Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში, შეტაკებების ფონზე, თავდაცვის სფეროში ახალი მაღალჩინოსნები დაინიშნენ


დონეცკი
დონეცკი

უკრაინის სამთავრობო ძალები განაგრძობენ შეტევას აღმოსავლეთში მოქმედი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც 30 ივნისს ათდღიანი ზავი დასრულდა. პარალელურად, ქვეყნის პრეზიდენტმა სამხედრო რიგებში მაღალჩინოსანთა პოსტებზე ცვლილებების შესახებ გააკეთა განცხადება.

უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებით, ცხრა მესაზღვრე დაიჭრა 3 ივლისს, როცა მეამბოხეებმა რუსეთთან საზღვარზე დოლჟანსკის პოსტი დაცხრილეს. ეს პოსტი არის სტრატეგიული გამშვები პუნქტი, რომელიც კიევმა რამდენიმე დღის წინ დაიბრუნა. პოსტზე კონტროლის აღდგენას ეწოდა „პირველი გამარჯვება“, სამხედრო კამპანიის განახლების შემდეგ.

თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ მისმა ძალებმა გაანადგურეს ხუთი სატვირთო მანქანა, რომლებითაც „ტერორისტები“ გადაადგილდებოდნენ.

განცხადების თანახმად, მეამბოხეებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში სამთავრობო გამშვებ პუნქტებზე 16 იერიში მიიტანეს. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის.

2 ივლისს ბერლინში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახალ ზავზე იმუშავებენ, რომელიც, ყველაზე გვიან, 5 ივლისს ამოქმედდება.

მომავალში ყველა საზავო შეთანხმებას ეუთო გაუწევს მეთვალყურეობას.

ოთხი მინისტრი შეთანხმდა, რომ ძალადობა ყველა მხრიდან უნდა შეწყდეს, მძევლები უნდა გათავისუფლდნენ და რუსეთთან სასაზღვრო პუნქტები უკრაინის მთავრობის კონტროლის ქვეშ უნდა დაბრუნდეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბერლინში გამართულ შეხვედრას „კონსტრუქციული“უწოდა და დასძინა, ყველა მონაწილეს ესმის დაკისრებული პასუხისმგებლობაო.

3 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დახმარება სთხოვეს 5 ივლისამდე შეხვედრის ორგანიზებაში, რათა დადგინდეს დაგეგმილი ზავის პირობები.

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლიდერებმა პუტინს სთხოვეს იმუშაოს მოლაპარაკების მაგიდასთან სეპარატისტების მიყვანაზე, რათა მათ უკრაინის ხელისუფლებასთან შეთანხმება შეძლონ.

კრემლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პუტინმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა აღმოსავლეთ უკრაინაში სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლის მზარდი რაოდენობის გამო, ისევე როგორც უკრაინიდან რუსეთში ჩასული ლტოლვილების თაობაზე.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ნიშნავს გენერალ-პოლკოვნიკ ვალერი ჰელეტეის, ყოფილ პოლიციელს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა, გაერთიანებული შტაბის უფროსად კი დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი ვიქტორ მუჟენკო, რომელსაც სამხედრო განათლება საბჭოთა კავშირში აქვს მიღებული.

კანდიდატურების წარდგენისას პოროშენკომ პირობა დადო, რომ არმიას გაწმენდს ქურდებისა და კორუმპირებულებისგან: „ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების მოქმედების ხარისხი და პროფესიონალიზმი. მივიღე გადაწყვეტილება პარლამენტს წარვუდგინო თავდაცვის ახალი მინისტრი [გენერალ-პოლკოვნიკი ვალერი ჰელეტეი] და გაერთიანებული შტაბის ახალი ხელმძღვანელი [გენერალ-ლეიტენანტი ვიქტორ მუჟენკო]“.

სამხედრო მაღალჩინოსანთა კანდიდატურები უკვე დაამტკიცა პარლამენტმა.

ამასთან, პოროშენკომ უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქე, სოფლის მეურნეობის სფეროს მაგნატი, იური კოსიუკი დანიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავდაცვის საკითხების კურატორად.

XS
SM
MD
LG