Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსური მხარე მომლაპარაკებლების გარეშე დარჩა


სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ერგნეთში
სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ერგნეთში
მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა საკადრო გადაწყვეტილებები მიიღო, პოსტკონფლიქტურ საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის აპარატი ხელმძღვანელობის გარეშე დარჩა. სპეცწარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გახდა, მისი მოადგილე მერაბ ჩიგოევი კი - დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი. ამ საკადრო გადაწყვეტილებების შედეგად, ოსური მხარე ჯერჯერობით ქართულ-ოსური ურთიერთობების საკითხებში მომლაპარაკებლების გარეშეა დარჩენილი.

ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდი 8 ივნისს გაიმართება და ჯერჯერობით გაურკვეველია ოსურ მხარეს ვინ წარმოადგენს. უკვე ცნობილია, რომ ამ შეხვედრაზე ოსური დელეგაცია სამხრეთ ოსეთის მიმართ ტერმინ „ოკუპირებულ ტერიტორიას“ გააპროტესტებს. ექსპერტების აზრით, თიბილოვი მთავრობას შენელებული ტემპით აკომპლექტებს, რაც ზრდის შიდა დაძაბულობას. ცხინვალში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის სავარძლების მოსაპოვებლად პირდაპირი და დაუფარავი ბრძოლა მიმდინარეობს. გარდა ამისა, კვლავ გადაუჭრელი რჩება შიდაპოლიტიკური კონფლიქტები. ექსპერტების აზრით, არასტაბილურ გარემოს ქმნის კონფლიქტი თიბილოვსა და რუს მოხელეებს შორისაც, რომლებიც მთავრობაში ეკონომიკური და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებზე ვერ თანხმდებიან. მოსკოვს უნდა, რომ კონტროლიდან არ გაექცეს ფინანსების მოძრაობა და ძალოვან უწყებებშიც საკუთარი ხალხი ჰყავდეს, რაც თიბილოვის გუნდისთვის მიუღებელია.

ადგილობრივი ანალიტიკოსების აზრით, რუსეთი და სამხრეთ ოსეთი, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, როსტისლავ ხუგაევის სახით, უკვე დანიშნულია, მაინც ვერ თანხმდებიან პრემიერის კანდიდატურაზე. თიბილოვის ნელ მოქმედებას მთავრობის დაკომპლექტების საკითხში რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციასაც უკავშირებენ, რათა მასთან შეთანხმებით იქნეს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები. ცხინვალელი წყაროების ცნობით, პუტინის ინაუგურაციამდე თიბილოვი ეკონომიკურ და ძალოვან გუნდს არ დანიშნავს.

ექსპერტების აზრით, ჩოჩიევისა და ჩიგოევის საგარეო პოლიტიკური საქმიანობიდან საშინაო საქმეებზე გადართვა როგორც ჟენევის, ისე ერგნეთის შეხვედრებზე ოსური მხარის პოზიციებსს დაასუსტებს.

ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჩიგოევმა თავისი შემცვლელის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ თანამდებობაზე გაწონასწორებული კადრი შეირჩევა.

ცხინვალში ზოგიერთი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ჩოჩიევი და ჩიგოევი თიბილოვმა მეგობრობისა და ერთგულების ნიშნით შეარჩია, მაგრამ აჩქარდა, რადგან ამით შეიძლება სხვა პროცესი დაზარალდეს. ოსი პოლიტიკოსის როლანდ ქელეხსაევის აზრით, მოლაპარაკებებში ახალი ოსური გუნდის წევრებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ საერთაშორისო არენაზე წარმატების მისაღწევად.

ცხინვალში კიდევ ერთი მოარული აზრის თანახმად, ჟენევის დისკუსიაზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი შესაძლოა ალა ჯიოევა გახდეს, თუმცა ჩვენი წყაროები ჯერ ვერ ადასტურებენ მიმდინარეობს თუ არა ამ საკითხზე თიბილოვთან კონსულტაცია.
XS
SM
MD
LG