Accessibility links

logo-print

განცხადება, ატესტაცია, გასაუბრება - საკადრო წმენდის ინსტრუმენტები?


საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ თბილისის მერიიდან თანამშრომლების გათავისუფლება პოლიტიკური დევნის ხასიათს ატარებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მერიაში დასაქმებული პირები ამტკიცებენ, რომ 2014 წლის აგვისტოდან სისტემატიურად ხორციელდება მათზე ზეწოლა, რათა პირადი განცხადებების საფუძველზე დატოვონ სამსახური. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პროკურატურას დაინტერესდეს მერიიდან თანამშრომლების დათხოვნის კანონიერებით.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გიორგი ხაბურზანია ამბობს, რომ მასაც აიძულებდნენ განცხადებაზე ხელი მოეწერა იმ მიზეზით, რომ ახალ გუნდთან მისი თანამშრომლობა შეუძლებელი იქნებოდა:

„განცხადება გამზადებული იყო. უბრალოდ, ხელი უნდა მომეწერა და, ალბათ, დამიკმაყოფილებდნენ, რადგანაც სურდათ ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება. მეორედ დამიბარეს, სადაც იყო სამსახურის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და მოთხოვნა იყო იგივე, ჩემი ნებით დამეწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ. თუ არ დავწერდი, არსებობდა სხვა ხერხები, მაგალითად, მოახლოებული ატესტაცია, გასაუბრება და რეორგანიზაცია და ამით მაინც გაგათავისუფლებთო“.

მარტო აგვისტოს თვეში 155 მოხელე იქნა გათავისუფლებული თბილისის მერიიდან და, მათ შორის, 115 პირადი განცხადებით წავიდა სამსახურიდან, რაც თავისთავად აჩენს კითხვებს. ჩვენ მოგვმართა არაერთმა პიროვნებამ, რომლებიც ამბობენ, რომ მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა...

გიორგი ხაბურზანიამ, მერიის რამდენიმე სხვა თანამშრომელთან ერთად, გაუძლო ზეწოლას და არ მოაწერა ხელი სამსახურიდან წასვლის განცხადებას, თუმცა, როგორც "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელი ნინო ხითარიშვილი ვარაუდობს, ბევრმა ვერ გაუძლო ზეწოლას, რაზეც მშრალი სტატისტიკაც კი მეტყველბს:

„მარტო აგვისტოს თვეში 155 მოხელე იქნა გათავისუფლებული თბილისის მერიიდან და, მათ შორის, 115 პირადი განცხადებით წავიდა სამსახურიდან, რაც თავისთავად აჩენს კითხვებს. ჩვენ მოგვმართა არაერთმა პიროვნებამ, რომლებიც ამბობენ, რომ მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა, რათა დაეწერათ განცხადება და თავიანი სურვილით დაეტოვებინათ თანამდებობები“.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის169-ე მუხლის თანახმად, ,,პირის იძულება დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე" წარმოადგენს დანაშაულს. შესაბამისად, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი ამბობს, მერიის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების განცხადება უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ სამართალდამცავმა ორგანოებმა:

ჩვენს შემთხვევაში პრობლემაა ის, რომ ასე არ ხდება. სავარაუდოდ, პოლიტიკური საფუძველი რომ უდევს, ეგ არის პრობლემა. ეს ადამიანები არც არიან პარტიის წევრები. მე არც კი მიკითხავს მათთვის, არიან თუ არა პარტიის წევრები, რადაგანაც, საქართველოს კანონომდებლობის მიხედვით, მათ არ ეკრძალებათ პარტიის წევრობა...

„როგორც მინიმუმ, გამოძიება უნდა დაიწყოს. შეიძლება არ გამოვლინდეს დანაშაული, მაგრამ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს. კანონის დარღვევაა, როცა არ იწყება გამოძიება! არ არის აუცილებელი, რომ ვინმემ წერილობით მიმართოს. როცა მედიით ვრცელდება ინფორმაცია კანონის დარღვევის შესახებ, პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება“.

ლევან ნატროშვილის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებისათვის საჭიროა კანონმდებლობის მოთხოვნების ზუსტი დაცვა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კახა კოჟორიძეც ამბობს, რომ თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის პრეზიდენტიც, მაგრამ ამისთვის სათანადო მიზეზია საჭირო:

„ჩვენს შემთხვევაში პრობლემაა ის, რომ ასე არ ხდება. სავარაუდოდ, პოლიტიკური საფუძველი რომ უდევს, ეგ არის პრობლემა. ეს ადამიანები არც არიან პარტიის წევრები. მე არც კი მიკითხავს მათთვის, არიან თუ არა პარტიის წევრები, რადაგანაც, საქართველოს კანონომდებლობის მიხედვით, მათ არ ეკრძალებათ პარტიის წევრობა. პარტიის წევრებიც რომ იყვნენ, არავის აქვს უფლება, რომ ისინი ამ მოტივით გაათავისუფლონ“.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მერიის თანამშრომლების ბრალდების პასუხად, თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი აცხადებს, რომ პატივს სცემს მესამე სექტორის წარმომადგენელთა საქმიანობას, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ისინი არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ:

ჩვენ პირველ ეტაპზე ჩავატარებთ ტესტირებას მოქმედი თანამშრომლებისთვის (ვისაც აქვს ვალდებულება), ამის შემდეგ იქნება გასაუბრება. ვაკანსიებზე გამოცხადდება ღია კონკურსი და იგივე საკონკურსო-საატესტაციო კომისია ჩაატარებს ორეტაპიან კონკურსს...

„ამ შემთხვევაში, როცა საუბარია დაუსაბუთებელ ბრალდებაზე, თითქოს პოლიტიკური ნიშნით ვედავებით თანამშრომლებს, ვერ დავეთანხმებით. ვურჩევდი მეგობრებს მესამე სექტორიდან, რომ გადაამოწმონ ფაქტები და ისე მიაწოდონ მოსახლეობას ინფორმაცია“.

მერიის თანამშრომლები კი შიშობენ, რომ ვინც განცხადება არ დაწერა, მათ ატესტაციისა და გასაუბრების შედეგად გაათავისუფლებენ. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მან უკვე დაამტკიცა საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებას უზრუნველყოფს:

„ჩვენ პირველ ეტაპზე ჩავატარებთ ტესტირებას მოქმედი თანამშრომლებისთვის (ვისაც აქვს ვალდებულება), ამის შემდეგ იქნება გასაუბრება. ვაკანსიებზე გამოცხადდება ღია კონკურსი და იგივე საკონკურსო-საატესტაციო კომისია ჩაატარებს ორეტაპიან კონკურსს. ტესტირების პროცესი მთლიანად იქნება გარეთ გატანილი და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მის ჩატარებას“.

დავით ნარმანიას ამ განცხადებას ასევე გამოეხმაურა მესამე სექტორი, რომელმაც კიდევ ერთხელ მოუწოდა მერს უზრუნველყოს მერიაში დაგეგმილი ატესტაციისა და კონკურსის ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვა. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები, ნდობის ამაღლების მიზნით, მოითხოვენ ატესტაციის პროცესზე დასწრებასა და მონიტორინგის განხორციელებას. მესამე სექტორი ასევე აგროვებს ინფორმაციას სხვა თვითმმართველობებიდან თანამშრომლების დათხოვნის კანონიერების თაობაზე.

XS
SM
MD
LG