Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროპის ღია კართან


ევროკომისიის შენობა ბრიუსელში
ევროკომისიის შენობა ბრიუსელში

„საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა“, - ვკითხულობთ ევროკომისიის მიერ 18 დეკემბერს გამოქვეყნებულ ბოლო, რიგით მეოთხე, ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებას შეეხება. ევროკომისია მიიჩნევს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ყველა მოთხოვნილი პროცედურა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ევროკომისიის ამ დასკვნას საქართველოში ჯერ კიდევ 15 დეკემბერს ელოდნენ, თუმცა მისი გამოქვეყნება მაშინ ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო.

ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნებულია და მას დადებითი შინაარსი აქვს, რაც იმის წინაპირობაა, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შეეძლებათ. „ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დაწყებიდან დღემდე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ყველა მოთხოვნილი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა“, - ასეთია ევროკომისიის დასკვნა.

იანოშ ჰერმანი
იანოშ ჰერმანი

როგორც 18 დეკემბრის საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა, საქართველომ არაჩვეულებრივად გაართვა თავი დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, რამაც ქვეყანა ასეთ წარმატებამდე მიიყვანა. მისივე თქმით, ევროკომისია 2016 წლის დასაწყისშივე წარუდგენს ევროპარლამენტს საკანონმდებლო წინადადებას, რომ საქართველოც ჩართოს იმ ქვეყნების სიაში, რომელთაც ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილება შეეძლებათ.

ევროპული კომისიის ექსპერტების დასკვნით, საქართველომ შეასრულა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით იყო გათვალისწინებული, მათ შორის, ბიომეტრიული დოკუმენტების უსაფრთხოების თვალსაზრისით, მიგრაციის მართვის, ლტოლვილთა საკითხების პოლიტიკის, საზოგადოებრივი წესრიგისა და კონტროლის, ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და კორუფციის პრევენციის და მასთან ბრძოლის მხრივ, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, მონაცემთა დაცვის, საგარეო ურთიერთობა და ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, საქართველოს შიგნით გადაადგილების თავისუფლების, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სამგზავრო დოკუმენტების გაცემის პირობებისა და პროცედურების, მოქალაქეების უფლებების, მათ შორის, უმცირესობათა დაცვის თვალსაზრისით და ა.შ.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

ანგარიშის პოზიტიური შინაარსი საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ დილით მთავრობის სხდომაზე დააანონსა და ქართველ ხალხს ქვეყნის ეს წარმატება წინასწარ მიულოცა, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ კი მან საგანგებო მიმართვაც გაავრცელა:

„დღეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისათვის ისტორიული დღეა: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველომ გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს ევროპულ სახელმწიფოთა ერთიან ოჯახში. კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, მომდევნო წლიდან საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები ხვალვე აიღებენ ბილეთებს და ევროპაში უვიზოდ გაემგზავრებიან. ჯერ კიდე გასავლელი გვაქვს რამდენიმე ეტაპი, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით კი, ვიზების ლიბერალიზაცია საქართველოს სანუკვარი ოცნების ახდენაა და ახლა ქვეყანას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე აქამდე.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

"საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ. ეს ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვებაა. ეს არის საქართველოს დიდი აღიარება და ჩვენი სანუკვარი ოცნების სერიოზული ნაწილის ახდენა. დღეს უფრო ევროპელები ვართ, ვიდრე ვიყავით გუშინ. ჩვენ ყოველთვის ასე ვფიქრობდით, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროპაც ასე ფიქრობს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოსთვის ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. გიორგი ბარამიძე, „ნაციონალური მოძრაობიდან“, ლაპარაკობს იმ შესაძლებლობაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში თავისუფლად, უვიზოდ გადაადგილების მხრივ მიეცემათ. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ზედმეტი ბარიერების გარეშე ესტუმრონ სხვადასხვა ევროპულ ქვეყანას:

„ეს კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი წინაპირობაა ევროკავშირთან როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ისე სხვა სფეროებში დაახლოებისა და, საერთოდ, ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებისათვის“.

ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის პრინციპებთან და სანამ ამ მიმართულებით სერიოზული გარღვევა არ მოხდება, რა თქმა უნდა, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგება...
ზურაბ აბაშიძე

ინტერნეტში კი უკვე გავრცელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეორგოლი, რომელშიც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომ ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის წესებია განმარტებული და ნათქვამია:

„უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით. სასაზღვრო პუნქტთან კი მგზავრებს შესაძლოა დასჭირდეთ შემდეგი დოკუმენტაცია: მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი, დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა და სასტუმროს ჯავშანი“.

ევროკომისიის დადებითი დასკვნის გამოქვეყნების ფონზე, საქართველოს უვიზო მიმოსვლას სთავაზობს რუსეთიც. ვლადიმირ პუტინმა 17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად თქვა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან გააუქმოს სავიზო რეჟიმი, თუმცა ამ წინადადებას საქართველოში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

„იმ ფონზე, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია, ჯერჯერობით ვერც ვიზების გაუქმების საკითხი დადგება დღის წერიგში“, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გააკეთა:

„ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის პრინციპებთან და სანამ ამ მიმართულებით სერიოზული გარღვევა არ მოხდება, რა თქმა უნდა, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგება“.

თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გადასადგმელ ნაბიჯებზეა საუბარი, მაშინ ერთ ქვეყანაში არ შეიძლება იყოს სამი საელჩო - თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში...
დავით ბერძენიშვილი

თუ რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას უპირობოდ დააწესებს, ეს ნორმალური იქნება, თუმცა საქართველო ვერავითარ შემხვედრ ნაბიჯს ვერ გადადგამს, - ასე შეაფასა პუტინის სიტყვები რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმაც:

„თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ გადასადგმელ ნაბიჯებზეა საუბარი, მაშინ ერთ ქვეყანაში არ შეიძლება იყოს სამი საელჩო - თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში“.

სახელმწიფო მინისტრმა კი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდა და თქვა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხი დღეს მილიონჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა საკითხები, მათ შორის, რუსეთთან უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა:

„დღეს ისტორიული დღეა და ნამდვილად არ ვაპირებ სხვა თემებზე საუბარს და რუსეთზე ლაპარაკი დღეს არის ძალიან არასერიოზული, როდესაც ამდენი სასაუბრო გვაქვს ევროპაზე. ასე რომ, ვულოცავ ჩემს ხალხს ამ დღეს, რადგან დღეს ევროპამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ჩემთვის მილიონჯერ მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რაიმე ღონისძიება“.

ამ ცვლილების განხორციელებასაც დასჭირდება გარკვეული დრო, მაქსიმუმ ექვსი თვე და ამ დროის განმავლობაში გასატარებელი იქნება სხვადასხვა ღონისძიება, მაგალითად, ისეთი როგორიცაა სასაზღვრო პუნქტების ინფორმირება და ა.შ...
კახა გოგოლაშვილი

რაც შეეხება იმ პროცედურებს, რაც ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას უნდა მოჰყვეს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი კახა გოგოლაშვილი გვიხსნის, ახლა საჭირო იქნება ევროკავშირის საბჭოს საკანონმდებლო გადაწყვეტილება:

„ანუ შესწორება უნდა შევიდეს ევროკავშირის არსებულ სავიზო რეგულაციაში (კონკრეტულად, შენგენის ქვეყნების) და დაემატოს სხვა ქვეყნებს საქართველო. რადგან ეს ითვლება საკანონმდებლო ცვლილებად, ის ევროპარლამენტმაც უნდა დაამტკიცოს. რაც შეეხება ვადებს, ვფიქრობ, თუ დაინტერესებულები იქნებიან, ერთი თვის ვადაში გაიტანენ წინადადებას საბჭოზე და მერე ძალიან სწრაფად მიიღებენ ამ საკანონმდებლო ცვლილებასაც. მაგრამ ამის შემდეგ ამ ცვლილების განხორციელებასაც დასჭირდება გარკვეული დრო, მაქსიმუმ ექვსი თვე და ამ დროის განმავლობაში გასატარებელი იქნება სხვადასხვა ღონისძიება, მაგალითად, ისეთი როგორიცაა სასაზღვრო პუნქტების ინფორმირება და ა.შ.“

როგორც კახა გოგოლაშვილმა გვითხრა, საქართველო ამ გადაწყვეტილებით მიიღებს გადაადგილების თავისუფლებას, რაც ერთ-ერთია ევროპული ინტეგრაციის დამკვიდრების პროცესში არსებული ოთხი მთავარი თავისუფლებიდან და რაც საქართველოს მნიშვნელოვნად დააახლოებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან. ეს ფაქტი, შესაძლოა, ასევე გახდეს საკმაოდ დიდი დარტყმა ევროსკეპტიციზმისთვის და კიდევ უფრო გაზარდოს ევროპული ვექტორის მიმართ მოქალაქეების მხარდაჭერა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG