Accessibility links

logo-print

ევროკავშირის სამიტზე მიპატიჟებული საქართველოს ამოცანები


16 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა საქართველო ოფიციალურად მიიწვია ვილნიუსის სამიტზე, რომელსაც ქვეყანა საგანგებო იმედებს უკავშირებს. მოსაწვევი ევროკავშირის ”აღმოსავლეთ პარტნიორების” სამიტი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის დედაქალაქში 28-29 ოქტომბერს გაიმართება და ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას. რას მოელის საქართველო ვილნიუსის სამიტისგან და რა პროცესები თუ რისკები უკავშირდება რუსეთის ფაქტორს?

უკვე კარგა ხანია ცნობილია და 16 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიმეორა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, რომ ევროკავშირის ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამაში ჩართული 6 ქვეყნიდან გამორჩეულ შედეგს 3 ქვეყანა მოელის და რომ ერთ-ერთი საქართველოა:

”ვილნიუსის სამიტზე საქართველო და მოლდოვა ელოდებიან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას, ხოლო უკრაინა ელოდება ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას”.

ასოცირების შეთანხმების პარაფირება უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიიჩნევა ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოების გზაზე, თუმცა პარაფირება საბოლოო შედეგი არ არის - ის ტექსტის ინიცირებისა და მისი შინაარსის დადასტურების პროცედურას გულისხმობს, რასაც შემდეგ ხელმოწერისა და რატიფიცირების პროცედურები უნდა მოჰყვეს. როგორც „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ასოცირების შესახებ შეთანხმებაში რატიფიცირება მხოლოდ ”ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის” სეგმენტს არ შეეხება:

კახა გოგოლაშვილი

კახა გოგოლაშვილი

”რაც შეეხება ასოცირების შეთანხმების სხვა, არა ვაჭრობასთან დაკავშირებულ დებულებებს - პოლიტიკურს, ინსტიტუციონალური თანამშრომლობის დებულებებს, დახმარების და ა.შ., - ამ ყველაფრის რატიფიცირება უნდა მოხდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, რა თქმა უნდა, რომ ასოცირების შეთანხმება შევიდეს ძალაში. თუკი პოლიტიკური პროცესები ისე წარიმართება საქართველოში, რომ ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს მიადგება ჩრდილი, შეიძლება არ მოახდინონ რატიფიცირება... რეალისტურად, ხელმოწერილი ხელშეკრულება არ ნიშნავს ჯერ არაფერს, ანუ არ ნიშნავს მის ამოქმედებას”.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოს შემთხვევაში შესაძლოა ერთი წლის მანძილზე მოეწეროს ხელი და ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულემ სექტემბერში რადიო თავისუფლების სომხეთის სამსახურთან ინტერვიუშიც განაცხადა. მისი ინფორმაციით, ეს მოქმედი ევროკომისიის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მოხდება, ხსენებული ვადა კი მომავალი წლის ოქტომბრის ბოლოს იწურება.

როგორც ექსპერტმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, პროცესები გარკვეულწილად დააჩქარა რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების - და, მათ შორის, საქართველოს - მისამართითაც. თუმცა, თავის
დამცავი ფარის ფუნქციას ვერ შეასრულებს ამ დოკუმენტის ვერც პარაფირება და ვერც ასოცირებული წევრობა, მაგრამ ჩვენთვის ეს გასავლელი გზა არის...
მხრივ, ევროკავშირის გააქტიურებამ და ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცესების დაჩქარებამ, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი აგრესია გამოიწვიოს:

”ეს იქნება გარკვეულწილად ათვლის წერტილი ახალი ტალღისა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, რასაც, ალბათ, დაძაბულობის იერი უფრო აქვს, ვიდრე რაიმე კონსტრუქციული მოლოდინი შეიძლება გვქონდეს... დამცავი ფარის ფუნქციას ვერ შეასრულებს ამ დოკუმენტის ვერც პარაფირება და ვერც ასოცირებული წევრობა, მაგრამ ჩვენთვის ეს გასავლელი გზა არის”.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებით გაივლება წითელი ხაზი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მხარს უჭერენ საბაჟო კავშირს და რომლებიც უარს ამბობენ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ ამ გაერთიანებაზე, რაც, საბოლოოდ, ევრაზიული კავშირის შექმნას უნდა დაედოს საფუძვლად.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვილნიუსში გაემგზავრება რვაკაციანი დელეგაცია, რომელიც აპრობირებული ფორმულის მიხედვით დაკომპლექტდება: სახელმწიფოს მეთაური+2 ოფიციალური პირი+დელეგაციის კიდევ 5 წევრი. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ფორმულაში მხოლოდ ერთი უცნობია და მისი ვინაობა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაირკვევა. აქედან გამომდინარეობს ვარაუდებიც: სამიტზე აუცილებლად მოხვდება კანდიდატი, რომელიც პირველსავე ტურში შეძლებს გამარჯვებას, ხოლო თუკი მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო, მაშინ სამიტზე წასვლა მოქმედ პრეზიდენტს მოუწევს. ამ დისკუსიის ფონზე ანალიტიკოსთა წრეებში წამოიჭრა მოსაზრება, რომ საქართველოს დელეგაცია შერეული უნდა იყოს.

ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიღწეულ შედეგს საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე თაობის მოღვაწეობის შედეგად მიიჩნევს, მაგალითად, ხათუნა ლაგაზიძე და მისთვის ლოგიკური იქნება, თუკი ვილნიუსში ამ თვალსაზრისით შერეული დელეგაცია გაემგზავრება. ექსპერტი თვლის, რომ ”ეს იქნება კოჰაბიტაციის ძალიან ნათელი გამოხატულება და შესაძლოა ხელშემწყობი ფაქტორიც კი აღმოჩნდეს გზაზე - ასოცირების შეთანხმების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე“. თუმცა აქვეა ერთი პირობა: ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში, პოლიტიკურმა ოპონენტებმა წინდახედულება და თავშეკავება უნდა გამოიჩინონ და ვილნიუსში ერთმანეთთან კინკლაობა არ დაიწყონ.
XS
SM
MD
LG