Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პროპაგანდა საქართველოში ევროკავშირის ავტორიტეტს უტევს


საქართველოში შემცირდა ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი და პარალელურად გაძლიერდა შიში, რომ ევროკავშირი უტევს ქართულ ტრადიციებს – ასეთი, ბევრისთვის არასახარბიელო, სურათი გამოავლინა „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ მიერ ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ. ეს გამოკვლევა მიზნად ისახავდა 2015 წელს საქართველოში ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ევროკავშირის შესახებ ცოდნის შეფასებას. სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის მიმართ უარყოფითი განწყობებისა და, ზოგადად, ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას რუსული პროპაგანდა განაპირობებს. რამ შეიძლება შეაჩეროს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან შეუსაბამო პროცესები?

გამოკვლევის შედეგებს, რამაც, ბევრის აზრით, სახიფათო ტენდენციები გამოავლინა, საგანგაშოდ სულაც არ მიიჩნევს თავად ავტორი, ორგანიზაცია „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პრეზიდენტი, ქეთევან ვაშაკიძე და ის, საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად რადიო თავისუფლებასთან ამავე კვლევაში ასახულ დადებით განწყობებზე ლაპარაკობს:

„ამ გამოკითხვით ვხედავთ, რომ ადამიანებმა საქართველოში უკეთ შეიტყვეს, უკეთ იციან ევროკავშირი რა არის და უფრო რეალურად აღიქვამენ ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივას. შესაბამისად, მათ ალბათ უფრო მეტი პრეტენზია უჩნდებათ იმისა, რომ ევროკავშირში გაერთიანება არ დარჩეს მხოლოდ ლოზუნგის დონეზე, არამედ კონკრეტული საკითხები მოგვარდეს... მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირი მშვიდობისა და უსაფრთხოების წყაროა“.

ჩამოყალიბებული აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა გამგეობის წევრებიც არიან, ერთდროულად. ასეთი ერთგვარი შეთანხმებული მოქმედება, ცხადია, აძლიერებს ანტიდასავლურ რიტორიკას და, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე...
ანა დაბრუნდაშვილი

მართალია, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ გამოკვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი კვლავაც მაღალია და ის 61 პროცენტს შეადგენს, მაგრამ აშკარაა, რომ ორი წლის წინანდელ მაჩვენებელს (78 პროცენტს) მთელი 17 პროცენტი დააკლდა, ხოლო შიში იმისა, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს, ახლა უკვე გამოკითხულთა 45 პროცენტს აქვს, ნაცვლად 30 პროცენტისა, როგორც ეს 2013 წლის გამოკვლევამ აჩვენა. პარალელურად, ანტიდასავლური განწყობების გაძლიერების რეალურ გამოვლინებად შეგვიძლია განვიხილოთ ის ფაქტი, რომ თუკი 2013 წელს 83 პროცენტი გამოხატავდა მზადყოფნას რეფერენდუმზე ხმა მიეცა ევროკავშირში გაწევრიანების იდეისთვის, წელს ეს მაჩვენებელი 64 პროცენტამდე შემცირდა. ნატოს შემთხვევაში კი, გამოკვლევის თანახმად, რეფერენდუმზე ალიანსში გაწევრიანებას ხმას წელს მხოლოდ 60 პროცენტი მისცემდა, მაშინ როცა ორი წლის წინ ამისთვის მზად იყო გამოკითხულთა 74 პროცენტი.

ასეთი სურათი არ გაჰკვირვებია სამოქალაქო საზოგადოების დიდ ნაწილს და ამ ნაწილს განეკუთვნება, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“. ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა და ოქტომბერში გამოქვეყნებულმა გამოკვლევამ მედიასაშუალებებში რუსეთის პროპაგანდის გაძლიერება დაადასტურა. ორგანიზაციის უფროსი მკვლევარი და ამ კონკრეტული გამოკვლევის თანაავტორი ანა დაბრუნდაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებებში ფეხმომაგრებული ანტიდასავლური რიტორიკა ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ განწყობებზეც და მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე არაერთი რგოლის შეთანხმებულ მუშაობას შეეხება:

„თუ, ვთქვათ, ერთი მედიასაშუალება რაღაცას გაავრცელებს, შემდეგ მისი პარტნიორი მედიასაშუალებებიც იმავე ინფორმაციას ავრცელებენ ხოლმე. ასეთი ფაქტები დაფიქსირდა. ასევე, ადამიანები, რომლებიც ფლობენ ან მართავენ ამ მედიასაშუალებებს, ერთმანეთს უკავშირდებიან. მაგალითად, ჩამოყალიბებული აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა გამგეობის წევრებიც არიან, ერთდროულად. ასეთი ერთგვარი შეთანხმებული მოქმედება, ცხადია, აძლიერებს ანტიდასავლურ რიტორიკას და, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე“.

„ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ ბოლო გამოკვლევაში ასახული არასახარბიელო და საფრთხილო ტენდეციები დიდწილად რომ სწორედ რუსეთის რბილი ძალის ფაქტორს უკავშირდება, ამაში ეჭვი არ ეპარება „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელს, კახა გოგოლაშვილს. მისი თქმით, რუსული პროპაგანდა მიზანმიმართულად მუშაობს, ყველა შესაძლო სარბიელს იყენებს ანტიდასავლური განწყობების გასავრცელებლად და ცდილობს ევროსკეპტიკური განწყობები პირდაპირ მიაბას საქართველოში მგრძნობიარე ეროვნულობის ცნებას:

კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი

„ერთიანობაში იღებს ამას უკვე ადამიანი, ანუ: თუ ხარ ეროვნული, მაშინ არ შეიძლება იყო პროევროპული და არ შეიძლება იყო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე. ხოლო თუ ასეა, მაშინ ეროვნული არ ხარ... მაგრამ (რუსეთის პროპაგანდის თანახმად), ეროვნულობის პარალელურად, შესაძლებელია გიყვარდეს მხოლოდ რუსეთი, რადგანაც ის ერთმორწმუნეა... მართალია, ჩვენ გვაქვს განხეთქილება რუსეთთან, მაგრამ ფასეულობების მხრივ მაინც უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან: ერთმორწმუნე რუსეთშიც გმობენ, მაგალითად, ერთსქესიანთა ქორწინებას, ისევე როგორც ქართველები გმობენ, და ყველაფერს შევეგუებით, ამის გარდა – ასეთი რიტორიკა გვესმის ხშირად“.

კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ უსაფუძვლო ანტიდასავლური პროპაგანდის პრობლემას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ნაწილობრივ დაძლევს ევროკავშირთან თანამშრომლობის რეალური შედეგი, რასთან დაკავშირებულ დადებით გადაწყვეტილებასაც საქართველოს მოქალაქეები წლის ბოლოსთვის მოელიან. საუბარია უვიზო მიმოსვლის უფლებაზე ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში, რომლის საშუალებითაც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ რეალურად გაიაზრონ ევროკავშირში დამკვიდრებული ფასეულობები და ეს ფასეულობები რუსული პროპაგანდის თვალით - დამახინჯებულად - აღარ დაინახონ. ამასთან, ექსპერტი საქართველოს ხელისუფლების მნიშვნელოვან ამოცანად მიიჩნევს, რომ კარგად განემარტოთ საქართველოს მოქალაქეებს, თუ რა სარგებელს სთავაზობს ევროკავშირი მათ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში და რა კონკრეტული გზები არსებობს იმისათვის, რომ ეს სარგებელი რეალურად იგრძნოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 63 პროცენტს სმენია ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე, თუმცა 49 პროცენტი ისურვებდა, რომ ჰქონოდა მეტი ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG