Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარიმა იზრდება, პატიმრობის ვადა მცირდება


პოლიცია აკავებს აქციის მონაწილეს. თბილისი, 2013 წლის 1 მაისი
პოლიცია აკავებს აქციის მონაწილეს. თბილისი, 2013 წლის 1 მაისი
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული სანქცია ხუთმაგდება და 400-დან 2000 ლარამდე იზრდება - პირს მათი სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში 2000-ლარიანი ჯარიმა ან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ელოდება. ამ შინაარსის საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროა. მოსალოდნელ ცვლილებას უკვე საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. უფლებადამცველების აზრით კი, საჯარიმო სანქციების გაზრდა ყველაზე მეტად აქციების მონაწილე პირებს შეეხებათ და მათ შევიწროებას შეუწყობს ხელს.

სამართალდამცავთა მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა - სწორედ ადმინისტრაციული კოდექსის ამ - 173-ე - მუხლით დააკავეს პირველი მაისის სტუდენტურ აქციაზე მათე გაბიცინაშვილი, ხოლო, მასთან ერთად, კიდევ 34 სტუდენტი. მათე ამბობს, რომ სასამართლომ ის მხოლოდ იმის გამო
თუ პოლიციელს არ ექნა თმენის ვალდებულება, თუ პოლიციელი არ იქნა კონკრეტულ მონაკვეთში, კონკრეტული ქმედების აქტში პასუხისმგებლობით აღჭურვილი ტიპი და იცის, რომ რაც უნდა მოხდეს და რაც უნდა პროვოცირება მოახდინოს, ყოველთვის მართალია, ეგ კიდევ უფრო გააუარესებს ამ პრობლემას...
მათე გაბიცინაშვილი
გაამართლა, რომ საკუთარი უდანაშაულობის დამამტკიცებელი ვიდეომასალა წარადგინა. დაკავებულთა ნაწილი მინიმალური თანხით დააჯარიმეს. მათეს სიტყვებით, რომ არა ვიდეომასალა, მასაც დააჯარიმებდნენ. სწორედ ამიტომ, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციის გახუთმაგების წინააღმდეგია და ამბობს, რომ არც 400-ლარიანი ჯარიმაა ცოტა და, ამასთან, ეს პოლიციელებს კიდევ უფრო მეტ თვითდაჯერებულობას შეჰმატებს და მეტად გაუხსნის ხელს.

„ხულიგნური ფაქტები იქნება თუ დაპირისპირება პოლიციელებთან, ამის განსამუხტავად, ერთადერთი გზა არსებობს: პოლიციელი უნდა გახდეს მეტად პასუხისმგებლიანი, პოლიციელთა მეტად პასუხისმგებლიანობას კი უშლის ხელს ის, რომ პოლიციელი ”აბსოლუტურად მართალია”. შესაბამისად, თუ პოლიციელს არ ექნა თმენის ვალდებულება, თუ პოლიციელი არ იქნა კონკრეტულ მონაკვეთში, კონკრეტული ქმედების აქტში პასუხისმგებლობით აღჭურვილი ტიპი და იცის, რომ რაც უნდა მოხდეს და რაც უნდა პროვოცირება მოახდინოს, ყოველთვის მართალია, ეგ კიდევ უფრო გააუარესებს ამ პრობლემას და უფრო ცენტრალიზებულ და უფრო მეტად დახურულს გახდის ამ სისტემას, რაც, ჩემი აზრით, ცუდია და ვნახოთ, პარქტიკაში რა შედეგს გამოიღებს“.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს საკმოდ ფართო გამოყენება ჰქონდა სასამართლო პრაქტიკაში და მას 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ოპოზიციის ლიდერებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ იყენებდნენ ხოლმე, ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე. მისი სიტყვებით, ბოლოს „დინამო არენასთან“ მომხდარის გამო დაკავებული პირებიც სწორედ ამ მუხლით მისცეს პასუხისგებაში - ამ ნორმის გამოყენება იყო ძალიან თვითნებური, რადგან ერთი პოლიციელის ჩვენებაც კი საკმარისი იყო პირის პასუხისგებაში მისაცემად:
გიორგი გოცირიძე
გიორგი გოცირიძე

„საშიშ მექანიზმს აძლევს პოლიციას, რომ ეს ნორმა გამოიყენოს კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც პროტესტს გამოთქვამს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ეს დამატებითი ფინანსური ტვირთი შეიძლება იყოს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქუჩაში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობს“.

გიორგი გოცირიძის აზრით, ასეთი მკაცრი სანქციების შემოღებით მოქალაქეები დაკარგავენ პროტესტის გამოხატვის სურვილს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვან პრობლემად უფლებადამცველი ამგვარი ბრალდებით დაკავებული პირების პროცესუალური დაცვის შესაძლებლობას მიიჩნევს:

„თუ არ დადგინდა პროცესუალური დაცვის მექანიზმები ასეთი პირების მიმართ, ჩემი აზრით, ეს უფრო საშიშია, ვიდრე თუნდაც სანქციის გამკაცრება ამ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. თავისთავად ამ სანქციის საშიშროებამ ადამიანი შეიძლება აიძულოს უარი თქვას გამოვიდეს ქუჩაში და მოაწყოს საპროტესტო აქცია“.
ჩვენ, მართალია, ერთი მხრივ, ჯარიმის ოდენობას ვზრდით 400 ლარიდან 200 ლარამდე ოდენობით, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ 90-დღიან პატიმრობას ვამცირებთ 15 დღემდე...
ზვიად ოქროპირიძე

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების ერთ-ერთი თანაავტორი კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის იურიდიული სამმართველოს უფროსი ზვიად ოქროპირიძე, საზოგადოების კრიტიკულ დამოკიდებულებას ცვლილების მიმართ ალოგიკურს უწოდებს. მისი სიტყვებით, თუ საჯარიმო თანხა 400-ლარიდან 2000 ლარამდე იზრდება, სამაგიეროდ, მცირდება პატიმრობის 90-დღიანი ვადა 15 დღემდე, რაც სახალხო დამცველის რეკომენდაციაც იყო. შესაბამისად, კანონის გამკაცრება არ ხდება:

„რადგან კანონი ითვალისწინებდა ჯარიმას 400 ლარამდე, ხოლო თუ ჯარიმა არ იყო საკმარისი, მაშინ სასამართლოს შეეძლო პირისთვის შეეფარდებინა ადმინისტრაციული პატიმრობა 90 დღემდე ვადით და ეს აპრობირებული პრაქტიკა იყო. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არცთუ ისე იშვიათად ხდებოდა აღნიშნული სანქციის გამოყენება. ჩვენ, მართალია, ერთი მხრივ, ჯარიმის ოდენობას ვზრდით 400 ლარიდან 200 ლარამდე ოდენობით, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ 90-დღიან პატიმრობას ვამცირებთ 15 დღემდე, და ეს, პრინციპში, სახალხო დამცველის რეკომენდაციებიდანაც გამომდინარეობს“.

ამასთან, ზვიად ოქროპირიძის სიტყვებით, კანონში შესატანი ცვლილებები აქციებისგან თავშეკავების გამოწვევით არ არის მოტივირებული. აქციის მონაწილეებს, რომლებიც პოლიციელთა თვითნებობას ან პროფესიულ გადაცდომას შეამჩნევენ, შეუძლიათ სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართონ. მისივე სიტყვებით, თითოეულ საკანონმდებლო ცვლილებას სამინისტრო კონკრეტული სტატისტიკის მიხედვით ახორციელებს და უკანასკნელი ცვილილებაც სწორედ ამ სტატიკითაა ნაკარნახევი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG