Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო გლობალური ტერორიზმის კონტექსტში


ბრიუსელში პატივს მიაგებენ ტერაქტების დროს დაღუპულთა ხსოვნას
ბრიუსელში პატივს მიაგებენ ტერაქტების დროს დაღუპულთა ხსოვნას

ბელგიის დედაქალაქში 22 მარტს განხორციელებული ორი ტერორისტული აქტის კვალდაკვალ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები ქვეყნის საზღვრებზე და აეროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე. მსგავს ღონისძიებებს მიმართეს საქართველოში 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერაქტის შემდეგაც. რა გამოწვევებს წარმოშობს გლობალური ტერორიზმის საფრთხე საქართველოსთან მიმართებით?

„შსს-ს საპატრულო პოლიცია როგორც ქვეყნის პერიმეტრზე, ისე მის მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე გამოიყენებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფრო მაღალი დონის ზომებს” - ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლის თანახმადაც, საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად გააკონტროლებს მოსახლეობის ინტენსიური გადაადგილებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ადგილებს.

არსებობს თუ არა საქართველოში ტერორიზმის ხიფათი და რამდენად საკმარისია მსოფლიო ლიდერების ძალისხმევა იმისათვის, რომ ტერორიზმის საფრთხე იყოს შემცირებული - ეს კითხვა ბევრს უჩნდებაო, ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში. მისი თქმით, შეუძლებელია დასახელდეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის რაიმე ერთი და ყველაზე ეფექტური მეთოდი, ვინაიდან თვითონ ტერორისტული ორგანიზაციები არ არის ერთგვაროვანი:

გიორგი გობრონიძე
გიორგი გობრონიძე

„მათი მოქმედებები არ არის ერთგვაროვანი და ძალიან რთულია წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ სად, როგორ ობიექტზე, ვის მიერ, რა მიზნებით და რა მიზეზით მოხდება ესა თუ ის ტერორისტული თავდასხმა. ამიტომ ძნელია იმის თქმა, რომ შესაძლებელია ზომების მოძებნა, რომელიც აუცილებლად მოგვიტანს სასურველ შედეგს ტერორიზმთან ბრძოლაში“.

გიორგი გობრონიძის თქმით, თვითონ ტერორიზმის ერთგვარი განმარტებაც კი არ არსებობს. ერთნი მას უყურებენ როგორც დანაშაულს, მეორენი - როგორც სოციალურ მოვლენას, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ტერორიზმი ეს არის შიშის იდეოლოგია. ამიტომაც ტერორისტების - ამ შემთხვევაში კი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ - ინტერესია მათ მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტები იყოს რეზონანსული იმის საჩვენებლად, რომ უძლიერესი სახელმწიფოებიც კი უძლურნი არიან. ამ თვალსაზრისით, საქართველო მათ ინტერესში ვერ ექცევა:

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარის ბესიკ ალადაშვილის თქმით, საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნედ ნაკლებად შეიძლება განვიხილოთ, თუმცა აქ ვითარების დაძაბვა შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბული ფონის შექმნით იქნეს მიღწეული. უშუალოდ ტერორისტულ საფრთხეზე საუბრისას, ბესიკ ალადაშვილი იმ საყურადღებო ადგილებზე სვამს აქცენტს, რომელთა მიმართაც სიფრთხილე თითოეულ მოქალაქეს მართებს:

„პირველი რიგის საფრთხე, ალბათ, საქართველოში განლაგებული ისეთი ქვეყნების საელჩოები და საკონსულოებია, რომლებთანაც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს „ისლამურ სახელმწიფოს“ ან სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს. რა თქმა უნდა, მეტროში და სხვა ინფრასტრუქტურის მიმართულებით ჩვენი თითოეული მოქალაქის მიერ უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული უცხო პიროვნებების მიმართ, უპატრონოდ მიტოვებული ნივთების მიმართ, იმ ავტომობილის მიმართ, რომელიც რამდენიმე დღეა გაუნძრევლად დგას. ეს არის ძირითადი მეთოდები, რასაც ტერორისტები იყენებენ ხოლმე“.

სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა მაინც რთული საკითხია. დაზვერვა ერთი ქვეყნის ეროვნული ინსტიტუციაა და მის ეროვნულ ინტერესებთან მიბმული და სხვადასხვა სამსახურები ისე არ თანამშრომლობენ, როგორც საჭიროა...
შორენა ლორთქიფანიძე

თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენლის შორენა ლორთქიფანიძის სიტყვებით, ტერორისტები სამიზნედ იღებენ განვითარებულ ქვეყნებს, მათი დასჯის მიზნით. საქართველოსთან მიმართებით ტერორისტულ საფრთხეზე საუბრისას შორენა ლორთქიფანიძე ტერორისტული ორგანიზაციების ფინანსურ რესურსზე ამახვილებს ყურადღებას და დასძენს, რომ არც მათი რესურსებია იმდენად დიდი, რომ გასწვდეს მრავალ ქვეყანაში ტერორისტული აქტების დაგეგმვასა და განხორციელებას.

შორენა ლორთქიფანიძის თქმით, დასავლური ორგანიზაციები ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ ძალიან კოორდინირებულად მუშაობენ, მაგრამ არის, მაგალითად, დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის დეფიციტი და ამას თავისი ობიექტური ახსნაც აქვს:

„სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა მაინც რთული საკითხია. დაზვერვა ერთი ქვეყნის ეროვნული ინსტიტუციაა და მის ეროვნულ ინტერესებთან მიბმული და სხვადასხვა სამსახურები ისე არ თანამშრომლობენ, როგორც საჭიროა. მე როგორც ვიცი, თვითონ ევროკავშირის სტრუქტურაშიც კი რაიმე ცალკე ინსტიტუცია, რომელიც სადაზვერვო საქმიანობაზე უსაფრთხოების სამსახურების კოორდინირებულ მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი, ჯერ არ არსებობს, თუმცა, როგორც ვიცი, ამის თაობაზე გარკვეული მოლაპარაკებები დაწყებულია“.

ტერორიზმის პრევენციის თაობაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან გენერალ ფილიპ ბრიდლავთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. თინა ხიდაშელის თქმით, პასუხი უნდა იყოს უსაფრთხოების პრევენცია ისე, რომ არ შეიზღუდოს ადამიანების თავისუფლება და არ ჩაიკეტოს საზღვრები.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG