Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ენერგეტიკის მინისტრმა და აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარის“ ხელმძღვანელობამ 13 იანვრის შეხვედრაზე საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი განიხილეს. მხარეების ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის გაზის მიწოდების მხრივ დღეს არსებულ ტექნიკურ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ თითქმის არ გაკეთებულა განცხადება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობასა და ახალი მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.

რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა განიხილავდნენ აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის გაზის მიწოდების საკითხებს აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია „სოკარის“ ხელმძღვანელი როვნაგ აბდულაევი, „სოკარ საქართველოს“ ხელმძღვანელი მაჰირ მამედოვი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. მედიის მოლოდინი, რომ შეხვედრიდან გამოსული მხარეები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ დაკავშირებულ საკითხზეც გააკეთებდნენ კომენტარს, არ გამართლდა. მათ ამ მიმართულებით ჟურნალისტების კითხვებს, შეიძლება ითქვას, თავი აარიდეს. მედიისათვის კომენტარი კახა კალაძემ და მაჰირ მამედოვმა გააკეთეს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა იმ ტექნიკურ პრობლემებსა და დისბალანსზე, რომელიც ე. წ. პიკურ - ზამთრის - პერიოდში საქართველოსთვის აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდების საკითხს შეეხება. სწორედ ამ საკითხზე საუბრისას თქვა რამდენიმე სიტყვა კახა კალაძემ „გაზპრომისა“ და საქართველოსთვის იქიდან მიღებული გაზის თაობაზე:

„ერთი წლის ჭრილში მთლიანი მოწოდების პრობლემა არ არსებობს, თუმცა გვაქვს პიკური მოხმარების თვეები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც ხდება რუსული გაზით დაბალანსება. ჩვენ ვისაუბრეთ, რომ წლების მანძილზე ეს ასეა და ამ დეფიციტს ჩვენ წლების მანძილზე ვავსებდით „გაზპრომის“ გაზით. ეს წლების განმავლობაში ასე ხდებოდა და მომავალშიც, ალბათ, ასე მოხდება. თუმცა, რეალურად, ტექნიკურად არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ პრობლემების მოგვარება მოხდეს. გასაკეთებელი იქნება დამატებითი ინვესტიციები. კომპრესორები იქნება დამატებით გასაკეთებელი, რომ ჩვენ მილსადენებით მივიღოთ აირის დამატებითი მოცულობები“.

ჩვენ ვეძებთ გზებს ზამთრის პერიოდში საქართველოსთვის გაზის მისაწოდებლად, რაც შესაძლოა განხორციელებული იყოს „შაჰდენიზი 1“-ის გაზსადენიდან. ჩვენ მეტი დატვირთვა გვინდა გავაკეთოთ ზამთრის პერიოდზე...

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის სიტყვები აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის გაზის მოწოდების ტექნიკური სირთულეების თაობაზე დაადასტურა „სოკარ საქართველოს“ ხელმძღვანელმა მაჰირ მამედოვმაც. მისი სიტყვებით, მხარეებმა შეხვედრისას ძირითადად განიხილეს ის საკითხები, თუ რა გზითა და როგორი ტექნიკური შესაძლებლობებით უნდა შეივსოს საქართველოსთვის ის დეფიციტი, რომელიც ზამთრის პერიოდში წარმოიქმნება. მაჰირ მამედოვის თქმით, ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებენ ექსპერტთა ჯგუფები. გარდა ამისა, დღესდღეობით ისინი გაზის მოწოდებას დღე-ღამეში 7 მილიონ კუბურ მეტრამდე ზრდიან:

„ჩვენ ვეძებთ გზებს ზამთრის პერიოდში საქართველოსთვის გაზის მისაწოდებლად, რაც შესაძლოა განხორციელებული იყოს „შაჰდენიზი 1“-ის გაზსადენიდან. ჩვენ მეტი დატვირთვა გვინდა გავაკეთოთ ზამთრის პერიოდზე. რაკიღა „სოკარი“ ამ სადენის კომერციული ოპერატორია, ამის შესაძლებლობა დღეს ჩვენ გვაქვს“.

რაც შეეხება კომერციული ობიექტებისთვის გაზის ტარიფის გადახედვას, მაჰირ მამედოვმა მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ამ თემაზე კომენტარისგან ის თავს შეიკავებს. მისი თქმით, ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს საკითხების ძალიან ფართო სპექტრზე და ეს შეეხება როგორც გაზის მიწოდების გაზრდის ტექნიკურ მხარეებს, ისე სხვა საკითხებს.

კიდევ ერთი თემა, რომელიც შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს, ესაა გაზსაცავის მშენებლობა, რომლის დაწყებაც 2016 წლისთვის იგეგმება. კახა კალაძის თქმით, ეს პროექტი ზუსტად იმ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა განხორციელდეს, რომელიც დღეს საქართველოს აქვს ზამთარსა და ზაფხულში გაზის მოხმარების თვალსაზრისით. პროექტის მიმართ ინტერესს გამოხატავს კომპანია „სოკარიც“. როგორც მაჰირ მამედოვმა განაცხადა, დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებების მხრიდან არსებობს მზაობა, რომ ეს პროექტი ერთობლივად განხორციელდეს.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას „სოკარის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და კომპანია "სოკარს" შორის სტრატეგიული თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება.

გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი

"აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მიუხედავად ბოლო პერიოდში არსებული პოლიტიკური სპეკულაციებისა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია "სოკართან" უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენ გვსურს პარტნიორებთან ერთად განვიხილოთ სამომავლო ურთიერთობები და ერთად გადავჭრათ პრობლემები. ვფიქრობ, არანაირ ტექნიკურ წინაღობას არ შეუძლია ხელი შეუშალოს ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას", – აღნიშნავს გიორგი კვირიკაშვილი, რომლის სიტყვებსაც „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს.

თუკი მივუბრუნდებით „სოკარისა“ და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრამდე არსებულ ვითარებას საქართველოსთვის გაზის მოწოდებისა და ამ პროცესში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომის“ მონაწილეობის მხრივ, მაშინ უნდა ითქვას, რომ, მხარეების შეხვედრის პარალელურად, კვლავაც აქტიურად განიხილებოდა კახა კალაძის მიერ 11 იანვარს გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთი საქართველოს, სომხეთისკენ გატარებული გაზის 10 %-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას სთავაზობს და ბოლო თვეებში, „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარგლებში, ეს საკითხიც მოიაზრება. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ თემას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. ნუგზარ წიკლაურის თქმით, „გაზპრომთან“ ამგვარი გარიგება შესაძლოა გადაიქცეს უმძიმეს საფრთხედ საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

ამ საკითხს ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობისა და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი თამარ კორძაია. ის იხსენებს რამდენიმე თვის წინ ენერგეტიკის მინისტრისათვის გაგზავნილ წერილს, რომელზე პასუხიც, მისი თქმით, დღეს „გაზპრომთან“ წარმოებული მოლაპარაკებებისგან სრულიად გასხვავებული იყო:

„ჩვენ გვაინტერესებდა, იზრდება თუ არა რუსული გაზის მიწოდება საქართველოში, თუ იზრდება რა სეგმენტზე - ეს არის სოციალური გაზი თუ კომერციული მიწოდება. ასევე, თუ იზრდება, გათვლილია თუ არა პოლიტიკური რისკები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს "გაზპრომთან" ურთიერთობას. გუშინ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება ჩვენთვის 30 ოქტომბერს მოწოდებულ პასუხებს. ამ პასუხებში მითითებულია, რომ, სოციალური სეგმენტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, "სოკართან" გაფორმებულია გრძელვადიანი ხელშეკრულება 2009 წლიდან. სახელმწიფო "გაზპრომიდან" კომერციული სექტორისათვის ამ ეტაპზე არ გეგმავს ბუნებრივი აირის შესყიდვას, რადგან კომერციული სექტორი დერეგულირებულია და კომერციულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებობა თავად აირჩიონ მომწოდებელი. შესაბამისად, ამ პასუხში ჩანს, რომ არც სოციალურ გაზზე და არც კომერციულ გაზზე არ იგეგმებოდა გაზრდა რუსეთიდან გაზის ექსპორტის. გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნდა გაიზარდოს იმ დეფიციტის შესავსებად, რაც აქვს საქართველოს“.

როგორც ჩანს, „სოკარს“, მართლაც, აქვს მომარაგების მხრივ პრობლემა და ამიტომაც ჩვენ იძულებულები ვართ „გაზპრომს“ ველაპარაკოთ. ან, მე ვფიქრობ, შეიძლება იყოს მეორე ვარიანტი: „სოკარი“ საქართველოში კომერციულ ობიექტებზე გაზს საკმაოდ ძვირად ყიდის და „გაზპრომის“ შემოყვანით, როგორც ჩანს, ცდილობენ „სოკარს“ დააკლებინონ ფასი...

სწორედ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გამო გაუჩნდა შეკითხვები თორნიკე შარაშენიძეს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელს. ის, სხვა პოლიტოლოგებსა და დარგის ექსპერტებთან ერთად, 12 იანვარს იმყოფებოდა შეხვედრაზე ენერგეტიკის მინისტრთან, სადაც სწორედ საქართველოსთვის გაზის მოწოდების საკითხები განიხილეს. თორნიკე შარაშენიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ მას რამდენიმე კითხვა დარჩა, მათ შორის ის, თუ რატომ ისმოდა ამ დრომდე მთავრობის მხრიდან უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები:

„ხან ამბობენ, რომ არ ვაპირებთ „სოკარის“ ჩანაცვლებას, ხან ამბობენ, რომ „სოკარს“ გაზი არ ჰყოფნის. კითხვები გვიჩნდებოდა ჩვენ, ჟურნალისტებს, პასუხად კი იყო აგრესია და დაცინვა. გუშინდელ შეხვედრას, კახა კალაძის გარდა, ესწრებოდნენ მისი მოადგილეები, ნავთობკომპანიის წარმომადგენლები და სხვა უწყებები. ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც დიდი ხანია ვიცნობ და ვენდობი, პროფესიონალები არიან და არ არიან პოლიტიკური ფიგურები და რაც მოვისმინე, ისეთი სურათი გამოიკვეთა, როგორც ჩანს, „სოკარს“, მართლაც, აქვს მომარაგების მხრივ პრობლემა და ამიტომაც ჩვენ იძულებულები ვართ „გაზპრომს“ ველაპარაკოთ. ან, მე ვფიქრობ, შეიძლება იყოს მეორე ვარიანტი: „სოკარი“ საქართველოში კომერციულ ობიექტებზე გაზს საკმაოდ ძვირად ყიდის და „გაზპრომის“ შემოყვანით, როგორც ჩანს, ცდილობენ „სოკარს“ დააკლებინონ ფასი“.

რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს საქართველოსთვის გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით, როგორც ენერგეტიკის მინისტრი განმარტავს, დღეს საქართველოს ბუნებრივი აირის საერთო მოხმარება შეადგენს ორ მილიარდ ხუთასი ათას კუბურ მეტრს. ეს რიცხვი, 2012 წელთან შედარებით, 35-38 %-ით არის გაზრდილი. მისივე ინფორმაციით, ყოველდღიურად საქართველოს უწევს, დაახლოებით, 11 მილიონზე მეტი კუბური მეტრი გაზის შემოტანა. ამ მაჩვენებლიდან 6 მილიონი კუბური მეტრი "სოკარიდან", კერძოდ კი, მილსადენ „ყაზახიდან“ შემოსული ბუნებრივი აირია. სამ მილიონ კუბურ მეტრამდე აირს საქართველო „შაჰდენიზიდან“ იღებს, დაახლოებით ამავე რაოდენობის გაზი კი არის 10 % იმ მოცულობისა, რომელსაც საქართველო იღებს რუსეთისგან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენით და რაც, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის, ინფორმაციით, 2003 წლიდან ხორციელდება.

„გაზპრომთან“ ურთიერთობების შესაძლო გაღრმავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა მიზეზი იმისა, რომ 16 იანვარს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანება გეგმავს აქცია-კონცერტის გამართვას, სახელწოდებით „არა გაზპრომს!“

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG