Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების შემდეგ მესტიის გამგეობიდან ყველა თანამშრომელი გათავისუფლდა


მესტია
მესტია
საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურებიდან უკლებლივ ყველა თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა, მათ შორის, ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულები - ჯამში, 59 საჯარო მოსამსახურე.

მესტიის გამგეობიდან დათხოვნილი და დანიშნული თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისმა გამოითხოვა. ორგანიზაციისთვის მიწოდებული ცნობების თანახმად, თანამდებობის პირები სამსახურიდან გათავისუფლდნენ მესტიის ახლად დანიშნული გამგებლის, კაპიტონ (კახა) ჟორჟოლიანის ბრძანებით, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მიზნით. ამასთან, გამგებლის მიმართვის შემდეგ საკრებულომ განკარგულება გასცა და გაუქმდა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროში მთავარი და წამყვანი სპეციალისტების შტატები.

ოფიციალური ცნობების თანახმად, გამოცხადებული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მიუხედავად, მესტიის გამგებელმა თანამდებობაზე კვლავ 59 პირი დანიშნა, აქედან 9 - მუდმივად, 50 - დროებით მოვალეობის შემსრულებლად. უწყების ცნობით, პირები კონკურსის წესით შეირჩნენ.

მესტიის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, თანმშრომელთა რაოდენობა არ შემცირებულა და, რეორგანიზაციის ფარგლებში, გამგეობას ორი საშტატო ერთეული დაემატა.

„დაემატა სახანძრო-სამაშველო სამსახურში ერთი შტატი და სოფლის რწმუნებულის თანაშემწის ერთი შტატი“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

უმუშევრად დარჩენილი ყოფილი საჯარო მოსამსახურეების თქმით, ისინი სამსახურიდან გაუფრთხილებლად, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს.

სოფელ იფარის ყოფილი რწმუნებული ლევან ხორგუანი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზების გარკვევას გამგეობაში შეეცადა.

„ვიკითხე, ბრძანებაში რა დაიწერა, რის საფუძველზე გავთავისუფლდი-მეთქი. მითხრეს, თქვენ გაწერიათ, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის შედეგად გათავისუფლდიო. როგორც ვიცი, რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია ნიშნავს საერთოდ რომ გაუქმდეს სამსახური. ჩემი სამსახური არ გაუქმებულა და პირდაპირ დაინიშნა ახალი კადრი“, - განაცხადა ლევან ხორგუანმა.

სამსახურიდან გათავისუფლებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს სოფელ მულახის ყოფილი რწმუნებული ბექა ჯაფარიძე.

„რომ გამათავისუფლეს, ან დარღვევა უნდა მქონოდა სამსახურში, ან რაიმე გადამეტება, ან სამსახურებრივი გულგრილობა. ასეთი არაფერი ყოფილა. სამსახურიდან გათავისუფლების რაიმე საფუძველი ხომ უნდა არსებობდეს?!“, - თქვა ბექა ჯაფარიძემ, რომელსაც გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ტელეფონით შეატყობინეს.

რაც შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ილია ჯაფარიძეს, ის საკრებულომ 20 ნოემბერს დაითხოვა. მისმა ყოფილმა მოადგილემ, მოსე ნიჟარაძემ, როგორც თავად განაცხადა, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაწერა.
XS
SM
MD
LG