Accessibility links

logo-print

ბალტიისპირა სახელმწიფოები რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს ინტერესების დასაცავად


მეგობარი ქვეყანა ლატვია კვლავაც მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების პროცესში, იმედით უყურებს უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას საქართველოს მოქალაქეებისთვის და ურჩევს საქართველოს გააგრძელოს რეფორმები დემოკრატიული განვითარების გზაზე – ამ შინაარსის განცხადებები ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა 24 ნოემბერს თბილისში სტუმრობის დროს გააკეთა. რა როლის შესრულება შეუძლიათ ბალტიისპირა ქვეყნებს და, მათ შორის, ლატვიას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმის პროცესში? და რატომ არის სასარგებლო საქართველოსთვის ბალტიისპირელი პარტნიორების ხისტი პოზიცია რუსეთთან მიმართებით?

წლის ბოლოსთვის ჩვენ ყველანი ველოდებით ევროკომისიის ანგარიშს სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ, საქართველომ მიაღწია პროგრესს და ჩვენ ყველას გვინდა, რომ ეს ანგარიში დადებითი იყოს, – აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი და ფიქრობს, რომ როგორც კი ანგარიში გამოქვეყნდება, „აღარ დარჩება მიზეზი, რომ (სავიზო ლიბერალიზაციის თაობაზე) გაჭიანურდეს პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღების პროცესი“ და ეს იმიტომ, რომ საქართველომ გადადგა ყველა საჭირო ნაბიჯი და ახლა ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს თავისი დაპირება.

ევროპულ ოჯახთან დასაახლოებლად, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური ხასიათის რეფორმები თუ სასამართლოს სისტემის რეფორმირება. ამ უკანასკნელ აქცენტზე და კიდევ თავისუფალი მედიის როლზე ედგარს რინკევიჩსმა უფრო ვრცლად ისაუბრა და საკითხი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში წარმოაჩინა:

„სახეზეა დადებითი შედეგი, ახალი კანონმდებლობის სახით, რომელიც მთავარი პროკურორის ოფისს უკავშირდება. მე აღვნიშნე, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია გქონდეს ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო, მაგრამ, ასევე, თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს ძლიერი და დამოუკიდებელი მედია. ეს ყველაფერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოახლოებული პოლიტიკური პროცესის ფონზე – არჩევნებია მომავალ წელს“.

ეს განცხადებები ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა, – მანამდე, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდებოდა და, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი და მტკიცე მხარდაჭერის ნიშნად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიას დაათვალიერებდა.

„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ლატვიას ქართველი ხალხის სახელით იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველო იღებს ლატვიისგან უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როცა ხდება საქართველოს ახალი ისტორიის ფორმირება ევროპასთან ერთად“ - ეს უკვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე–პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის სიტყვებია, 24 ნოემბერს ერთობლივ პრესკონფერენციაზე წარმოთქმული. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ლატვიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და თქვა, რომ საქართველოს აქვს მეგობარი ლატვიის იმედი ნატოსთან დაახლოების გზაზე. ცალკე გამოიკვეთა ასევე ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებითაც:

„ჩვენი შეხვედრისას მიმოვიხილეთ საქართველოს ევროპული დღის წესრიგის საკითხები ევროპული მისწრაფებების გზაზე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობა და ვისაუბრეთ ამ მიმართულებით პროგრესის მნიშვნელობაზე. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე – თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, დღეს განსაკუთრებით, ვიზალიბერალიზაციის მიღება ევროკავშირისგან და მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგა მინისტრს ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისათვის“.

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან მიმართებით ლატვიისა და სხვა ბალტიისპირა სახელმწიფოების მხრიდან ლობირებას საგანგებო მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტოლოგი ირაკლი ცქიტიშვილი და ჩვენთან საუბრისას ის ამ საკითხს დიდწილად უკავშირებს წლის ბოლოსთვის დაგეგმილ ნატოს მინისტერიალს, მომავალი წლის ნატოს სამიტსა და ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამასთან, ირაკლი ცქიტიშვილი ბალტიისპირა სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოსთვის ერთი მეტად პრინციპული საკითხის ჭრილში განიხილავს: საქართველოს სჭირდება მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა, რომ რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემა არ იქნეს დავიწყებული, ტერორიზმთან დასავლეთის გლობალური ბრძოლის ფონზე. გავიხსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ მედია აქტიურად აშუქებდა ფაქტს, რომ ბალტიისპირა სახელმწიფოთა ლიდერებმა წინასწარ უარი განაცხადეს ახალ ანტიტერორისტულ კოალიციაში რუსეთთან ერთად გაერთიანებაზე. მაგალითად, ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ შეახსენა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რუსეთს დღემდე აქვს სამხედრო კონფლიქტი უკრაინასა და საქართველოსთან.

„ბალტიის ქვეყნებმა თქვეს, რომ ევროკავშირში ყველა არ ეთანხმება ამ პოლიტიკას და არ არიან მზად შეკრან კოალიცია რუსეთთან. ცხადია, მათაც ესმით, რომ მათ პოზიციაზე არ არის დამოკიდებული ისეთი გლობალური უსაფრთხოების საკითხები, როგორიც ეხება სირიას, მაგრამ ეს მათი პოლიტიკური დამოკიდებულება იყო და ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ რუსეთი მათთვის ისეთივე მიუღებელი მხარეა, როგორიც სირიაში ტერორისტების მხარე“.

ირაკლი ცქიტიშვილი დარწმუნებულია, რომ, მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ბალტიისპირა ქვეყნებს კარგად ესმით, თუ რას განიცდიან მოცემულ სიტუაციაში რუსეთის მიერ შევიწროებული უკრაინა და საქართველო და თავიანთი აქტიურობით ისინი იძლევიან იმედს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს დახუჭავს თვალს რუსეთის აგრესიაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG