Accessibility links

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მთავრობის შვიდი წევრი: სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი; დიასპორის საკითხთა სახელმწიფო მინისტრი; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი; დევნილთა და განსახლების საკითხთა მინისტრი; ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მინისტრთა ახალ კაბინეტში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი დაიკავებს ლტოლვილთა და განსახლების საკითხთა მინისტრის თანამდებობას, ხოლო ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვთიარების ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი - გარემოს დაცვის მინისტრისას. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადოს პარლამენტმა.

პარლამენტი 7 დღის ვადაში ვალდებულია ნდობის მინიჭების საკითხი განიხილოს და მთლიანი პროცედურა არის 14 დღიანი, მაგრამ ეს შეიძლება 14 დღეში დამთავრდეს და ეს შეიძლება 2 დღეში დამთავრდეს...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები უკანასკნელ არჩევნებში მმართველი კოალიციისათვის გამოცხადებულ მაღალ ნდობას დაუკავშირა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა იმ დანაპირების შესრულებას, რაც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს მისცა, გაორმაგებული ენერგია და მოტივაცია სჭირდება:

„მიმაჩნია, რომ სხვა რეჟიმში უნდა გადავიდეთ და სხვა ტემპებია საჭირო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მთავრობის შემადგენლობაში შევიტანო ცვლილებები და ამით მთავრობის ეფექტიანობა გაიზარდოს“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის ახალი წევრების ვინაობა, სავარაუდოდ, ორ დღეში დასახელდება, თუმცა, პრემიერ-მინისტრის თქმითვე, უკვე ცნობილია, რომ მინისტრთა კაბინეტში დარჩებიან სოზარ სუბარი და ელგუჯა ხოკრიშვილი, რომლებიც მხოლოდ სამინისტროებს შეიცვლიან:

„მინდა, რომ ბატონმა სოზარმა გააგრძელოს მუშაობა დევნილების სამინისტროში. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე მოტივაციით და ენერგიით გააგრძელებს მუშაობას. მეორე მინისტრი გახლავთ ბატონი ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც შეცვლის გარემოს დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს“.

კონსტიტუციის თანახმად, როცა იცვლება მთავრობის შემადგენლობის მესამედი, აუცილებელია მინისტრთა ახალ კაბინეტს ნდობა გამოუცხადოს პარლამენტმა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის თქმით, პარლამენტის მიერ ერთი წლის წინ დამტკიცებული 20 მინისტრიდან უკვე შეიცვალა 9, ანუ მესამედზე მეტი. შესაბამისად:

„საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარადგენს პარლამენტში მთავრობის შემადგენლობას ნდობის მოსაპოვებლად. საქართველოს პარლამენტი 7 დღის ვადაში ვალდებულია ნდობის მინიჭების საკითხი განიხილოს და მთლიანი პროცედურა არის 14 დღიანი, მაგრამ ეს შეიძლება 14 დღეში დამთავრდეს და ეს შეიძლება 2 დღეში დამთავრდეს“.

თუმცა, შალვა თადუმაძის ამ განცხადების პასუხად, იურისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურა ბუნდოვანია და სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებასაც იძლევა. ვახუშტი მენაბდის კომენტარი:

ვახუშტი მენაბდე

ვახუშტი მენაბდე

„2010 წლის რეფორმისას ეს მუხლი, რომლის მეშვეობითაც დღეს მთავრობას ხელახალი ნდობის გამოცხადება სჭირდება ერთი მესამედის განახლების შემთხვევაში, ამოიღეს. 2013 წელს ახალი შემადგენლობის პარლამენტმა ეს მუხლი დააბრუნა, მაგრამ მას არ გაუკეთა ადაპტირება, რამაც შექმნა ორმაგი წაკითხვის შესაძლებლობა: მე-80 მუხლში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარადგენს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად, ხოლოდ 81-ე პრიმა მუხლში, ანუ აღდგენილ მუხლში, ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტი წარადგენს“.

მეოთხმოცე და ოთხმოცდამეერთე პრიმა მუხლების კოლიზიით გამოწვეულ სირთულეზე ლაპარაკობს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც, რომლის თქმითაც, ვითარება იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს:

„პრემიერ-მინისტრი შეარჩევს მთავრობის ახალ წევრებს, მაგრამ პრეზიდენტს აქვს თუ არა უფლება არ დაეთანხმოს ამას და სხვა კანდიდატურები წარადგინოს? ბევრი რთული საკითხია, რომელიც ხარვეზთან არის დაკავშირებული“.

თუმცა, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიდან სამიოდე საათში განმარტება გააკეთა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომლის თქმითაც, პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან შეუთანხმებლად შეარჩევს მინისტრების კანდიდატურებს, პრეზიდენტი კი პარლამენტს მხოლოდ შეკითხვით მიმართავს:

„როგორც კი ჩვენ გვექნება ახალი 7 მინისტრის სახელი და გვარი, ჩვენ კითხვით მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, უცხადებს თუ არა ის ნდობას ახალ მთავრობას“.

ახლა მარტივად ჩაივლის პარლამენტში განხილვა, მარტივად მიიღებს ნდობის საკითხს და მერე ხელები გაეხსნება, რომ ერთი ან რამდენიმე მინისტრი პარლამენტის გარეშე მოიცილოს...

რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობის შეცვლის შინაარსსა და ლოგიკას, არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ინიციატივების ცენტრის“ ხელმძღვანელის ლევან ალაფიშვილის აზრით, მთავარი ისაა, რომ პრემიერ-მინისტრმა არ დაარღვია პარიტეტი მმართველი კოალიციის სუბიექტებს შორის:

„ახალი ამ მიმართულების შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ შემადგენლობა, ოღონდ ეს იქნება შემადგენლობა არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის, არამედ კოალიციისა, რომელიც ჯერჯერობით უცვლელია. თუმცა 2016 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სავარაუდოა, რომ კოალიციის სუბიექტებმა დაიწყონ აქტიურობა განსხვავებული პოლიტიკური ქმედებების სახით“.

პრემიერ-მინისტრის გადაწვეტილების ლოგიკური ახსნა უჭირთ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს. დეპუტატ დავით დარჩიაშვილის თქმით, მთავრობას პრობლემები აქვს ეკონომიკის განვითარებისა და კრიმინალთან ბრძოლის კუთხით, თუმცა ცვლილებები რატომღაც სულ სხვა პროფილის მინისტრებს შეეხოთ. დავით დარჩიაშვილის ვარაუდით, შესაძლებელია ეს ცვლილება, რომელსაც პარლამენტის თანხმობა სჭირდება, გახდეს საწინდარი სხვა, პოლიტიკურად უფრო რთული ცვლილებისა, რომელსაც უკვე აღარ დასჭირდება პარლამენტის ჩარევა.

„თუკი ახლა სერიოზული ცვლილებებით შევიდოდა პარლამენტში, მაშინ, მაღალი ალბათობით, სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდებოდა. ახლა მარტივად ჩაივლის პარლამენტში განხილვა, მარტივად მიიღებს ნდობის საკითხს და მერე ხელები გაეხსნება, რომ ერთი ან რამდენიმე მინისტრი პარლამენტის გარეშე მოიცილოს“, - უთხრა დავით დარჩიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

დავით დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ამ ჯერზე უპრობლემოდ გამოუცხადებს ნდობას მთავრობის ახალ შემადგენლობას, თუმცა, თუ ვინიცობაა პარლამენტმა არ გამოუცხადა ნდობა მთავრობას, მაშინ პრეზიდენტი ვალდებული იქნება სამ დღეში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

XS
SM
MD
LG