Accessibility links

logo-print

მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოების ხმა უნდა მოისმინოს


კონფერენცია ”საჯარო პოლიტიკის ადვოკატირება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში”

კონფერენცია ”საჯარო პოლიტიკის ადვოკატირება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში”

ქართული საჯარო პოლიტიკის პრობლემებს განიხილავდნენ სასტუმრო ”რედისონში” შეკრებილი ქართველი და შეერთებული შტატებიდან მოწვეული მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კონფერენცია ”საჯარო პოლიტიკის ადვოკატირება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” მიზნად ისახავს საქართველოში არჩევნების შემდეგ არსებული პოლიტიკური გამოწვევების განხილვას და ამ პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. კონფერენცია შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

რა გეგმები აქვს და როგორ ხედავს ამ გეგმების განხორციელებას ოთხი სამინისტრო - ჯანდაცვის, სასჯელაღსრულების, განათლებისა და სოფლის მეურნეობის? სწორედ ამ საკითხებზე გაიმართა დისკუსია სასტუმრო „რედისონში“. როგორც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა სტივენ ჰეიკინმა განაცხადა, პრიორიტეტულად გამოიყო ამ ოთხი სამინისტროს მუშაობის შესწავლა და მათთვის რეკომენდაციების მიწოდება ადგილობრივი და ამერიკელი სპეციალისტების მიერ:

”კონფერენციები ჩვენი პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებრივი დისკუსიების გამართვას სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკის განსაზღვრის მნიშვნელოვან საკითხებზე, და მასში ჩართულები არიან უნივერსიტეტები, სამოქალაქო საზოგადოება, მთავრობის წარმომადგენლები. ეს ყოველწლიური კონფერენციაა, რომელზეც ჩვენ ვიწვევთ ხოლმე მომხსენებლებს სხვადასხვა საკითხებზე, როგორიცაა ამ შემთხვევაში ჯანდაცვის პოლიტიკის რეფორმა, ციხის რეფორმა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც მიმდინარეობს დებატები ქართულ საზოგადოებაში”.
2011 წლის ანგარიშებით, 70%-ზე მეტი კვლავ ჯიბიდან გადახდაზე მოდიოდა, შინამეურნეობების 9 % კატასტროფული ფინანსური რისკების წინაშე იდგა. 2010 წლისთვის და 2012 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 50% არ იყო დაცული ფინანსური სქემებით...


იმის ასახსნელად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთავრობას ჰქონდეს კოორდინაცია სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, საქართველოში ჩამოსულმა ნიუ-იორკის ვიცე-მერმა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებში ლინდა გიბსმა თქვა:

”მნიშვნელობა არა აქვს, ნიუ-იორკში ხარ, საქართველოში, სამხრეთ აფრიკასა თუ საფრანგეთში, მსგავსი პრობლემების წინაშე ყველა დგას. თქვენ გყავთ მთავრობა, რომელიც ვალდებულია მოქალაქეები უზრუნველყოს სხვადასხვა სერვისებით, ჩვენ კი, როგორც მოქალაქეებს, გვაინტერესებს, რამდენად სწორად და მიზანმიმართულად კეთდება საქმე. მთავარი გამოწვევა კი ყველა ჩვენგანისათვის არის ის, რომ გვქონდეს კარგი თანამშრომლობა, რათა მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია გაიცვალოს და გვყავდეს რაც შეიძლება მეტი პარტნიორი, ვინც სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაზე იფიქრებს, რაც, თავის მხრივ, დაგვეხმარება საუკეთესო შედეგების მიღებაში”.

კონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა სფეროს განვითარების 5-წლიანი გეგმა წარმოადგინა, რომელმაც ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა უნდა აამაღლოს. მარიამ ჯაშმა გამოსვლისას მოიყვანა სფეროს დაფინანსების 2007-2011 წლებში არსებული მაჩვენებლები და, განაცხადა, რომ მოუხედავად ყოველწლიურად მზარდი დაფინანსებისა, საზოგადოების მიერ ჯანდაცვაზე დანახარჯები კოლოსალურ თანხებს შეადგენდა:

”მიუხედავად იმისა, რომ იზრდებოდა ჯანდაცვის დაფინანსება და მიუხედავად იმისა, რომ იზრდებოდა მოცვა სადაზღვევო პროგრამებით დღემდე, 2011 წლის ანგარიშებით, 70%-ზე მეტი კვლავ ჯიბიდან გადახდაზე მოდიოდა, შინამეურნეობების 9 % კატასტროფული ფინანსური რისკების წინაშე იდგა. 2010 წლისთვის და 2012 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 50% არ იყო დაცული ფინანსური სქემებით”.
ეს დაპირებები და გაორმაგებული ბიუჯეტი, რომელიც დღეს არის, მისასალმებელია და ეს ჩვენი ოცნება იყო, მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წლის ნაწილის ბიუჯეტი. შემდეგი წლების ჯანდაცვის ბიუჯეტი იქნება კატასტროფულად დიდი, თუ ყველა იმ დაპირებას შეასრულებთ, რასაც თქვენ ჰპირდებით მოსახლეობას...


ამ სტატისტიკის მოშველიება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს იმის ასახსნელად დასჭირდა, თუ რატომ გადაწყვიტა ახალმა ხელისუფლებამ აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვასა და საყოველთაო დაზღვევის სისტემაზე გაეკეთებინა. თუმცა, როგორც კონფერენციის მიზანიც ითვალისწინებდა, დარბაზში შეკრებილი სამოქალაქო საზოგადოების შეფასებებმაც არ დააყოვნა და ფონდ ”კურაციოს” დირექტორმა გიორგი გოცაძემ სამინისტროს განზრახვაში უფრო პოლიტიკური მიზნები დაინახა, ვიდრე მისი რეალურად განხორციელების შესაძლებლობა. გიორგი გოცაძემ თქვა, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში არ უნახავს პოლიტიკური გუნდი, რომელიც ახალი ინიციატივებით არ გამოდიოდეს, მაგრამ ყველაზე სამწუხარო, მისი სიტყვებით, არის ის, რომ არც ერთი გუნდის მიერ წარმოდგენილი პროგრამები არ ყოფილა კავშირში ქვეყნის ბიუჯეტსა და ფისკალურ პოლიტიკასთან:

”თქვენს პრეზენტაციაში იყო, რომ ერთ-ერთი გამაღარიბებელი ფაქტორი არის სამედიცინო დანახარჯები. რეალური ინიციატივები, რომელიც დღეს არის გადადგმული სამინისტროს მიერ, არც ერთი არ ემსახურება ამ დანახარჯების შემცირებას. ჯერჯერობით რაც საზოგადოებამ იხილა, ეს ნანახი აქვს თქვენს წინამორბედ მთავრობებსაც - თუ არ ვცდები, ბოლო 4 მინისტრს. მეორე, რაც მინდა ვთქვა, რომ ეს დაპირებები და გაორმაგებული ბიუჯეტი, რომელიც დღეს არის, მისასალმებელია და ეს ჩვენი ოცნება იყო, მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ წლის ნაწილის ბიუჯეტი. შემდეგი წლების ჯანდაცვის ბიუჯეტი იქნება კატასტროფულად დიდი, თუ ყველა იმ დაპირებას შეასრულებთ, რასაც თქვენ ჰპირდებით მოსახლეობას”.

თუმცა ამის რეალური მოლოდინი შეხვედრაზე არაერთმა გამომსვლელმა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.

კონფერენციაზე განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს დაწყებითი საგანმანათლებლო რგოლის - საჯარო სკოლების - ავტორიზაცია-აკრედიტაციის თაობაზე. როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ განაცხადა, სკოლების ავტორიზაციის მექანიზმი ჯერჯერობით დახვეწილი არ არის და მისთვის სწორედ ამ თემაზე იყო მნიშვნელოვანი მოსაზრებების მოსმენა. თავის მხრივ, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის სიტყვებით, ძალიან სასარგებლოა იმ სამინისტროსთვის, რომელიც ”სისტემაზე ორიენტირებული უწყებიდან ადამიანის უფლებების დაცვის ღირებულებების გამტარებელ უწყებად ჩამოყალიბდა”, გაითვალისწინოს სამოქალაქო საზოგადოების შეხედულებები. სწორედ ამის იმედი აქვს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს, იურისტ ნაზი ჯანეზაშვილს. მისი სიტყვებით, წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულებისა და ინფორმაციის ღიად გაცვლის პრაქტიკა, მაგრამ ეს პრაქტიკა იყო მხოლოდ ფორმალური და მხოლოდ საპრეზენტაციო შინაარსის:

ნაზი ჯანეზაშვილი

ნაზი ჯანეზაშვილი

”მათ რაღაცნაირად რომ მხოლოდ ანგარიშები წარუდგინონ საზოგადოებას, ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, რომ სამოქალაქო სექტორი იყოს ამ პროცესში აქტიურად ჩართული. თუმცა აქაც ბალანსია საჭირო. ხშირად მრჩება ხოლმე შთაბეჭდილება, რომ რიგ შემთხვევებში სამოქალაქო საზოგადოებას უფრო მეტი პასუხისმგებლობაც კი ეკისრება. ესეც არ არის სწორი. ბალანსი უნდა იყოს დაცული სამოქალაქო საზოგადოების ფუნქცია-მოვალეობებსა და სახელმწიფოს მოვალეობებს შორის”.

კონფერენციაზე შეკრებილი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მსგავს შეხვედრებში მხოლოდ მსმენელის როლით არ შემოიფარგლება და აქ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები რეალობაში აისახება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG