Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკადრო პოლიტიკა საჯარო სამსახურში - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ პასუხი მთავრობას


იუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს საჯარო უწყებებში საკადრო პოლიტიკის შესახებ მთავრობის თითქმის ყველა პირველი პირი უარყოფითად გამოეხმაურა და ორგანიზაციას ფაქტების გადამოწმებისაკენ მოუწოდა. პასუხად 13 აგვისტოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი დოკუმენტები წარმოადგინა და განაცხადა, რომ მათ მიერ მომზადებული ანგარიში სწორედ ამ ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა. ამ ინფორმაციის თანახმად კი, სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანების 41%-მა სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, სამსახურში მიღებული ახალი კადრებიდან კი მხოლოდ 4% შეირჩა კონკურსის წესით.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის სამი თანამშრომელი, - მაია ზავრაშვილი, ანა საბახტარიშვილი და ნინო არველაძე, - რომლებიც სამსახურიდან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების შეცვლისთანავე გაათავისუფლეს, სამსახურში მას შემდეგ აღადგინეს, რაც მათ სასამართლოში იჩივლეს და პროცესი მოიგეს. ძველ სამსახურში მათ ხელახლა დაბრუნებას დაემთხვა სწორედ 12 აგვისტოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებული ანგარიში საჯარო მოხელეების დათხოვნის შესახებ, რომლის თანახმად, ოქტომბრიდან მარტამდე საქართველოს საჯარო უწყებებიდან 5000-ზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა, მათი 41% კი სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი თათია ელიაძე, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტებთან ერთად სასამართლოში ამ სამი ადამიანის ინტერესებს იცავდა, ამბობს, რომ, მიუხედავად სასამართლოს განაჩენისა, მათ საქმეში აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩართვა მოუხდათ:

„გუშინ ეს ადამიანები გამოცხადდნენ სამსახურში, მაგრამ, როგორც მათგან ვიცი, არის აბსოლუტურად გაუსაძლისი პირობები და ახალ გუნდთან მუშაობა არის ძალიან რთული, რადგანაც კვალიფიკაციის სერიოზული დეფიციტია, ნათესავ-მეგობრების დიდი კავშირი, რომელში შეღწევაც მხოლოდ პროფესიონალიზმით საკმაოდ დიდი პრობლემაა და, რაც მთავარია, აღქმა, რომ სამსახურში დაბრუნდნენ მტრები. და ეს მაშინ, როცა ყველა თანამშრომელი ჩვენთან კონკურსის წესით მივიღეთ და თავის დროზე ისე გაუშვეს ყველანი, რომ მათ ავტობიოგრაფიებშიც კი არ ჩაუხედავთ“.

როცა ქვეყანაში ასეთი ტოტალური უმუშევრობაა, უბრალოდ, გაუგებარია, რატომ ტოვებს ამდენი ადამიანი უცებ სამსახურს თავისი სურვილით. იყო შემთხვევები, როცა ეს ადამიანები ღიად ლაპარაკობდნენ ზეწოლაზეც და ეს ფაქტები ჩვენც არაერთხელ გავახმაურეთ, თუმცა სამართალდამცავებისგან ამას რეაგირება არ მოჰყოლია...
ეკა გიგაური
თავად თათია ელიაძეც ადასტურებს, რომ სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა მას მიანიშნებდა, სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება თავად დაეწერა, რადგან ის „ძველი სისტემის ნაწილი იყო“. ამბავი იმით დასრულდა, რომ ცენტრის დირექტორის თანამდებობა საერთოდ გაუქმდა იმ მოტივით, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (ცენტრს) არ სჭირდებოდა ხელმძღვანელი, ორიოდ დღეში კი ცენტრის 25-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს. ეს ამბავი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გამოკვლევაშიც მოხვდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს,რომ ოთხთვიანი კვლევის განმავლობაში საჯარო სამსახურებში ორგანიზაციამ 300-მდე წერილი გაგზავნა. მათ გამოკვლევაში ასახული ყველა მონაცემი სწორედ მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციას ეყრდნობა. 13 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკა გიგაურმა სახელმწიფო მოხელეების გასაგონად კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნების შემდეგ საჯარო სამსახურებიდან 5638 მოხელე გაათავისუფლეს (11%), მათმა 41%-მა კი სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა:

„როცა ქვეყანაში ასეთი ტოტალური უმუშევრობაა, უბრალოდ, გაუგებარია, რატომ ტოვებს ამდენი ადამიანი უცებ სამსახურს თავისი სურვილით. იყო შემთხვევები, როცა ეს ადამიანები ღიად ლაპარაკობდნენ ზეწოლაზეც და ეს ფაქტები ჩვენც არაერთხელ გავახმაურეთ, თუმცა სამართალდამცავებისგან ამას რეაგირება არ მოჰყოლია. ის, რომ 7000-ზე მეტი ადამიანი უკონკურსოდ აიყვანეს სამსახურებში, ესეც არის ძალიან დიდი პრობლემა და კანონდარღვევა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებში განვითარებულ მოვლენებს 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე აკვირდებოდა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების საჯარო დაწესებულებებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სულ საჯარო სამსახურებიდან 5638 ადამიანი გაუშვეს, მათგან 2336-მა (41%) სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება დაწერა. ამ პერიოდში არც ერთ საჯარო დაწესებულებაში ტესტირება არ ჩატარებულა. სულ თანამდებობებზე 7008 მოხელე დაინიშნა - მათგან მხოლოდ 257 (4%) შეირჩა კონკურსის წესით. დანარჩენებს ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გარეშე ნიშნავდნენ. გამოკვლევაში ვკითხულობთ, რომ ყველაზე მეტი, 897 ადამიანი, შსს-დან გათავისუფლდა. ფინანსთა სამინისტროდან 278 მოსამსახურე გაათავისუფლეს, აქედან 241 - საკუთარი განცხადების საფუძველზე. იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლდა 567 თანამშრომელი, 269 - საკუთარი განცხადების საფუძვლზე და ა.შ

1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა ძველი მინისტრთა კაბინეტი გადადგა, სანამ ახალი დაინიშნებოდა, სამინისტროში შემოვიდა ”ქართული ოცნების” შემსწავლელი ჯგუფი, რომლებმაც დაიწყეს დოკუმენტაციის (მიმდინარე და განვლილი პროექტების) შესწავლა. ჯგუფი დაკომპლექტებული იყო პარტიის აქტივისტებით. ჩემს შემთხვევაში, სანამ ახალი მინისტრი დაინიშნებოდა, შემსწავლელი ჯგუფის წევრები პერიოდულად მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, შენი განცხადება ვერ ვნახეთ და თუ აპირებ წასვლასო...
სამსახურიდან დათხოვნილ ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ მათ სისტემაში არ უნდა ემუშავათ. ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქარველოსთან“ არაერთი გამოკითხული ადამიანი ადასტურებს. ნაწილი საკუთარი ვინაობის დასახელებას ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით ერიდება, ნაწილიც ღიად საუბრობს იმ ზეწოლაზე, რომელიც არჩევნების შემდეგ მასზე ხორციელდებოდა.

რადიო თავისუფლება ერთ-ერთი სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს გაესაუბრა, რომელიც ასევე საკუთარი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს. მან ანონიმად დარჩენა ითხოვა, თუმცა ამბავი მოგვითხრო:

„1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა ძველი მინისტრთა კაბინეტი გადადგა, სანამ ახალი დაინიშნებოდა, სამინისტროში შემოვიდა ”ქართული ოცნების” შემსწავლელი ჯგუფი, რომლებმაც დაიწყეს დოკუმენტაციის (მიმდინარე და განვლილი პროექტების) შესწავლა. ჯგუფი დაკომპლექტებული იყო პარტიის აქტივისტებით. ჩემს შემთხვევაში, სანამ ახალი მინისტრი დაინიშნებოდა, შემსწავლელი ჯგუფის წევრები პერიოდულად მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, შენი განცხადება ვერ ვნახეთ და თუ აპირებ წასვლასო. მე გადავწყვიტე, რომ სანამ ახალი მინისტრი არ მოვიდოდა და არ შეგვხვდებოდა პირადად, განცხადება არ დამეწერა. ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ შეხვედრაზე ვუთხარი, რომ თუ საკადრო ცვლილებებს გეგმავდა, მინდოდა მისგან გამეგო ამის შესახებ, როგორც უშუალო უფროსისგან. მითხრა, რომ იგეგმებოდა რეორგანიზაცია,
თუმცა, კონკრეტულად, რა სახის, ჯერ არ იცოდა. რამდენიმე დღეში დამიბარა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომელმაც, ფაქტობრივად, დამკითხა და მთხოვდა, ”მეღიარებინა”, რას მავალებდა წინა ხელმძღვანელობა. ვუთხარი, რომ ასაღიარებელი არაფერი მქონდა. შემდეგ შეხვედრაზე კი მითხრეს, რომ ჩემი შემცვლელი უკვე ჰყავდათ და გამაცნეს კიდეც. მითხრეს, რომ ნოემბრის ბოლომდე დამეწერა განცხადება. მე ვუთხარი, რომ მერჩივნა ბრძანებით გავეშვი, რაზეც მივიღე პასუხი, რომ თუ ჩემით არ დავწერდი განცხადებას, ძალიან ცუდად გამიშვებდნენ. მითხრეს, რომ დარღვევები ვერ იპოვეს ჩემი საქმის შესწავლისას, თუმცა რადგან ვმუშაობდი წინა მინისტრთან, ამის გამო სამსახურში ვერ დამტოვებდნენ. ამის შემდეგ კი მთელი ორი კვირა მირეკავდნენ და მახსენებდნენ, რომ ნოემბრის ბოლოს განცხადება უნდა დამეწერა“.

სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები, რომლებიც ანგარიშს 12 აგვისტოსვე გამოეხმაურნენ, აცხადებენ, რომ მასში მოტანილი მონაცემები არაზუსტია. ასეთი იყო, მაგალითად, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის და სხვათა კომენტარები.

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი ფიქრობს, რომ, შესაძლოა, ადამიანების სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი გაბერილი შტატებიც გახდა. თუმცა მასაც ეჭვს აღუძრავს ის გარემოება, რომ ამდენმა ადამიანმა ერთდროულად თავისი ნებით დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება:

„შესაძლოა, არსებობდეს მცირე პროცენტი ისეთი ადამიანებისა, რომლებსაც ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად გარკვეული შეუთავსებლობა ჰქონდათ ახალ მთავრობასთან და გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების გამო დატოვეს, მართლაც, სამსახური, მაგრამ ამხელა პროცენტი მაინც არ უნდა იყოს. და არც, ზოგადად, ტენდენციაა სახარბიელო ამდენი ადამიანის სამსახურიდან დათხოვნისა და ყოველი არჩევნების შემდგომ ასეთი ძირეული ძვრებისა“.

კონსტანტინე კანდელაკი ასევე აცხადებს, რომ საქართველოში ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა ისეთი საჯარო სამსახური, რომელიც საჯარო მოსამსახურეთა კლასს შექმნიდა, მის მდგრადობაზე კი ხელისუფლების შეცვლა გავლენას ვერ მოახდენდა. კანდელაკი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოშიც ჩამოყალიბდება ასეთი კლასი, რომელიც ინსტიტუციურ მეხსიერებას შეინარჩუნებს და მათ პოლიტიკური ნიშნით არავინ შეცვლის.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG