Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო რუსეთს აღარ დაუთმობს - დაძაბულობა იმატებს


ანდერს ფოგ რასმუსენი
ანდერს ფოგ რასმუსენი

უელსის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, თანდათან სულ უფრო მკაცრდება შეფასებები რუსეთის მისამართით, რომლის აგრესიამაც გამოცდა მოუწყო საერთაშორისო წესრიგსა და ალიანსის ქვეყნების უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ ნატო თავდაცვის ახალ გეგმებზე ფიქრობს და ამ ჭრილში უელსის სამიტს გარდამტეხს უწოდებს. რას მოუტანს ეს პროცესები საქართველოს, რომელიც კვლავაც განაგრძობს ალიანსის ერთგულ მხარდაჭერას?

როცა აგრესორ რუსეთთან ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობაზე ლაპარაკობს, ''ფაინენშლ ტაიმსში''გამოქვეყნებულ სტატიაში ნატოს გენერალური მდივანი საქართველოსაც ახსენებს:

”კომუნიზმის ნგრევის შემდეგ, ნატო ცდილობდა მოსკოვთან დაახლოებას, სთავაზობდა უფრო მჭიდრო თანამშრომლობას უფრო მეტ სფეროში, ვიდრე ნატოს არაწევრ რომელიმე სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობდა, და ისწრაფოდა სტრატეგიული პარტნიორობისკენ. რუსეთის პასუხი კი იყო დადგენილი წესების უგულებელყოფა, კონფლიქტის გაღვივება მოლდავეთში, საქართველოსა და უკრაინაში, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უარყოფა. სეპარატისტებს, რომლებსაც მხარს უჭერს რუსეთი, ხელი ურევიათ მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ტრაგედიაში. ასეთმა მოქმედებებმა მსოფლიო უფრო სახიფათო და არაპროგნოზირებადი გახადა”.

დავამტკიცებთ სამოქმედო გეგმას, რათა გავზარდოთ მზადყოფნის ხარისხი სახეცვლილ მსოფლიოში. გულდასმით განვიხილავთ შეიარაღებული ძალების საჭიროებას და იმას, სად უნდა განთავსდეს ეს ძალები, რამდენად სწრაფად უნდა იმოქმედოს მან და როგორ უნდა გავაძლიეროთ ის...
დევიდ კემერონი

''ფაინენშლ ტაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიაში ანდერს ფოგ რასმუსენი აღნიშნავს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ნატო ამჟამად ცივი ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას და თუკი მას მსოფლიოში უძლიერეს სამხედრო გაერთიანებად დარჩენა სურს, ნატომ თავდაცვითი გეგმა უნდა განაახლოს და გააფართოოს. იგივე აქცენტები იყო დასმული ანდერს ფოგ რასმუსენის ზეპირ განცხადებებშიც. მაგალითად, 4 აგვიტოს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, მან თქვა, რომ, ალიანსის საქმიანობის განახლებისა და გაფართოების კუთხით, სექტემბრის უელსის სამიტი გარდამტეხი იქნება:

”დავამტკიცებთ სამოქმედო გეგმას, რათა გავზარდოთ მზადყოფნის ხარისხი სახეცვლილ მსოფლიოში. გულდასმით განვიხილავთ შეიარაღებული ძალების საჭიროებას და იმას, სად უნდა განთავსდეს ეს ძალები, რამდენად სწრაფად უნდა იმოქმედოს მან და როგორ უნდა გავაძლიეროთ ის. განვიხილავთ თავდაცვის გეგმას, ვადგენთ წვრთნების ახალ განრიგს და განვიხილავთ რეაგირების ძალების გაძლიერების გზებს, რათა ნატომ შეძლოს სწრაფი რეაგირება ნებისმიერ გამოწვევაზე - ძველსა თუ ახალზე, აღმოსავლეთსა თუ სამხრეთში”.

ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

ამ ჭრილში ნატოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებს საქართველოც ხედავს. როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა 6 აგვისტოს, თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში, საქართველო კვლავაც ღირსეულ და ერთგულ პარტნიორობას გაუწევს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს:

”სამიტის ძირითადი ნაწილი მიეძღვნება სწორედ სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების გაზრდას და, რუსეთიდან აგრესიის შემთხვევაში, ასე ვთქვათ, რეაქციის ორგანიზებას. სამხედრო კუთხით არის აქ საუბარი. და ჩვენ, როგორც იცით, 2015, 2016 და 2017 წლებში ვართ სწორედ ნატოს სწრაფი რეაგირების შენაერთების ნაწილი”.

ნატოს ახლებური ხედვა კიდევ უფრო აქტუალური ხდება იმ ფონზე, როცა რუსეთი ერთი ნაბიჯითაც კი არ იხევს უკან უკრაინასთან მიმართებით. პირიქით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის 6 აგვისტოს განცხადებით, მან მიიღო ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსეთის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციის საფრთხე ახლა უფრო მაღალია, ვიდრე რამდენიმე დღის წინ იყო. პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან მიმდინარეობს რუსეთის სამხედრო ძალების განთავსება.

რასმუსენის სიტყვებიდან გამომდინარე, მე მგონია, რომ უელსის სამიტზე გაფორმდება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - მათ შორის, ჩემი ვარაუდით, ბალტიისპირეთში გაიხსნება ნატოს (და, კერძოდ, ამერიკელების) სამხედრო ბაზა...
თორნიკე შარაშენიძე

პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძისთვის ცხადია, რომ ნატო არ ხუმრობს და ის ძირეულად ცვლის და ამკაცრებს თავის მიდგომებს რუსეთისადმი. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან დათმობის დრო დასრულებულია და რომ პროცესი შეუქცევად სახეს ატარებს:

”როცა ნატომ დაიწყო გაფართოება (გასული საუკუნის) 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს ხდებოდა ერთი პრინციპით, რომ ახალი წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე არ განთავსდებოდა ნატოს ბაზები და იქნებოდა მხოლოდ ადგილობრივი ჯარები. ეს იყო დათმობა, რომელიც გაუკეთეს რუსეთს და, როგორც ჩანს, ახლა დათმობა გაუქმებული იქნება, რუსეთის ბოლოდროინდელი პოლიტიკიდან გამომდინარე. რასმუსენის სიტყვებიდან გამომდინარე, მე მგონია, რომ უელსის სამიტზე გაფორმდება რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - მათ შორის, ჩემი ვარაუდით, ბალტიისპირეთში გაიხსნება ნატოს (და, კერძოდ, ამერიკელების) სამხედრო ბაზა”.

ანალიტიკოსებისთვის ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუ რა შეიძლება მოუტანოს ნატოს გეგმების ძირეულმა ცვლილებებმა საქართველოს. თუმცა, მოვლენების ასე სწრაფად განვითარების ფონზე, ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ ნატოსგან გაწევრიანების სამოქმედო გეგმაც (MAP) კი მიიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის ალიანსს ასეთ პერსპექტივაზე უარი აქვს ნათქვამი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG