Accessibility links

logo-print

საქართველო - ღია მმართველობისაკენ მიმავალ გზაზე


„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია

3 ივნისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ევროპის რეგიონული კონფერენცია, რომელზეც საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა შეკრებილ საზოგადოებას ღია მმართველობის კუთხით გატარებულ რეფორმები და, ამ მხრივ, ქვეყანაში არსებული ვითარება გააცნეს. საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი გასულ წელს გახდა და 64 ქვეყანასთან ერთად აიღო მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც ქვეყნის საჯარო უწყებებში ორი წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს. ამისათვის საქართველოს მთავრობამ 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმაც შეიმუშავა.

ღია მმართველობის საერთაშორისო ინდექსის 2015 წლის მონაცემებით, 102 ქვეყანას შორის საქართველოს 29-ე ადგილი უკავია. უმაღლესი, 1 ქულიდან საქართველოს მაჩვენებელი 0,61-ია. საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს ქულა კიდევ ერთი დასტურია იმ პროგრესისა, რომელსაც ქვეყანამ, ღია მმართველობის თვალსაზრისით, უკვე მიაღწია. როგორც 3 ივნისს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, ევროპის რეგიონული კონფერენციის გასამართავად თბილისიც სწორედ ამ წარმატების გამო შეირჩა.

„ჩვენი რეფორმების დამსახურებაა, რომ მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის საქართველოს ღია მმართველობის ინდექსის კუთხით 29-ე ადგილი უკავია. დღეს, ჩვენ, როგორც მმართველი კომიტეტის წევრსა და რეფორმატორ ევროპულ ქვეყანას, გვხვდა ეს პატივი ამ კონფერენციის მასპინძლობისა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ინსტიტუციონალურ კულტურაშია ცვლილება აუცილებელი. და, სწორედ, მმართველობის კულტურის ცვლილებაა ღია მმართველობის ინიციატივის ძირითადი პრინციპი. მე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კაბინეტის წევრები არიან მოტივირებულები, რომ ამ პროცესში კიდევ მეტი გააკეთონ...

საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები მიღწევებით კმაყოფილებას არ მალავენ. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი გამოსვლაში აღნიშნა, რომ ღია მმართველობა ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, იდეა ან ინიციატივა:

„ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ინსტიტუციონალური დემოკრატიის დამკვიდრებისათვის ქვეყანაში მხოლოდ ინსტიტუტების ცვლილება საკმარისი არ არის. ზოგადად, ინსტიტუციონალურ კულტურაშია ცვლილება აუცილებელი. და, სწორედ, მმართველობის კულტურის ცვლილებაა ღია მმართველობის ინიციატივის ძირითადი პრინციპი. მე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კაბინეტის წევრები არიან მოტივირებულები, რომ ამ პროცესში კიდევ მეტი გააკეთონ“.

კონფერენციაზე ცალკე პრეზენტაციით წარსდგა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. მისი განცხადებით, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, უკვე დაინერგა ონლაინ კონსულტაციის მექანიზმები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი ხელმისაწვდომი გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, შეიქმნა და გამოქვეყნდა შსს-ს არქივში დაცული დოკუმენტების ელექტრონული კატალოგები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მხოლოდ პარლამენტის სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია ღია მმართველობის მისაღწევად საკმარისი არ არის და რომ საჭიროა საქართველოს ყველა მოქალაქეს ესმოდეს, თუ რა კანონს იღებს პარლამეტი და რისთვისაა ეს კანონი საჭირო.

3 ივნისს ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უახლოეს ხანში გაიმართება ელექტრონული პეტიციის პროექტის პრეზენტაცია. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნინო კობახიძის განმარტებით, ხუთი ათასზე მეტი ელექტრონული ხელმოწერის შემთხვევაში, პეტიციას მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ რეგიონულ კონფერენციას, 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციის წევრების გარდა, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, გიორგი კლდიაშვილი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე შესასრულებელი რეკომენდაცია:

გიორგი კლდიაშვილი

გიორგი კლდიაშვილი

„მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ დავასრულოთ მუშაობა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონზე, რომელიც საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ნაწილია“.

ღია მმართველობის შესახებ მთავრობის პირველი პირების განცხადებებს მალევე მოჰყვა ზოგიერთი ჟურნალისტის კრიტიკული გამოხმაურებაც. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი, რომელსაც ხშირად უწევს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, ამბობს, რომ ბოლო დროს „საჯარო ინფორმაციის მიღება უკიდურესად გართულებულია“. გელა სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზეც წერს და რადიო თავისუფლებასთან საუბარშიც ადასტურებს, რომ, მაგალითად, პასუხს კითხვაზე, თუ რის საფუძველზე განხორციელდა საკადრო ცვლილებები კახეთის სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, თვეების განმავლობაში ელოდა. ამ ინფორმაციის მისაღებად, როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებ-საიტზე ვკითხულობთ, ჯერ ადმინისტრაციული საჩივრის მომზადება დასჭირდა, რომელიც გუბერნატორის ადმინისტრაციამ არ განიხილა, შემდეგ თელავის სასამართლოში სარჩელის წარდგენა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, შემდეგ კი თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვა. საჯარო ინფორმაციის მიღებისთვის ამ კონკრეტულ ბრძოლაში, ჯამში, წელიწადი და ერთი თვე დაიხარჯა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG