჩმენტის საკითხი მაინც დგება. ოპოზიციის მიერ საიმპიჩმენტო პროცესის დაწყებას ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი გამოეხმაურა. მისი აზრით, ოპოზიცია კანონით მინიჭებულ უფლებას იყენებს.

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ხელისუფლების მომხრეები ოპოზიციისგან უნდობლობის საკითხების არგუმენტირებულ დასაბუთებას ითხოვენ. საკრებულოს რეგლამენტში ეს მოთხოვნა არ არსებობს და, გარდა ამისა, რეგლამენტი საკითხის დაყენებასაც მკაფიოდ განსაზღვრავს. თუ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნას თან არ ერთვის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა, საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოესი მომდევნო სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად. ოპოზიცია საკუთარ განცხადებაში რიგგარეშე სხდომის მოწვევას არ ითხოვს და 4 სექტემბრის სხდომას ელოდება. რეგლამენტის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნის ინიციატორებს შეუძლიათ გამოყონ ერთი მომხსენებელი ან უარი თქვან საკუთარი მოსაზრებების დასაბუთებაზე და მოითხოვონ განხილვის გარეშე კენჭისყრის ჩატარება. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ მისი გადაყენების შესახებ წინადადებას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიას თავისუფალი დემოკრატები ოპოზიციაში წავიდნენ, გორის საკრებულოში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა, პოლიტიკურად ერთმანეთისგან განსხვავებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა კი ქალაქის მერის, საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გადაყენების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს და ერთობლივი განცხადება საკრებულოს აპარატში შეიტანეს. 4 სექტემბრის სხდომა ახალი თვითმმართველობის პირობებში შესაძლოა პრეცედენტული აღმოჩნდეს და გორში წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელობა ოპოზიციამ აიღოს ხელში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG