Accessibility links

logo-print

იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივები - პარლამენტს


სასამართლო დარბაზებში ვიდეოგადაღება, სისხლის სამართლის კოდექსში კი სასჯელის შთანთქმის პრინციპი ბრუნდება.

მართლმსაჯულების ინსტიტუციონალურ რეფორმასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ინიციატივით გამოდის. კანონპროექტების პარლამენტში წარდგენამდე მთავრობას ადვოკატების, მოსამართლეების, სამართალმცოდნეების, დიპლომატების აზრისა და კრიტიკული მოსაზრებების მოსმენა სურს. სწორედ ამ მიზნით 8 ნოემბერს სასტუმრო ”რედისონში” შეკრებილ საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მისმა გუნდმა საკანონმდებლო ცვლილებათა ორი პაკეტის პროექტი წარუდგინა, რომელთა მიხედვით ცვლილებები შევა: საქართველოს ორგანულ კანონში ”საერთო სასამართლოების შესახებ”, ”საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ”, ”იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” საქართველოს კანონსა და საქართველოს ”სისხლის სამართლის კოდექსში”.

რა მოხდება, თუ პარლამენტი იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ კანონპროექტებს დაამტკიცებს? თეა წულუკიანის გუნდის პასუხებიდან რამდენიმეს გამოვყოფ: შეიცვლება საქართველოს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი; გაუქმდება პრეზიდენტის უფლება დანიშნოს ორი წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება ექსკლუზიური უფლებამოსილება დაასახელოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კანდიდატურები; შესაძლებელი გახდება სასამართლო სხდომების ვიდეოგადაღება არა მხოლოდ სასამართლოს მიერ, არამედ მინიმუმ ერთი მედიასაშუალების, ამ შემთხვევაში ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ; შემოვა სასჯელთა შეკრების და განაჩენთა გადასინჯვის ახალი წესი. კანონი ძალაში 2013 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. თეა წულუკიანის განცხადებით, ამ ცვლილებების მიზანი იქნება:

”გარდა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესისა, შეიცვალოს მოსამართლეთა ფორმირების უმაღლესი ორგანო, რომელსაც ჰქვია იუსტიციის უმაღლესი სკოლა და ის დაემსგავსოს ნამდვილ სკოლას და არ იყოს კონტროლირებადი ორგანო უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობის მიერ. ჩვენ ასევე სერიოზულ ცვლილებებს ვთავაზობთ დისციპლინურ დევნასთან დაკავშირებით, რადგან დღეს თუ ჩვენი სასამართლოები სავსეა იმ მოსამართლეებით, რომლებსაც დაუსჯელობის სინდრომი ახასიათებთ, ეს იმის ბრალია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, კოტე კუბლაშვილის მეთაურობით, იმიტომ რომ კანონია ცუდი, ვერ ახერხებს მოსამართლეების რეალურად სანქცირებას, როდესაც ისინი უკანონო ან არასწორ გადაწყვეტილებას იღებენ”.
მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აღარ უნდა იყოს რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და, უფრო მეტიც, არ უნდა იყოს პირი, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასეთი თანამდებობა ეკავა ...

მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე შენიშნავს, რომ ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი მოსამართლეთა კონფერენციის, როგორც თვითმართველობის ორგანოს, როლის გაზრდაა:

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ე.წ. რიგითი მოსამართლეებისგან უნდა შედგებოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სწორედ იმისთვის, რომ თუ იქ წამოიჭრება გარკვეული საკითხები სასამართლო სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფი პირების მისამართით, არავინ იყოს შეზღუდული ამასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აღარ უნდა იყოს რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და, უფრო მეტიც, არ უნდა იყოს პირი, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასეთი თანამდებობა ეკავა”.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი არის ის, რაც განსაზღვრავს სასამართლოს და მოსამართლის დამოუკიდებლობას, გვეუბნება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი:

”დღეს იუსტიციის საბჭო და მთლიანად სასამართლო მონოპოლიზებულია რამდენიმე ადამიანის მიერ. კონკრეტულ მოსამართლეთა ჯგუფია დომინანტი და რიგითი მოსამართლის გავლენა, მისი როლი გადაწყვეტილების მიღების დროს, ფაქტობრივად, არ არსებობს. მე ვფქრობ, რომ ამ ცვლილებებით ეს მონოპოლია დაინგრევა”.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც კანონში შევა, სასამართლო სხდომების მედიასაშუალებებით გაშუქებას უკავშირდება. სასამართლოს უნდა დაევალოს თითოეული პროცესის აუდიო-ვიდეოჩანაწერის გაკეთება, ამბობს ალექსადნრე ბარამიძე, და, რაც მთავარია, ჯერ მხარეებისთვის, შემდეგ კი ნებისმირი პირისთვის, მათ შორის, მედიისთვის ამ ჩანაწერის გადაცემა. სასამართლო სხდომას ასევე გადაიღებს, სულ ცოტა, ერთი ტელევიზიის კამერა
მაინც:

”ვფიქრობთ, ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” ერთი კამერა შეუზღუდავად ჰქონდეს სასამართლო დარბაზში პროცესის ბოლომდე, რომელიც ერთი ადგილიდან გადაიღებს პროცესს და შემდეგ ამ მასალას სხვა მედიასაშუალებებსაც გადასცემს. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვა მედიასაც უნდა ჰქონდეს საშუალება შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ჩაწერის უფლება და მოსამართლემ გადაწყვიტოს, თუ ეს მოთხოვნა დასაბუთებული იქნა, დაუშვას მისი აპარატურაც სასამართლო სხდომაზე”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი წარმოდგენილი ცვლილებებისა და დამატებების მხოლოდ ნაწილს იზიარებს. ის დისკრიმინაციულს უწოდებს კანონში ჩადებულ ნორმას, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კონფერენციას აღარ ექნება შესაძლებლობა აირჩიოს რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე:

”პირდაპირი დისკრიმინაციაა სასამართლოს თავმჯდომარეების, კოლეგიის და პალატის თავმჯდომარეების, იმიტომ რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მმართველი ორგანოა, ის არ არის პროფკავშირული ორგანო, რომ რიგითი წევრები აირჩიონ მხოლოდ. ეს ხომ თავად მოსამართლეთა კონფერენციაზეა დამოკიდებული, ვის აირჩევენ. შესაძლოა მოსამართლეებმა გადაწყვიტონ და აირჩიონ რვა წევრიდან ხუთი რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე. არ უნდა შევუზღუდოთ მათ ეს უფლება, მე ეს სწორად არ მიმაჩნია”.
თუ პირს რამდენიმე მუხლით აქვს დანაშაული ჩადენილი, ყველაზე მძიმე რომელიც არის, ის შთანთქავს დანარჩენებს ...

კოტე კუბლაშვილისათვის ასევე მიუღებელია კანონში არსებული ჩანაწერი, რომ მისი მიღების შემდეგ მოქმედ შემადგენლობას ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება. ესეც, მისი აზრით, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევად შეიძლება შეფასდეს.

ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც, ამბობს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ირინა წაქაძე, და ის სასჯელთა შთანთქმის და ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების პრინციპს ეხება. კოდექსის 59-ე მუხლის ახალი რედაქცია, მისი თქმით, ძალიან ჰგავს 1999 წლის კოდექსში არსებული მუხლის რედაქციას, რომელიც წლების განმავლობაში ჯერ შეიცვალა, შემდეგ კი კოდექსიდან, ფაქტობრივად, ამოიღეს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი სასჯელის შთანთქმის პრინციპის არსსა და მისი კანონში შეტანის შემდგომ მოსალოდნელ შედეგებზე ლაპარაკობს:

”თუ პირს რამდენიმე მუხლით აქვს დანაშაული ჩადენილი, ყველაზე მძიმე რომელიც არის, ის შთანთქავს დანარჩენებს. მაგალითად, თუ ერთი დანაშაული ისჯება 5 წლით, მეორე კი ოთხით, პირველი შთანთქავს მეორეს და მიესჯება ხუთი წელი და არა 9, როგორც ეს იყო აქამდე, შეკრების პრინციპით”.

ეს კანონპროექტებში შეტანილი ცვლილებების მხოლოდ ერთი ნაწილია. მათ შესახებ მსჯელობას, არასამთავრობო სექტორსა თუ სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად, იუსტიციის სამინისტრო კანონპროექტების პარლამენტში წარდგენამდე კიდევ გეგმავს.
XS
SM
MD
LG