Accessibility links

logo-print

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი უკვე შეარჩია, გორში კი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ისევ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მიზეზების გარკვევას ცდილობენ. გორელები ღარიბაშვილის 2-წლიან მმართველობას სხვადასხვანაირად აფასებენ. ქუჩაში გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულება ვერ შეძლო, რაც მის რეიტინგზეც აისახა.

ადგილობრივი პოლიტიკოსების შეფასებებიც განსხვავებულია, მთავრობის საქმიანობაზე ერთიანი შეფასება კოალიციის შიგნითაც არ არის. საკრებულოში რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით რაზმაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა სულ უფრო შორდებოდა მოქალაქეებს.

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მმართველი კოალიცია რეიტინგს ყოველდღიურად კარგავდა და ამიტომ სიახლეები აუცილებელი გახდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კახა ლობჟანიძე კი ფიქრობს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და ახალი მინისტრთა კაბინეტი ეკონომიკურ-სოციალური კრიზისიდან გამოსავალს ვერ მოძებნის.

ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ გორში გუბერნატორის შეცვლის შესახებაც დაიწყო საუბარი. ადგილობრივი პოლიტიკოსები პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის საქმიანობას უარყოფითად აფასებენ და ვარაუდობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილი რეგიონის გუბერნატორს ზურაბ რუსიშვილს თანამდებობაზე არ დატოვებს. პოლიტიკურ წრეებში უკვე დასახელდა რუსიშვილის შემცვლელის ვინაობაც. რესპუბლიკელი დავით რაზმაძე კი ამ ხმებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე დაბალი შედეგი გორში აჩვენა, მერის ასარჩევად კი მეორე ტური გახდა საჭირო. ამჟამად გორის საკრებულოში კოალიციას უმრავლესობაც აღარ ჰყავს. წინა არჩევნები კი ამ პოლიტიკურმა გაერთიანებამ გუბერნატორის ხელმძღვანელობით ჩაატარა. გამოკითხვებით ნათელი ხდება, რომ კოალიცია რეიტინგს უფრო მეტად კარგავს. ამის გამო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საკადრო ცვლილებები რეგიონალურ დონეზეც დაიწყება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG