Accessibility links

წინასაარჩევნო საკადრო ცვლილებები და ახალციხის გადამდგარი მერი


ახალციხე

ახალციხე

ახალციხის მერმა თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. გიორგი კოპაძის განცხადება ქალაქის საკრებულომ განიხილა და დაამტკიცა. კოპაძის განცხადება დეპუტატებს წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გააცნო. დავით ლომიძემ მისი მუშაობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებსა და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებზე ისაუბრა. დეპუტატებმა ქალაქის მერი დარბაზიდან ტაშით გააცილეს. როგორც უკვე სახელისუფლებო კანდიდატი განმარტავს, ის მერიის შენობიდან შტაბში გადაინაცვლებს და წინასაარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად ჩაერთვება.

საკრებულოს სხდომაზევე დავით ლომიძემ დეპუტატებს ქალაქის ახალი ვიცე-მერი წარუდგინა. ილია ზარდიაშვილმა 9 აგვისტოს თანამდებობაზე ზაზა თამარაშვილი ჩაანაცვლა. ამ დრომდე მას ახალციხის თემში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის პოსტი ეკავა. ვიცე-მერად დანიშვნიდან ერთ დღეში ილია ზარდიაშვილი მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ 20 აგვისტომდე დადგინდება შუალედური არჩევნების თარიღი. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატად შესაძლებელია ილია ზარდიაშვილი დასახელდეს. საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე არც იმას გამორიცხავს, რომ ახალციხეში შუალედური არჩევნები საპარლამენტო არჩევნებთან ერთად 8 ოქტომბერს ჩატარდეს.

იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ზედმეტი ხარჯი არ გასწიოს, ახალციხეში შუალედური არჩევნები 8 ოქტომბერს დაინიშნება, ფიქრობს საკრებულოს დეპუტატი „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“. ჯიმშერ გოგოლაური ქალაქის მერიაში განხორციელებული ცვლილებების შეფასებას იძლევა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, შუალედური არჩევნები მერის გადადგომიდან 11 დღის ვადაში ინიშნება. რაც შეეხება ახალციხის ყოფილ ვიცე-მერს, გიორგი კოპაძის გადაწყვეტილებით, ზაზა თამარაშვილმა 9 აგვისტოს ახალციხის ციხის დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG