Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორუფციის აღქმის ინდექსი - სტაბილური


ეკა გიგაური, ერეკლე ურუშაძე
ეკა გიგაური, ერეკლე ურუშაძე

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ 3 დეკემბერს გამოქვეყნებული კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 175 ქვეყანას შორის 50-ე ადგილს იკავებს 52 ქულით. გასულ წელთან შედარებით, მან პოზიცია სამი საფეხურით გაიუმჯობესა. მიუხედავად ბოლო პერიოდში საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯებისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შემდგომი პროგრესისთვის არაერთი მნიშვნელოვანი საკითხია გადასაჭრელი.

„საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ბოლო სამი წლის მანძილზე სტაბილურია და ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი ან უკუსვლა არ დაფიქსირებულა“, - ამის თქმის საფუძველს იძლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ 3 დეკემბერს გამოქვეყნებული კორუფციის აღქმის ინდექსი, რომლის მიხედვითაც, საქართველო 175 ქვეყანას შორის, 52 ქულით, 50-ე ადგილს იკავებს.

როდესაც ქვეყანას 52 ქულა აქვს 100 შესაძლებლიდან, ცხადია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ გაუმჯობესების პოტენციალი არის. ერთი მხრივ, საქართველო ამ რეიტინგში ლიდერია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის, ჩვენ ლიდერები ვართ რეგიონში...
ერეკლე ურუშაძე

თუკი მიღებულ ქულას განვმარტავთ, მაშინ უნდა ითქვას, რომ კორუფციის აღქმის ინდექსში ჩართულ ქვეყნებს ენიჭებათ 0-დან 100 ქულამდე. 0 ქულა მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში კორუფციის აღქმის ყველაზე მაღალი დონეა. წელს ასეთ ქვეყნებად ჩრდილოეთ კორეა და სომალი დასახელდა. კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი, 92 ქულა, დანიას ერგო. გასულ წელთან შედარებით, საქართველომ მდგომარეობა 3 ქულით გაიუმჯობესა, თუმცა, როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსი ერეკლე ურუშაძე განმარტავს, კორუფციის აღქმის ინდექსის მეთოდოლოგიის თანახმად, ქვეყანაში კორუფციის აღქმის დონის მნიშვნელოვან ცვლილებაზე საუბარი მისი მაჩვენებლის მხოლოდ ოთხი ან მეტი ქულით მატების ან კლების შემთხვევაში შეიძლება.

“როდესაც ქვეყანას 52 ქულა აქვს 100 შესაძლებლიდან, ცხადია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ გაუმჯობესების პოტენციალი არის. ერთი მხრივ, საქართველო ამ რეიტინგში ლიდერია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის, ჩვენ ლიდერები ვართ რეგიონში. ამავე დროს საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანასაც. ანუ, ერთი მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ლიდერია რეგიონში, ანტიკორუფციული რეფორმების თვალსაზრისით, მაგრამ, მეორე მხრივ, 52 ქულა იმასაც მიუთითებს, რომ ძალიან ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი, ანუ პრობლემები კვლავ გვაქვს”, - ამბობს ერეკლე ურუშაძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, როგორიცაა, მაგალითად, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების გაზრდილი გამჭვირვალობა, აუდიტის სამსახურის ეფექტური საქმიანობა, სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალე ელექტრონული სისტემა, თუმცა, ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ შემდგომი პროგრესისა და საქართველოში კორუფციის პრევენციის ეფექტური სისტემის ფორმირებისათვის აუცილებელია არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა. სწორედ ამ თემაზე ლაპარაკობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გენერალური დირექტორი ეკა გიგაური და ამბობს, რომ თუკი უკანასკნელ წლებში თითქმის სრულიად გაქრა კორუფცია დაბალ საფეხურზე, ელიტური კორუფცია ქვეყნისთვის კვლავაც პრობლემაა. ეკა გიგაურის აზრით, იმისათვის, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს კორუფციის აღქმის დონის მაჩვენებელი, პირველ ეტაპზე, მაგალითად, საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყება, რომელიც კორუფციის კომპლექსური ფორმების - მათ შორის, ელიტური კორუფციის - პრევენციისთვის აუცილებელი უფლებამოსილებებით და რესურსებით იქნება აღჭურვილი.

„ჩვენი ყველაზე დიდი შეთავაზება ხელისუფლებისადმი, არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ანტიკორუფციული სამსახური, დამოუკიდებელი უწყება, რომელიც დაექვემდებარება, პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტს და რომლის ხელმძღვანელის შერჩევის წესი იქნება განსაზღვრული კანონმდებლობით და ეს იქნება უწყება, რომელიც გამოავლენს ელიტური კორუფციის ფაქტებს“, - ამბობს ეკა გიგაური.

დღესაც ვხვდებით ჩვენ ნეპოტიზმის ფაქტებს, რაც ნამდვილად არის კორუფცია. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოირიცხოს ასეთი ტიპის ქმედებები და დაიწყოს საჯარო სამსახურის სიღრმისეული რეფორმა...
ეკა გიგაური

არის კიდევ რამდენიმე გამოწვევა, რაც, ეკა გიგაურის აზრით, საქართველოში კორუფციის პრევენციის თვალსაზრისით აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯებია. მათ შორის, უნდა შეიქმნას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონაცემთა გადამოწმების მექანიზმი და ასევე საჯარო სამსახურში მიღებისა და საჯარო სამსახურიდან დათხოვნის გამჭვირვალე სისტემა, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებსა და ნეპოტიზმს ამ სფეროში:

„დღესაც ვხვდებით ჩვენ ნეპოტიზმის ფაქტებს, რაც ნამდვილად არის კორუფცია. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოირიცხოს ასეთი ტიპის ქმედებები და დაიწყოს საჯარო სამსახურის სიღრმისეული რეფორმა“.

კიდევ ერთი ყურადსაღები გამოკვლევის მიხედვით, რომელიც სამი კვირის წინ საერთაშორისო ორგანიზაცია Trace international-მა გამოაქვეყნა და რომელიც ასევე კორუფციის აღქმისა თუ კორუფციული რისკების თაობაზე მოიცავს ინფორმაციას, ორგანიზაციამ საქართველო კოფურციის დაბალი რისკის ქვეყნებს მიაკუთვნა. შეფასება ეფუძნება ოთხ კრიტერიუმს: ბიზნესის ურთიერთობა მთავრობასთან, რაც გულისხმობს რეგულაციების სიმარტივესა და ქრთამის მოთხოვნის მოლოდინის არარსებობას ბიზნესსექტორში; ანტიკორუფციული კანონები და მათი აღსრულება; სახელმწიფო სერვისების გამჭვირვალობა; სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგის შესაძლებლობა, რაც მოიცავს მედიის თავისუფლებასა და სოციალური განვითარების დონეს. ოთხ კატეგორიაში მიღებული ქულების დაჯამებით, საქართველომ 197 ქვეყანას შორის მე-11 ადგილი დაიკავა და გაუსწრო ისეთ ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა ნორვეგია, ჰოლანდია, საფრანგეთი.

არის თუ არა საქართველოში კორუფცია? - ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ რიგით მოქალაქეებს მიმართა. მათი უმეტესობა ფიქრობს, რომ დღეს საქართველოში გაცილებით ნაკლებადაა კორუფცია, თუმცა ამ საკითხზე გადაჭრით ლაპარაკი უჭირთ:

- მე კმაყოფილი ვარ. არის წესრიგი, თავისუფლება და დღეს კორუფციას ვერ ვხედავ.
- ალბათ, არის, მაგრამ არ ჩანს.
- არ არის. ჩემი აზრი ასეთია.
- არა მგონია. მე არ მქონია ასეთი შემთხვევა.
- მე ვფიქრობ, რომ არის. მართალია, პირადად მე არ შემხებია ეს საკითხი, მაგრამ მესმის, რომ კორუფცია კიდევ არსებობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2015 წლის თებერვალში აპირებს გამოაქვეყნოს კორუფციისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის უფრო დეტალური ანალიზი, სადაც შეფასებული იქნება საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემა.

XS
SM
MD
LG