Accessibility links

logo-print
”საქართველო და ქართველები” საკითხავი წიგნია, რომელშიც მოთხრობილია ქართველთა პოლიტიკური თავგადასავალი უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე - ასეთი შესავალი უძღვის წინ ახალ გამოცემას, რომლის ავტორები არიან ისტორიკოსები ზაზა აბაშიძე, მიხეილ ბახტაძე და ოთარ ჯანელიძე. წინათქმაში ავტორები მკითხველს იმასაც განუმარტავენ, რომ ახალი აღმოჩენების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ყველაფერი, რაც წიგნშია გადმოცემული, ქართველ ისტორიკოსთა თაობების მიერ უკვე დიდი ხანია გამოკვლეულია და ახალი გამოცემაც სწორედ ამ ნაშრომებზე დაყრდნობით მომზადდა. მიუხედავად ამისა, წიგნის გამოცემის ინიციატორი კომპანიის ”მაგთის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ნინო სურგულაძე ამბობს, რომ ”საქართველო და ქართველები” თავისთავად სიახლეა, რადგან პოპლარულ ენაზე დაწერილი ისტორია, რომელიც უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის მიწურულამდე პერიოდს ასახავს, მანამდე არასდროს გამოცემულა.

პოპულარული ენით საქართველოს ისტორია არაერთხელ არაერთ მკვლევარს გადმოუცია, მაგრამ მხოლოდ ცალკეული ეპოქების მიხედვით, ”საქართველო და ქართველები”კი ყველა პერიოდისა და ისტორიული პიროვნების ერთად თავმოყრის პირველი მცდელობაა, - უთხრა რადიო თავისუფლებას წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა, ზაზა აბაშიძემ. მისივე თქმით, სხვადასხვა თაობის ისტორიკოსთა მიერ გზა დიდი ხნის გაჭრილია, გამოკვლეულია უამრავი საკითხი, შექმნილია ოფიციალური ისტორიოგრაფია და, ამასთან, არსებობს ბევრი თვალსაზრისი ამა თუ იმ მოვლენისა და ისტორიული პიროვნების შესახებ. ზაზა აბაშიძე ამბობს, რომ მიზანი იყო არა სხვადასხვა თვალსაზრისის გათვალისწინება, არამედ ქართული ისტორიოგრაფიის მიერ დადგენილი ფაქტების გადმოცემა. ამასთან, სქოლიოში მითითებულია განსხვავებული დათარიღება ან კონკრეტული პიროვნებების შესახებ არსებული სხვადასხვა მოსაზრება და თუ მკითხველს რომელიმე საკითხი დააინტერესებს, შეუძლია მითითებული წყაროების გამოყენებით ჩაუღრმავდეს. წიგნის ავტორები აღნიშნავენ, რომ შეეცადნენ დაეცვათ ივანე ჯავახიშვილისგან ნაანდერძევი პრინციპი - ”საჭიროა ხალხმა იცოდეს უტყუარი, ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული და ყალბი”. ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე, რომელმაც ახალი გამოცემისთვის მე-19 საუკუნიდან მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე პერიოდი მოიცვა, ამბობს, რომ საქართველოს ისტორია ყველაზე მეტად სწორედ ამ დროს გაყალბდა ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის დროს. ”თუმცა ბოლო ოცწლეულის განმავლობაში ისტორიის ეს ნაწილი შედარებით გაიმართა”. ისტორიკოსი ზოგიერთი სხვა საკითხავი წიგნისგან ”საქართველო და ქართველების” განსხვავებად იმას მიიჩნევს, რომ ის ჰეროიკული ხასიათის არ არის. ”შევეცადეთ დადებითიც გვეთქვა, უარყოფითიც გვეჩვენებინა. ერთი სიტყვით, შავ-თეთრ ფერებში, მთლიანობაშია დანახული ქართველი ხალხის თავგადასავალი ამ ურთულეს პერიოდში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ოთარ ჯანელიძემ. რაც შეეხება სათაურს ”საქართველო და ქართველები,” როგორც წიგნის ერთ-ერთი ავტორი, მიხეილ ბახტაძე, განმარტავს, ”ამ შემთხვევაში ქართველში იგულისხმება ყველა, ვინც საქართველოში ცხოვრობდა - დღევანდელი გაგებით, საქართველოს მოქალაქეები. ტრადიციულად, ქართველის ქვეშ სწორედ ეს მოიაზრებოდა.”

ისტორიის ახალი საკითხავი წიგნი მისმა ავტორებმა მასწავლებლებს, აკადემიკოსებს მარიამ ლორთქიფანიძესა და ოთარ ჯაფარიძეს მიუძღვნეს. თავდაპირველი ჩანაფიქრით, ”საქართველო და ქართველები” 350 გვერდზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ზაზა აბაშიძე ამბობს, ეს ვერაფრით მოახერხეს და, საბოლოოდ, 700 გვერდამდე ნაშრომი გამოუვიდათ. მაგრამ, თუ ხელახალი გამოცემა გადაწყდება, დღეს უკვე ზუსტად იცის, როგორ შეიძლება ამ მოცულობის შემცირება. ავტორები იმისთვისაც მზად არიან, რომ მომავალი მუშაობისთვის კოლეგების და, ზოგადად, მკითხველთა შენიშვნები გაითვალისწინონ. წიგნის პრეზენტაციისას ზაზა აბაშიძემ ისიც აღნიშნა, რომ ”საქართველო და ქართველების” გამოცემა იყო არა ავტორების, არამედ ”მაგთის” დამფუძნებლის გია ჯოხთაბერიძის იდეა. ზაზა აბაშიძის თქმით, სწორედ მან შესთავაზა სატელევიზიო გადაცემების ”ფურცელზე გადატანა და საქართველოს ისტორიის თავმოყრა ერთ წიგნში, რომელსაც წაიკითხავს 13 წლის ბავშვიც და 85 წლის ადამიანიც”. ამ მიზნის მისაღწევად ისტორიის ახალი საკითხავი წიგნის ავტორებმა აირჩიეს მარტივი ენა და უარი თქვეს სამეცნიერო თეორიებითა და კონცეფციებით წიგნის გადატვირთვაზე. როგორც თავად ამბობენ, მიზანი იყო, რომ ”საქართველო და ქართველები” იოლად წასაკითხი ყოფილიყო ყველასთვის, ვისაც ქვეყნის ისტორია აინტერესებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG