Accessibility links

logo-print

უსაფრთხოება – კონფლიქტის ზონის მთავარი პრობლემა


საინფორმაციო შეხვედრა გორში

საინფორმაციო შეხვედრა გორში

გორში, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში, სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს არსებულ სოფლებში მცხოვრები ქალები იღებდნენ მონაწილეობას. საუბარი შეეხო იმ პრობლემებს, რომლებიც რამდენიმე წელია საზღვრისპირა სოფლებს აწუხებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მანანა კობახიძე ყველა წამოჭრილ პრობლემას ინიშნავდა. უსაფრთხოება, სარწყავი წყლის უქონლობა, სოციალური სიდუხჭირე, ჯანდაცვისა და განათლების ხელმიუწვდომლობა, მიგრაცია, კულტურის სახლების არარსებობა – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ამ შეხვედრაზე წამოიჭრა.

სოფელ ფლავში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუს მესაზღვრეებს საგუშაგო აქვთ მოწყობილი. როგორც კი ისინი გადაადგილებას იწყებენ, მასწავლებლები უსაფრთხოების არარსებობის გამო ბავშვებს სახლებში უშვებენ – ეს ინფორმაცია საზოგადოებას „შიდა ქართლის სათემო ფონდის – მშვიდობისა და განვითარების“ წარმომადგენელმა მარიამ ბუჩუკურმა მიაწოდა.

შეხვედრას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი მარინა სალუქვაძე ესწრებოდა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას კონფლიქტის ზონის სოფლებთან მიმართებით მთავრობის გეგმა გააცნო. მისი თქმით, რამდენიმე სამინისტროს წარმომადგენლების მიერ შექმნილია უწყებათშორისი კომისია, რომელიც საზღვრისპირა სოფლების პრობლემების გამოკვეთასა და გადაწყვეტაზე იმუშავებს.

ერგნეთის მცხოვრების ლია ჩლაჩიძის აზრით, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როცა საპარლამენტო და ადგილობრივი ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში უსმენდა კონფლიქტის ზონის მოსახლეობას. ის ამბობს, რომ მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის მუდმივი კონტაქტი უნდა იყოს, რათა საჭიროებების შესახებ ჯერ რეალური სურათი დაიდოს, შემდეგ კი ხელისუფლებამ გადაჭრის გზები მოძებნოს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მანანა კობახიძემ ორგანიზაციების წარმომადგენლებს სთხოვა პრობლემების დეტალური ჩამონათვალი პარლამენტში გაგზავნონ, თავის მხრივ კი პირობა დადო, რომ პარლამენტი ხელისუფლებასთან ერთად მძიმე ვითარებიდან გამოსავლის ძებნას დაიწყებს.

პროექტს „ქალები თანასწორობის, მშვიდობის და განვითარებისთვის საქართველოში“ ახორციელებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებულ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და ეროვნული უმცირესობების ქალთა ჯგუფებს მოუპოვოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის მხარდაჭერა და გააძლიეროს მათი შესაძლებლობები.
XS
SM
MD
LG