Accessibility links

logo-print

თავდაცვის მინისტრი: ნატოსკენ გზაზე საქართველოსთვის MAP-ი არ არის ამოცანა


ნატოს ვარშავის სამიტამდე 3 თვით ადრე საქართველოში ისევ გამოვლინდა ვნებათაღელვა თემაზე – სჭირდება თუ არა საქართველოს გაწევრიანების სამოქმედი გეგმა (MAP). კამათი და დისკუსია ამჯერადაც თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებას მოჰყვა. მისი განცხადებით, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ნატოში გაწევრიანების ამოცანა ამოძრავებს და ამ გზაზე ზედმეტია MAP-ზე ფიქრი.

„MAP-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის“, – უთხრა 19 აპრილს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს და, თუკი მისი განცხადების შინაარსით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ ნატოში გაწევრიანების მიზნისკენ მიმავალგზაზე საქართველოს MAP-ის მიღების ამოცანა არ ამოძრავებს:

“2015 წლის დეკემბრის მინისტერიალზე, პრინციპში, ეს ასეც ითქვა, რომ MAP-ი გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი და მას აღარაფერი საერთო აღარ აქვს პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან. შეგახსენებთ, დოკუმენტში ცალსახად ჩაიწერა, რომსაქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანების გზაზე. ამიტომ გაწევრიანების გზაზე ჩვენთვის MAP-ი არ არის ამოცანა, გაწევრიანების გზაზე ჩვენთვის ამოცანა არის გაწევრიანება”.

ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველო პროგრესის მიღწევას განაგრძობს... კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ მიერ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც ასევე გულისხმობს MAP-ის საჭიროებას...

მინისტერიალმა, რომელსაც თინა ხიდაშელი ამ კომენტარში ახსენებს, ბევრს აბსოლუტურად განსხვავებული შთაბეჭდილება დაუტოვა. მართალია, 2015 წლის დეკემბრის დასაწყისში ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ დამტკიცებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს ქვეყნის სამომავლო გაწევრიანებისთვის, მაგრამ ამავე ტექსტში ნახსენებია გაწევრიანების სამოქმედო გეგმაც (MAP), როგორც აუცილებელი ინსტრუმენტი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, ანუ ნატოში საქართველოს გაწევრიანების დაპირების, აღსასრულებლად. MAP-ის გვერდის ავლა რომ შეუძლებელია საქართველოსთვის, ამ საკითხზე 2015 წლის 2 დეკემბერს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც ილაპარაკა:

​„ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველო პროგრესის მიღწევას განაგრძობს... კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენ მიერ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაც ასევე გულისხმობს MAP-ის საჭიროებას. მუდმივად ასეთია ჩვენი მიდგომის ნაწილი. MAP-ი იგულისხმება იმ პროგრესის მოთხოვნებში, რომლის მიღწევასაც ჩვენ საქართველოსთან ერთად ვაპირებთ“.

ის, რაზეც იენს სტოლტენბერგი ლაპარაკობს და რაც 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალის ფარგლებში დამტკიცებულ დეკლარაციაშიც არის ასახული,ოპტიმისტურად აღიქვეს თბილისში. მაშინ ცალკეულმა თანამდებობის პირებმაც აღნიშნეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც იყო ნათქვამი, რომ MAP-ი, „ფაქტიურად, ხდება საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად მიწვევის თაობაზე მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი“.

თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი

იგივე გაიმეორა 19 აპრილს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმაც. თუმცა, პოლიტიკური ოპონენტების გარდა, მას არც ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ეთანხმება. „ვის უფრო უპრიანია რომ დავუჯეროთ – ნატოს გენერალურ მდივანს სტოლტენბერგს თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ხიდაშელს?“ – ასეთია რიტორიკული შეკითხვა, რომელიც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ დასვა და იქვე წუხილიც გამოხატა, რომ, წინა ხელისუფლების მსგავსად, ნატოს თემაზე პოლიტიკურ სპეკულაციებს ამჟამინდელ ხელისუფლებაშიც მიმართავენ.

ზაალ ანჯაფარიძე უკვე დიდი ხანია ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე საქართველოს აუცილებლად დასჭირდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება:

„საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ინსტრუმენტები, წმინდა სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით, რაც გათვალისწინებულია MAP-ით და რაც აქვთ ან არა აქვთ ამჟამად MAP-ის მქომე ქვეყნებს... მაგალითად, ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი, ჩვენ გვაქვს ნატოსთან თანამშრომლობის მაღალი დონე და ინსტრუმენტები, მაგრამ არის საკითხის პოლიტიკური სტრატეგიული განზომილება, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ რა ეტაპზე მიენიჭოს საქართველოს MAP-ი. როგორც ჩანს, ეს ეტაპი ჯერჯერობით არ დამდგარა“.

ნატოში გაწევრიანების გზაზე MAP-ის საჭიროებას არც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი უარყოფს, თუმცა ის თვლის, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებას საქართველო უახლოეს მომავალში ვერ შეძლებს და ეს არც ვარშავის ივლისის სამიტზეა შესაძლებელი. ამ მხრივ ხელისშემშლელ ფაქტორად ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს რუსეთის ფაქტორს და თვლის, რომ საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში პოლიტიკური გადაწყვეტილება ესაჭიროება.

თუ არა MAP-ის, მაშინ რის მოთხოვნას აპირებს ვარშავის სამიტზე საქართველო?

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის 19 აპრილის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ვარშავის სამიტზე საქართველო მოითხოვს ალიანსში გაწევრიანებას, თუმცა ერთია მოითხოვდე რაღაცას და მეორეა – ელოდებოდე ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას. თავდაცვის მინისტრის თქმით, ვარშავიდან წამოღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დამაკმაყოფილებელი, თუკი ის არსებითად შეცვლის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG